fbpx

რუბრიკა #მომწონს – დუდის ყვავილების ქარხანა და ლილუ ლილიებით


გააზიარე სტატია

“ყვავილების ქარხნის” ჭიშკარი პირველად 3 წლის წინ, 14 დეკემბერს გაიხსნა. პროფესიით მხატვარს, დუდი ფოფხაძეს აქ მაღაზიის გაკეთების იდეა  მაშინ გაუჩნდა, როდესაც ღვინის ქარხანა ჯერ კიდევ უფუნქციო იყო. 

ყვავილების ღია მაღაზიის კონცეფცია,  ნაწილობრივ, თვითონ ადგილის თავისებურებამაც განსაზღვრა.

აქ  “ცელოფნებში, გადასკოჩილი, რეანიმაცია გამოვლილი” ყვავილების საპირისპირო  პროდუქციის გაყიდვის იდეა სისრულეში მოიყვანეს. ყვავილების ქარხანა ვერაზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხედ და ყველაზე ხშირად გადასაღებ ადგილად იქცა.

თუკი ყვავილების ქარხანასთან მოხვდი, შეუძლებელია  ვერ შეამჩნიო და აღტაცებული არ დარჩე, თვითონ რომ ყვავილს ჰგავს ისეთი ლილუთი. ლილუ ნუცუბიძე 16 წლისაა, სკოლაში სწავლობს, მაგრამ აქ მეყვავილედ მუშაობა იმიტომ დაიწყო, რომ  თავისუფალი დრო ებევრებოდა. 

 

 

“უკვე 6 თვე გავიდა, რაც აქ ვმუშაობ, სხვათა შორის, არასდროს არ მიფიქრია ამ განხრით, ანუ ყვავილების მაღაზიაში მუშაობაზე, ბავშვობიდან ან ექიმობა მინდოდა ან მხატვრობა, მაგრამ ამჯერად ფსიქოლოგობაზე შევჩერდი. ჩემი თანატოლები ხშირ შემთხვევაში არ მუშაობენ, მაგრამ ძალიან ბევრს უნდა მუშაობა.  ზოგს ძალიან უკვირს, როდესაც იგებენ, რომ  ვმუშაობ და მერე კი ავტომატურად მათაც უნდებათ”.

 

რაც შეეხება თავად ლილუს საყვარელ ყვავილებს: 

“მე მაქვს ორი საყვარელი ყვავილი – ლილია და ირისი, ორივე თავისებურად ლამაზი და განსაკუთრებულია. ჩემთვის მორთმეული ყველაზე ლამაზი თაიგულები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი, ბაბუაჩემმა რომ მაჩუქა 8 მარტს, ბავშვობაში, პირველი თაიგული ეგ იყო”.

 

ჯილდა, ლილუ, ნანა, გიორგი, ოთო, ვეფხვია … დღეს ეს დუდის გუნდია. ის თავადაც ხშირად დგას დახლთან. 

დუდიმ ერთი საიდუმლოც გაგვანდო: “საიდუმლოსაც გაგიმხელ – თუ მე ვდგავარ და ვმუშაობ, დღეს ვიწყებ საჩუქრით, გარეთ გავდივარ და ცუდ ხასიათზე ვინც მოდის, გამვლელი, იმას ვჩუქნი. ეგეთი წესი მოვიგონე ჩემთვის ). ვაჭრები “სიფთას” ზემოდან გადაატარებენ ხოლმე (კუპიურებს), რომ კარგი ვაჭრობა ჰქონდეთ )) მე, როგორც ვაჭარი ვერ გამოვდექი და არც მქონდა დიდი სურვილი, გულწრფელად რომ გითხრა, არც ნიშნების მჯერა და საკუთარი თავის “დასაქოქად” ასე ვირთობ თავს. 

დუდის “გართობა” კი ჩვენი ქალაქისთვის ისეთ კუთხედ იქცა, რომელზეც თამამად ვწერთ – #მოგვწონს, თანაც ძალიან!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.