fbpx

ორი ლარედო – ანა ძიაპშიპას ფოტომოგონებები აშშ-მექსიკის საზღვრიდან


გააზიარე სტატია


ავტორი: ანა ძიაპშიპა

 

როგორც ჭეშმარიტი Flâneur (მოხეტიალე), იზოლაციის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ჩაკეტილ საზღვრებში და სახლში გამოკეტილი განსაკუთრებულად დავიტანჯებოდი. აღმოჩნდა, რომ “უმიზნოდ ხეტიალი” არ ყოფილა მხოლოდ ფიზიკური გამოცდილება და ეს  თავისუფლად შემძლებია წარმოდგენებსა და მეხსიერებაშიც. წარსულში ბოდიალი ჩემივე ფიზიკურ მოგზაურობებს  უკავშირდება. სადღაც მოვკარი ყური –  “მეხსიერებას შვებულებები განსაზღვრავს”, ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც მომწონს. ჩემი მეხსიერება კი ამ შემთხვევაში რამდენიმე მყარ დისკზე ეტევა. გადავწყვიტე, ნელ-ნელა გავხსნა ყუთები და “მტვრიანი” ფოტოები ამბებად ვაქციო. 

ორი ლარედო 

ახლა იმის გაფიქრებაც კი მაშინებს, რომ ტექსასში ყოფნისას მარტომ ვიქირავე მანქანა და მექსიკის საზღვრისკენ მეგობართან შესახვედრად  წავედი.

ქანთრის დიდი თაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ თვალუწვდენელ და სწორ ტრასაზე  ნამდვილად გავხდი –  გამოცდილებით გავიგე, რას ნიშნავს ეს მუსიკა და შემიყვარდა. პერიოდულად გვერდზე, ცარიელი სკამისკენ ვიხედებოდი და წარმოვიდგენდი, ვინ შეიძლება მჯდარიყო იქ. თან მარტო ყოფნაც მომწონდა.

როგორც იცით, სურვილები და ოცნებები საკმაოდ საშიშია. მეც გზაზე შერიფმა გამაჩერა. ეს ამბავი ბევრჯერ მომიყოლია. რამდენიმე წუთი მომსდევდა, მე კიდევ არ ვუჩერებდი, ვერ მივხვდი, მე რატომ უნდა გამომკიდებოდა სირენით, საკმაოდ გვიან გადავაყენე და ბევრიც ვილაპარაკეთ. გაფრთხილება გამომიწერა, ჩემმა ოსტინელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ პრინციპში სროლაც შეეძლო დაუმორჩილებლობაზეო. 

ქალაქ ლარედოში საკმაოდ დაღლილი ჩავედი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მეორე დღეს მექსიკის ლარედოში უნდა გადავეყვანე, საოცარი სასტუმრო დამახვედრა, რომელიც ზუსტად საზღვარზე იდგა – ერთი  მხრიდან რიო გრანდე ჩანდა, მეორედან რიო ბრავა. ერთი მდინარე სხვადასხვა სახელით. 

როგორც ჩანს, საზღვრების კვეთა ჩემი კარმაა. ჩემი მასპინძელიც ქალია – ლესლი  – ნახევრად ამერიკელი, ნახევრად მექსიკელი, თავისი იდენტობის  მუდმივ ძიებაში – საზღვრების დედოფალი. ლარედოში ყველაფერი სარკისებურია, მათ შორის ლესლიც,  ჩემთან რომ ჩამოვა ოდესმე, მიხვდება რას ვამბობ. 

სანამ საზღვარზე გადავიდოდით, სასაუზმოდ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფოტოებით გაფორმებულ ოჯახურ სასადილოში გავედით. ამ მოგზაურობას ზუსტად ეს გემო და სუნი დაჰყვება, რაც ამ საოცრად გემრიელ სასაუზმეში იყო. 

ჩვენი მაგიდის დეკორაციულმა ბანქომ კიდევ ერთხელ მიმანიშნა ჩემი და ზოგადად, ცხოვრების დუალიზმზე.

ყველა პრობლემური სასაზღვრო ხიდი ერთმანეთს ჰგავს. უცნაური გამოცდილებაა ჩემთვის ახალ ქვეყანაში რიგების და შემოწმების გარეშე შესვლა, საბუთებიც კი არავის უნახავს, ისე გადავედით მექსიკის ლარედოში. 

სადღაც ხიდის შუაში სარკისებურობის და გაორების შეგრძნება დამიბრუნდა. 

ესკალატორთან საზღვრის ბუ ეკიდა, მაგრამ ხომ იცით, “ბუები არ არიან  ისინი, ვინც გვგონია”, მე მაინც  ისე აღვიქვი, როგორც თილისმა.

პირველი შთაბეჭდილება, რაც საზღვარზე მქონდა, მექსიკაში სტომატოლოგიური კლინიკების სიმრავლე იყო.

მერე ისევ ეს სარკისებური განწყობა – მსგავსება და განსხვავება ორ სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქს შორის. 

 

რამდენიმე დღეში ლესლი და მე ოსტინში ერთად დავბრუნდით. საზღვრის გადალახვა ორივესთვის ყოველთვის განსაკუთრებულია, რაც ტრავმას და მის დაძლევას უკავშირდება. 

საზღვრების მუდმივი კვეთა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიხაროდა, ლესლი რომ მახლდა – ამ ერთი შეხედვით სრულიად უცხო, მაგრამ მაინც მშობლიურ გარემოში. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.