მოგზაურობა თუშეთში: “ჩემი სამზეო” და კულინარიული მასტერკლასები
ავტორი: ანი ქისტაური
ფოტო: გიორგი შერმაზანაშვილი
სიტყვა “თუშეთის” ხსენებაზე პირველი, რაც მაგონდება, ლელა თათარაიძის სიმღერაა, რომელიც მრავალი წლის წინ ფშავში მოვისმინე.
როცა ჩემს სოფელში ინტერნეტი უცხო ხილი აღარ იყო, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის ფოტოების შეგროვება დავიწყე, ალბომს “ჩემი სამზეო” დავარქვი და დავაკისრე მისია, “ქურდულად შემოპარული ნისლების”, ხავერდოვანი ტყეებისა და თვალუწვდენელი მთაგრეხილების მხარის წარმოდგენაში დამხმარებოდა.
მოკლედ, ოცნებები იქით იყოს და, მივდივართ თუშეთისკენ. ნისლია. მგზავრობისგან დაღლილს და წინა ღამის უძინარს თვალები მეხუჭება. ამ გზაზე გარდაცვლილთა გადიდებული სურათები ლანდებივით ჩნდებიან და ქრებიან. საპირისპიროდ მომავალი ტრანსპორტი რომ შეგვხვდეს, გვერდის აქცევა გაჭირდება.
ჩვენთან ერთად ფოტოგრაფი გიორგი შერმაზანაშვილიცაა, ამბობს, თუშეთი არაფოტოგენური მხარეაო. მიკვირს – აქამდე ნანახი ვიზუალური მასალა საპირისპიროს მეტყველებს. თუმცა, აი, ჩვენც მოვედით და ახლა კი ვხვდები, რასაც გულისხმობდა თავის არაპოპულარულ მოსაზრებაში: ფოტოგრაფიას, კინემატოგრაფიას და ნებისმიერ ცნებას, რომელიც “გრაფიაზე” მთავრდება და რაიმეს ვიზუალს გადმოსცემს, ძალიან გაუჭირდება ეს ხელთუქმნელი სამყარო დანაკარგის გარეშე აღბეჭდოს.
ომალოში წვიმს, ამიტომ სასტუმროში ვრჩებით და ვიტრაჟებს მიღმა, ტყის თავზე კარაქივით გაგლესილ ღრუბლებს გავყურებთ, რომლებსაც მალე ფერწასული მზის სხივები შლიან. ჰაერი გამჭვირვალეა და გზა კესელოს ციხისკენ – ხსნილი. ფერდობები კესანებით, ყაყაჩოებითა და გვირილებით შეფენილა. ზემო ომალოს ფიქალის სახურავიან სახლებს გადმოვყურებთ. დასავლეთიდან ნისლი მოიწევს. სიჩუმეა, უწონადობა, გარშემო წვერწამახული მთები აღმართულან. მეც აქ ვარ, ცოცხალი, ამ სამყაროს ნაწილი; ის პატარა თუში ბიჭებიც აქვე უნდა იყვნენ, “ბილიკზე რომ მიტანტალებენ”…
დღე მეორე:
თუშეთის ვიზიტორთა ცენტრი, დართლო, შენაქო
პირველ მასტერკლასს ომალოს ვიზიტორთა ცენტრში თუშური ხინკლის მომზადებით ვიწყებთ. ადგილობრივების თქმით, რაც უფრო ძველია ხორცი, ხინკალი მით უფრო გემრიელი გამოდის. თუშები ხინკლის მომზადებამდე, წინასწარ დამარილებულ ცხვრის ხორცს ერთი დღის განმავლობაში წყალში ალბობენ, შემდეგ კი კეპავენ. დაკეპილ ხორცს საკმაზად მხოლოდ კვლიავს, წყლის ქონდარს ურევენ.
თუშური ხაჭაპური, იგივე კოტორი, უსაფუარო ცომით მზადდება. ცომი ძალიან თხელი უნდა იყოს, მის გულსართად კი წინასწარ მომწიფებულ ხაჭოს იყენებენ. რამდენიმე დღის განმავლობაში სითბოში მოთავსებული ხაჭო კოტორში ისეთი წელვადი ხდება, მოკბეჩისას შეიძლება თვალიც ვერ გააწვდინო.
შემდეგი კერძი “საწება და სახვრეტაა”. პირველად მესმის. საწება ველური ბალახი ყოფილა, რომელიც სახვრეტაში, აუდუღარ, შედედებულ რძეში ამოწებული იჭმევა.
ამასობაში “მწველი არაყიც” მოგვიტანეს. თურმე, შეცხელებულ ჭაჭას თუშები ბეგქონდარასა და შაქარს უმატებენ და ისე სვამენ. მე ვერ გავსინჯე ალკოჰოლთან ზოგადი გაუცხოების გამო. დარწმუნებული ვარ, მუშტარი არ მოაკლდება.
ქეთევან ადეიშვილის ფოტოები
დართლომდე ფიჭვნარში ჩაკარგულ გზას მივყვებით და უკან ვიტოვებთ კლდის პირებს და თვალუწვდენელ, ყვავილებით მოჩითულ ველებს. რა არ მინახავს: ხასხასა ყაყაჩოების, გვირილების, ლავანდების მინდვრები, მაგრამ ყვავილთა ასეთი მრავალფეროვნება არსად შემხვედრია: უკვდავა, უკადრისა, ციმბირული ზამბახი, მთის შროშანი, ჯადვარი, ღიღილო, თავშავა, ბეგქქონდარა – აღარ მიკვირს, საიდან აქვთ შთაგონება თუშური ფარდაგების მქსოველებს. “ღელეზე” ვართ, აქ თუშეთის ჩაღმის, პირიქითისა და გომეწრის თემების ხევისბერები სათემო ყრილობებს მართავდნენ. ეს საკრალური ადგილია, სწორედ აქ ფეთქავს სამყაროს გული.
თუ იკითხავთ, ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში რომელიაო, გიპასუხებთ, რომ დართლო. გზიდანვე ვხედავ, როგორ ეფიცხებიან მზეს ფერდობზე შეფენილი კოშკები. მივდივარ გავარვარებულ, სიპით ნაშენებ სახლებს შორის ჴურჴევებზე და მახსენდება კახოს თინა, რომელსაც ნაიბის შემოსევის დროს თავი გამოუჩენია:
“გაჰკვირვებოდა ქისტებსა, თინაის ნაომარიო,
ან მკლავი როგორ უძლებდა, ან სამღარიან ხმალიო…”
(ხალხური)
მივდივარ, მესმის პირიქითა ალაზნის დგაფუნი და ვფიქრობ, რომ თუშეთის შარა-ბილიკებზე ზუსტად თინასა და ზეზვასნაირი ბავშვები იზრდებიან, სხვანაირად არ გამოვა.
შენაქოში ვართ, დარეჯან იჭირაულის სახლში. ხავიწში ამოვლებულ მაჭკატებს ერბო გასდის. მაგიდაზე ორი, ჟოლოსფერი და ტარხუნისფერი სასმელი დგას. ეჭვი მაქვს, ორივე ჭაჭის არაყითაა დამზადებული. გოგოები ხავიწის ცხიმიანობაზე წუწუნებენ, მე კი ბებო მახსენდება, რომელიც სულ ერბოს სასარგებლო თვისებებზე მელაპარაკებოდა. სიმძიმის ყრუ შეგრძნებას, რომელსაც შეიძლება დათხური ტოვებდეს, ქუმელი ანეიტრალებს. ქუმელი მოყავისფრო ფქვილია, რომელსაც მოხალული ქერისგან ამზადებენ. თვალი ისევ ფერადი სასმელისკენ გამირბის, იქნებ ალკოჰოლმა ფეხის ტკივილი გამინეიტრალოს. ვსვამ ერთ ყლუპს… არა, ვეღარ ვსვამ, მწარეა. არაყს მოსმულას ვაყოლებ. იგივე გემო აქვს, რაც ატრიას, უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ თუშები ცომს არ ჭრიან, ფორმას ხელით აძლევენ, უკვე მოხარშულს კი ერბოთი და ყველით აზავებენ.
ქეთევან ადეიშვილის ფოტოები
მოსაღამოვდა, შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესიასთან ვსხედვართ და ალისფრად შეღებილ ცას ვუყურებთ. სასტუმროში დაბრუნება არავის უნდა.
მესამე დღე გათენდა – მზიანი, მაგრამ სევდიანი, – რამდენიმე საათში თბილისში ვბრუნდებით… წასვლამდე ჩობან ყაურმის მომზადებას ვსწავლობთ. თურმე მწყემსები ცხვრის ფაშვში დაჭრილ ხორცს, დუმასა და კვლიავს ათავსებენ, შემდეგ კი მჭიდროდ შეკრულს ამოთხრილ ორმოში, ნაკვერჩხალზე დებენ. ორმოს ზემოდან სიპი ქვით ფარავენ, რომელზედაც შემდეგ ცეცხლს ანთებენ. ჩობან ყაურმის მომზადებას, მინიმუმ, შვიდი საათი სჭირდება, ამიტომ, დროის მოგების მიზნით ბოჭორნაში მივდივართ.
ბოჭორნა ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია. სოფელში მხოლოდ ერთი კაცი, ირაკლი ხვედაგურიძე ცხოვრობს. ვცდილობ, თითოეული წუთი დავიმახსოვრო, ნეტავ დროის გაჩერება შემეძლოს. რომელიღაც მცენარეს ვკრეფ, სამახსოვროდ მიმაქვს… კორტადერიას ჰგავს. იმედი მაქვს, გზაში არ დაჭკნება.
ქუეში ვბრუნდებით, ყაურმა ჯერ არ მოხარშულა, მე კი “ნიამორების გადასახედისკენ” მივდივარ. ფერდობებს თვალებმოჭუტული ვათვალიერებ, მაგრამ, ნიამორების ნაცვლად, აქა-იქ კლდეებში დაბადებულ წყაროებს ვხედავ.
წასვლის დრო მოვიდა, თავს იმით ვინუგეშებ, რომ გრძელი გზა გველის წინ. ვხედავ, როგორი მსუყეა თუშეთი, თითქოს მზე სხივების ნაცვლად, ზემოდან გამდნარ ერბოს აღვრისო. მოვდივართ, ერთმანეთს ლივლივა, მოლურჯო, მომწვანო, ხან თოვლითა და ხან ნაკადულებით დაზოლილი მთები ცვლიან.
ვცდილობ, ყველაფერი დავინახო, დავიმახსოვრო, არაფერი გამომრჩეს. მინდა, უსასრულოდ გაგრძელდეს გზა და ფანჯრებიდან კორპუსების ნაცვლად, კლდეებზე ჩამოკიდებულ წინწკალებს, გვირილებსა და კესანებს ვხედავდე.
ვინ თქვა, რომ თუშეთის გზა სახიფათოა?! არ დაიჯერო.