fbpx

მილანში ისტორიული ტრამვაის პოსტპანდემიური ვერსია შეიმუშავეს


გააზიარე სტატია


ავტორი:  ნატაშა ჰიტი

იტალიელმა არქიტექტორმა არტურო ტედესკიმ  ქალაქ მილანისთვის  ტრამვაის კონცეფცია, სახელწოდებით Passerella შექმნა, რომელშიც სოციალური დისტანციის ნორმები დაცულია.

კლასიკური ATM Class 1500 ტიპის ტრამვაი ქალაქში პირველად 1929 წელს დაინერგა, არქიტექტორმა კი ახალი კონცეფციით მისი ინტერპრეტირებული სტილი შემოგვთავაზა. ამასთან, მან ისეთი ტექნოლოგიები და ადაპტაციებიც დაამატა, რომლებიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის  შემდგომ.  ინტერიერში მოცემულია პლექსის მინისგან შექმნილი ფარები, რომელიც ინდივიდუალურ დასაჯდომებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ხოლო იატაკზე დახატული წრეები კი ადამიანებს სოციალური დისტანციისკენ მოუწოდებს.

”ტრამვაი, რა თქმა უნდა, მილანის საზოგადოებრივი ტრანსპორტირების ყველაზე საყვარელი სიმბოლოა, განსაკუთრებით კი 1503-ის აიქონური მოდელი, – განაცხადა დიზაინერმა. – ქალაქში მიღებული სოციალური დისტანციის ზომები მოქალაქეების ჩვევებს, ცხოვრების წესს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღქმას ცვლის”.

ტედისკის სურდა, რომ სოციალური დისტანციის სტანდარტული გაფრთხილება უფრო “მეგობრული” ყოფილიყო. “ამ პერიოდში გავრცელებულია სტიკერები წარწერებით – “აქ არ დაჯდე” ან “დაიცავი ერთმეტრიანი დისტანცია”.  ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მილანი დიზაინის დედაქალაქია და ის მარტივად არ შეეგუება ტრივიალურ გადაწყვეტილებებს. ერთმეტრიანი დისტანციის შენარჩუნება ძირითადად ადამიანების გარშემო ამ ზომის ვირტუალური წრის შექმნას ნიშნავს და რატომ არ უნდა ვაქციოთ ის რეალურად? დერეფანი აერთიანებს წრეებს, რომელიც გრაფიკული ნიმუშიცაა და დისტანციის შეხსენებაც”.

ინტერიერი შექმნილია, როგორც მოდის პოდიუმი, იტალიურად “Passerella” – ღია დერეფანია, რომელსაც  სავარძლების მწკრივები თითოეულ მხარეს აქვს. ყველა დეტალი მაღალი ხარისხის მასალისგანაა შექმნილი.

“თავისუფალი ფორმის გეომეტრიული ფიგურები და მასალები გამოვიყენე, რათა სცენოგრაფია უფრო შემექმნა, ვიდრე ავტომობილის ინტერიერი. მოდა არის მილანის დნმ,  – განაცხადა არტურომ,  – ქალაქს ფესვები აქვს გადგმული მოდის დიზაინში. მოდა ერთგვარი ანტიდოტი იყო 1980-იანი წლების დასაწყისში, ქალაქის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ მომენტში, როდესაც იტალიაში პოლიტიკური არეულობა იყო. 80-იან წლებში ქალაქი აყვავდა და შეიცვალა, რაც ასევე მოდის და დიზაინის ინდუსტრიის წყალობით მოხდა.  ბრენდები, როგორიცაა Armani და Versace, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდნენ. ვფიქრობ, მოდა შეიძლება ანტიდოტი გახდეს  პოსტკოვიდურ ეპოქაშიც”. 

ყვითელ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი ტრამვაის ექსტერიერიც, რომელზეც ელექტრონული ეკრანია განთავსებული და ის მგზავრებს გაჩერებების შესახებ ინფორმაციას ატყობინებს. ავტომობილის ზოლებიანი სახურავი ტექნიკური ელემენტებითაა შევსებული – ის მარტივი და ესთეტიკურად მიმზიდველია. თავად ეს ზოლები  ეხმიანება იტალიის მხატვრულ და სოციალურ ფუტურისტულ მოძრაობას, რომელიც სიჩქარის, ტექნოლოგიისა და ტრანსპორტირების იდეების ერთგვარ “ღერძს” წარმოადგენს. 

სოციალური დისტანციის შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, ტრამვაიში მინის ფარები თავისუფლად მოიხსნება, ისე რომ დიზაინი დიდად არ შეიცვლება. . განახლებული დიზაინის ტრამვაი იგივე ზომისაა, როგორიც ATM Class 1500 და მისი გარეთა დეტალები 1503-ის მოდელის მსგავსია. არქიტექტორმა აღნიშნა, რომ ფუტურისტულ დიზაინს თავი აარიდა და ამის ნაცვლად  ტრადიციული ელემენტები/პროპორციები ინოვაციური დეტალებით გააერთიანა. 

 

ორიგინალი: https://www.dezeen.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.