fbpx

ფლორიდაში ჰაერში მოლივლივე ულამაზესი სკულპტურა განათავსეს, რომლის კონცეფციაც მძიმე წარსულს გვახსენებს


გააზიარე სტატია




ავტორი: ლილი სმიტი

 

ჯანეტ ეშელმანის საჰაერო სკულპტურაში მილიონზე მეტი კვანძია გამოყენებული, უფრო ზუსტად კი – 1,662,528. Bending Arc ფლორიდის ქალაქ სანქტ-პეტერბურგშია განთავსებული და მარტინ ლუთერ კინგის 1968 წლის ფრაზიდან წარმოიქმნა: ”მორალური სამყაროს რკალი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისაკენ იხრება”. 

მიუხედავად იმისა, რომ 1954 წელს აშშ-ში გამართულ სასამართლო პროცესზე –  “ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ”,  დოქტრინა – “ცალკე, მაგრამ თანაბარი” არაკონსტიტუციურად გამოაცხადეს, ბევრმა სამხრეთულმა საზოგადოებამ პლაჟებისა და საცურაო აუზების იზოლირება შავკანიანებისგან კვლავ გააგრძელა. 1955 წელს ექვსმა შავკანიანმა ბილეთების შეძენა სცადა სანკტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარე აუზზე, თუმცა ისინი უკან გააბრუნეს. მათ ქალაქში სარჩელი შეიტანეს აუზში ინტეგრაციისთვის და პროცესი მოიგეს. 

 ჯანეტ ეშელმანმა ეს ისტორია სკულპტურაში გააერთიანა და მისი სხვა ნამუშევრების მსგავსად, Bending Arc გარემოსთან დაკავშირებული ინსტალაციაა, რომლისთვისაც ცა ერთგვარი “ტილოა”. მისი ინსტალაციები ფიზიკურად მასიური და ლამაზია,  ხოლო მოძრაობის, ფერისა და გამჭირვალობის მიქსი კი ილუზიურ გამოსახულებას ქმნის. სიმბოლური თვალსაზრისით, სკულპტურა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გარემო – ის შთაგონებულია სივრცის, წვდომისა და ურბანული დიზაინის პოლიტიკით. “ჩემი ნამუშევრის ძალა მის გამძლეობასა და ადაპტირებაშია, რადგან ის ქარს მასში გადაადგილების საშუალებას აძლევს და არ ებრძვის. ვფიქრობ, რომ ეს მეტაფორაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვრო ამ დროს”,  – აღნიშნა ჯანეტმა. 

სკულპტურა ეშელმანის ყველაზე დიდი ნამუშევარია – ის  150 კმ/სთ სიჩქარის ქარს უძლებს. ხელოვანმა და  მისმა გუნდმა მსუბუქი წონის პოლიტეტრაფტორეთილენი (PTFE) ბაწარში ჩაწნეს და შემდეგ ფორმა მისცეს. ეშელმანის თანახმად, თოკის ყველა ნაჭერი ხელითაა დაწნული – ეს ტრადიციული მეთოდია, რომელსაც მეზღვაურები ასობით წლის განმავლობაში იყენებენ. თოკები სუსტად გამოიყურება, მაგრამ 15-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი ფუნტი ფოლადი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძველებური რეწვაა, პროექტი თანამედროვე გუნდმა შეასრულა, რომელშიც მონაწილეობდნენ: აერონავტიკური,  სტრუქტურული  და  ლანდშაფტის ინჟინრები, განათების დიზაინერები, ხელოსნები, არქიტექტორები, მხატვრები და ა.შ.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიიღო, აუზებს დროებით “სარემონტოდ” ხურავდნენ ხოლმე, რეალურად კი შავკანიანების ტერიტორიაზე შეყვანა არ სურდათ. 1959 წელს გააცნობიერეს, რომ მხოლოდ თეთრკანიანებზე ორიენტირებული ტურიზმი დიდად მომგებიანი აღარ იყო – “ობიექტების დახურვა უფრო აზიანებდა მათ ჯიბეებს,  ვიდრე ინტეგრაცია” – Tampa Bay Times-ს თანახმად, აუზების მფლობელები საბოლოოდ დათანხმდნენ ინტეგრაციას.  ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე ბოლოდროინდელი პროტესტი აჩვენებს, რომ ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის დღემდე გრძელდება. “ვაკვირდები სკულპტურას და ვხედავ, როგორ მოძრაობს მისი თაღები ქარში – ეს მეტაფორულად ჩვენი ქვეყნის მორალური თაღია, აქტივისტები კი ის ადამიანები არიან, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ამ რკალის სამართლიანობისკენ გადასახრელად. სკულპტურაზე 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მისი გახსნა  სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ამ უმნიშვნელოვანეს დროს დაემთხვეოდა”.

ორიგინალი: https://www.fastcompany.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.