fbpx

შემოქმედებითი საქმიანობის ბენეფიტები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატიანა გეთია

ილუსტრატორი: თაკო კოპალიანი


 

პიროვნების განვითარებასა და მის მსოფლმხედველობას დიდწილად მისი ხელოვნებისადმი სიყვარული განსაზღვრავს. არ არის საჭირო ფსიქოლოგიური განათლება, რათა მივხვდეთ რამდენად ამაღლებულ გრძნობებს განიცდის ადამიანი ხელოვნების ნიმუშზე დაკვირვებისას, მხატვრული ნაწარმოების კითხვისას, ან უბრალოდ რამხელა სიამოვნებას იღებს უბრალო ჩანახატის წერის დროსაც კი.

თუმცა სიმშვიდის და სიამოვნების განცდა რომ დავივიწყოთ და ვისაუბროთ მხოლოდ  შემოქმედებითი საქმიანობის ფსიქოლოგიურ ბენეფიტებზე, შეგვიძლია მაგალითის სახით უამრავი მეცნიერული კვლევა გავიხსენოთ.

ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, სასკოლო ტესტირებისას ბავშვები ორ ჯგუფად დაჰყვეს. პირველი ჯგუფი ტესტირებისას უსმენდა მოცარტის მუსიკას, ხოლო მეორე ჯგუფი მუსიკას საერთოდ არ უსმენდა. ტესტირების შედეგებმა გამოავლინა, რომ პირველ ჯგუფს გაცილებით კარგი შედეგები ჰქონდა ვიდრე მეორე ჯგუფს. ამ ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა ასეთი ცნება „მოცარტის ეფექტი“, რაც გულისხმობს იმას, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა ზრდის ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

ხშირად მშობლებს მიაჩნიათ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვმა ისწავლოს მაგალითად მათემატიკა და ფიზიკა, ვიდრე შეიმეცნოს ხელოვნება. თუმცა დროა ეს შეხედულებები ჩამოიშალოს, რადგან ფსიქოლოგების თქმით ხელოვნება ისეთივე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი პირველ წლებში. მაგალითად ხატვა ავითარებს ბავშვის ნატიფ მოტორიკას, კონცენტრაციის უნარს, ბავშვს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი გრძნობები ფერებით რადგან ჯერ არ იცის ამისთვის საჭირო სიტყვები.

ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის კლასიკური ლიტერატურის სწორი მიწოდება, რადგან სწორედ ეს თავგადასავლები ამზადებს ბავშვს ზრდასრული ცხოვრებისთვის, ის სწავლობს რა არის სიყვარული, მეგობრობა, ცხოვრებისეული სირთულეები. საყვარელი პერსონაჟის ტრაგიკული ისტორიით, მოზარდს გამოუმუშავდება მზაობა იმ სტრესისათვის, რაც ელოდება ზრდასრული ცხოვრებისას.

დეპრესიის და ნერვული აშლილობის დროს, აუცილებელია კლასიკური მუსიკის მოსმენა.  დამტკიცებულია, რომ დეპრესიის განკურნება შესაძლებელია ვივალდის ნაწარმოებების მოსმენით.

ზოგადად ხელოვნება ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვაში, ამას კი დიდი სარგებელი მოაქვს მისთვის.

ემოციური დაძაბულობის დროს, ძლიერი სტრესისას, აუცილებელია ადამიანმა მოახდინოს განტვირთვა და ამის საუკეთესო საშუალება სწორედ შემოქმედებითი საქმიანობაა.  ის ხალისი, რასაც ადამიანი პროცესში იღებს და საბოლოო შედეგი, დადებითად აისახება მასზე. მაგალითად, თუ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს, როდესაც დაინახავს საკუთარი შემოქმედების  შედეგს,  ხვდება, რომ ის არც თუ ისე უსარგებლოა, არც ისე უნიჭო და ნელ-ნელა ახერხებს ამ პრობლემის გადალახვას. საკუთარი შემოქმედებით მას საკუთარი თავი უყვარდება.

ხელოვნებას უამრავი ბენეფიტი აქვს. ის ეხმარება ადამიანს გაიცნოს სამყარო და საკუთარი თავი, დაინახოს თავის შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი ემოცია და მიიღოს და მიანიჭოს სხვას სიამოვნება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება გაჰყვეს მას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.