fbpx

ჩემპიონთა ლიგა – დასკვნითი ეტაპის მისადგომებთან


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

სულაც არაა გასაკვირი, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ამა თუ იმ მატჩმა ფეხბურთის მოყვარული რომ მოხიბლოს. სხვაა, როდესაც დაინახავ ახალ გუნდს, ახალ ძალას, რომლის წინაშეც შეუძლებელია, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა, თითოეულმა გუნდმა თუ გულშემატკივარმა ქედი არ მოიხაროს.

წლეულს მიუნხენის „ბაიერნი“ რომ ასეთია, ისედაც ყველასთვის ნათელია, მაგრამ ვის შესწევს „რეკორდმაისტერის“ დამარცხების უნარი მიმდინარე ტურნირზე?

ამ ცოტა ხნის წინათ დასრულებულ ესპანეთის ლა ლიგის გათამაშებაში ქვეყნის ჩემპიონობა 34-ჯერ იზეიმა მადრიდის „რეალმა“.

კორონავირუსით გამოწვეული შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო და ჩემპიონატის გადამწყვეტ პერიოდში სატურნირო ცხრილში „ბარსელონას“ გადაასწრო. 

ამ ფაქტმა ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში წაგების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგებ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან „სამეფო კლუბი“ მალე უვადო კონტრაქტს გააფორმებს.

რით გაძლიერდა ბოლო პერიოდის მანძილზე მადრიდის „რეალი“ ისე, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად დამარცხება რომ შეძლოს და მეოთხედფინალში „ლიონი“ – „იუვენტუსის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდეს?

ესპანეთის ჩემპიონის ამჟამინდელ და 21-ე საუკუნის დასაწყისის „ვარსკვლავეთის გუნდის“ შემადგენლობების შედარებისას ვიხილავთ, რომ დღევანდელი „რეალი“ ახლოსაც ვერ მივა დაახლოებით 20 წლის წინანდელ წინამორბედთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზიდანის მწვრთნელობის მანძილზე „რეალის“ შედეგები უფრო შთამბეჭდავია იმ გუნდის შედეგებთან შედარებით, რომელშიც ფეხბურთელ ზიდანს გვერდს იკერ კასილასი, რობერტო კარლოსი, რონალდო, დევიდ ბექჰემი, ლუიშ ფიგუ, ხოსე მარია გუტი, რაული და სხვა საქვეყნოდ აღიარებული ვარსკვლავები უმშვენებდნენ. 

ნუთუ დღევანდელ ფეხბურთში არაა აუცილებელი კლუბში მხოლოდ გამორჩეული ვარსკვლავების ყოფნა და უდიდესი მიზნების მისაღწევად საკმარისია მწვრთნელის განსაკუთრებული ნიჭი, მოედანზე ზედმიწევნითი პრაგმატულობა, ცოტაოდენი გამართლება და ზოგჯერ მსაჯების მხარდაჭერა?

„რეალს“ ამ ჩამონათვალიდან არაფერი აკლდა ზემოხსენებულ ცხრა შეხვედრაში, მაგრამ განა საკმარისია მისი დღევანდელი სათამაშო პოტენციალი წარმატების მისაღწევად შესანიშნავ ფორმაში მყოფ „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირებაში, რომელმაც ამ ხნის მანძილზე ინგლისის FA CUP-ის ნახევარფინალი დათმო ბევრი არაფრით გამორჩეულ ლონდონის „არსენალთან“?

„სიტი“ ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგის უდიდესი გამოცანაა. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი „უოტფორდის“, „ბრაიტონის“ და თუნდაც ჩემპიონ „ლივერპულის“ განადგურება კი შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს ბრძოლებში გამოწრთობილი ზიდანის გუნდისთვის, რომელმაც ზემოხსენებული მოგებების ფონზე ალბათ სწორად შეაფასა პეპ გვარდიოლას გუნდის „არსენალთან“ მარცხის მიზეზები. 

ხომ შეიძლება, რომ ლონდონელების მსგავსად, „რეალმაც“ მთელი მატჩის მანძილზე ორჯერ ზუსტად დაარტყას „მანჩესტერ სიტის“ კარში და წარმატებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდეს? 

„სიტის“ მომგები „არსენალი“ FA CUP-ის ფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდება, ხოლო ამ მატჩიდან ერთ კვირაში კი ინგლისურ კლუბებს უმძიმესი ბრძოლები ელით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასაღწევად.

თუკი სტატისტიკის მიხედვით “მანჩესტერ სიტი“ ფავორიტის როლშია „რეალთან“ შეხვედრაში, პირველ მატჩში შინ ანგარიშით 0:3 წაგების შემდეგ, „ჩელსი“ ალბათ განწირულია „ბაიერნთან“ გასვლით დაპირისპირებაში. 

ფრენკ ლამპარდის გუნდს მატჩის დებიუტში გატანილი ორი სწრაფი გოლი თუ მომართავს უდიდესი სენსაციის მოსახდენად, მაგრამ ამის იმედი „ჩელსის“ გულშემატკივართა ბანაკშიც ნაკლებად აქვთ.

რას აპირებს „ბარსელონა“? „რეალისთვის“ ლა ლიგის ტიტულის დათმობის შემდეგ, კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებით თუ მოიფხანს გულს არამარტო მთავარ მტერზე, ისე ზოგადად სეირის მაცქერალ საფეხბურთო სამყაროზე, რომელიც ლიონელ მესის დიდებაზე წარსულ დროში საუბარს სულაც აღარ თაკილობს. 

ასე რომ, როგორც  უნდა ადანაშაულებდეს ლეგენდარული არგენტინელი „ბარსელონას“ ბოლო პერიოდის წარუმატებლობებში მწვრთნელ კიკე სეტიენს, „ნაპოლისთან“ მერვედფინალში თუ ჩემპიონთა ლიგის ტურნირის რომელიმე მომდევნო ეტაპზე მორიგი ფიასკო, უპირველეს ყოვლისა მას დაჰბრალდება…

„ნაპოლის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „ბარსელონას“ მეტოქე უდიდესი ალბათობით ზემოხსენებული მიუნხენის „ბაიერნი“ იქნება. ფინალის ტოლფას დაპირისპირებაში კი წარსული უკვე დავიწყებას მიეცემა და „რეკორდმაისტერსაც“ მოუწევს წლევანდელი ძლევამოსილების დამტკიცება სეზონის შედეგებით გაწბილებული მესის და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ მატჩში.

„ლიონთან“ განმეორებითი მერვედფინალის წინ თამაშის ხალისზე 36-ე „სკუდეტო“ თუ მოიყვანს ტურინის „იუვენტუსს“, რომლის უხვგოლიანობის მიღმა, აშკარად იგრძნობა გუნდურობის და სათამაშო ფანტაზიის დეფიციტი. 

ყოველივე ეს კი თავის მხრივ გავლენას ახდენს „ბებერი ქალბატონის“ ტრადიციულად ძლიერი დაცვითი ხაზის სტაბილურობაზე და აქედან გამომდინარე, შედეგებზე.

საგულისხმოა, რომ „იუვენტუსს“ იმდენი ქულა წლების განმავლობაში არ გაუნიავებია, რაც პანდემიიდან მობრუნების შემდეგ ჩატარებულ მატჩებში. მის გაჩემპიონებას კი მდევრების – „ლაციოს“ და „ინტერის“ უნიათო ასპარეზობამ თუ შეუწყო ხელი. 

სერია A-ს აღმოჩენად ბერგამოს „ატალანტა“ იქცა. ჯოვანი გასპერინის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის განახლების შემდგომ პერიოდში მადრიდის „რეალის“ მსგავსი შედეგი უჩვენა, ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზური მოიპოვა და სავარაუდოდ მრავალი თავსატეხი გაუჩინა წლევანდელი ტურნირის მეოთხედფინალში თავის მეტოქე „პარი სენ-ჟერმენს“.

ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად არასტაბილურად მოასპარეზე საფრანგეთის ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში კი „ატალანტამ“ სავსებით შესაძლებელია შარშანდელი „ტოტენჰემის“ ბედიც გაიზიაროს და ფინალამდე მიაღწიოს… 

თუმცა, იტალიური აღმოჩენისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნუ დაგვავიწყდება, რომ თეორიულ ნახევარფინალში მას გამოცდილი მადრიდის „ატლეტიკო“ ან „ტოტენჰემის“ წლევანდელი მძლეველი – „ლაიპციგი“ გაუწევს წინააღმდეგობას. 

ესპანეთის და გერმანიის ჩემპიონატების მესამეადგილოსანი კლუბების დაპირისპირებაში ფავორიტად ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ორგზის ფინალისტი ითვლება, ზოგიერთი საფეხბურთო ექსპერტი კი დიეგო სიმეონეს ბრძოლებში გამობრძმედილი კლუბისგან ტურნირის მოგებასაც ელის.

სენსაციების გამორიცხვით ნახევარფინალში „ატლეტიკო“ – „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება მოიაზრება. მაყურებელმა წინა შაბათს ოთხი თვის უთამაშებელი საფრანგეთის ჩემპიონი ქვეყნის თასის ფინალში „სენტ-ეტიენის“ წინააღმდეგ მატჩში იხილა. 

შეხვედრა განსაკუთრებით უხეში გამოდგა, რადგან „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელები ხშირად განზრახ უხეშობდნენ კიდეც პარიზული კლუბის გაცილებით მაღალი კლასის მეტოქეებზე. 

პირველი ტაიმის ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში კილიან მბაპე მძიმედ დაშავდა, რაც „პარი სენ-ჟერმენისთვის“ სერიოზული დარტყმაა როგორც „ლიონთან“ ლიგის თასის ფინალის, ასევე „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ. 

პარიზელებმა სწორედ მბაპეს წამოწყებული კომბინაციის შედეგად ნეიმარის დაგვირგვინებული ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს შეხვედრა, რომლის გმირადაც „სენტ-ეტიენის“ გოლკიპერი ჟესი მულენი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან რომ არა მისი თავგანწირული ნახტომები, „პარი სენ-ჟერმენი“ ამ მატჩში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ბურთის გატანას მოახერხებდა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.