fbpx

დისნეის ოფიციალურმა გვერდმა ინსტაგრამზე ქართველი მხატვრის ილუსტრაციები გამოაქვეყნა


გააზიარე სტატია

დისნეის ანიმაციების მოყვარულებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ დღეიდან ერთით მეტი მიზეზი გექნებათ ეს კინოსტუდია და მისი ანიმაციები გიყვარდეთ  –  საქმე ის არის, რომ დისნეის ერთ-ერთმა ოფიციალურმა გვერდმა ინსტაგრამზე ქართველი მხატვრის ილუსტრაციები გამოაქვეყნა. 

29 წლის Jorjecroft, იგივე გიორგი პაიკიძე, პროფესიით ვოკალისტია, თუმცა, ასევე შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალი მხატვარია, რომელიც დღეს კარგად ვერ იხსენებს, ბავშვობაში რომელი უფრო ადრე დაიწყო – ხატვა თუ სიმღერა. 

თუმცა, ზუსტად იცის, რომ დისნეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი –  არიელი  მისი საყვარელი გმირია, რომელსაც ყველაზე ხშირად და ლამაზად ხატავს. 

მის შთამბეჭდავ ნამუშევრებს ინსტაგრამზე უკვე დიდი ხანია ათასობით ადამიანი ეხმაურება, თუმცა, განსაკუთრებით  გაახარა  დისნეის მხრიდან გამოჩენილმა ყურადღებამ, როდესაც კომპანიის ერთ-ერთმა ოფიციალურმა გვერდმა მისი ილუსტრაციები დაპოსტა. 

„გარდა იმისა, რომ ჩემი ნამუშევრებით დისნეის გვერდი დაინტერესდა, ინსტაგრამზე თვალს მადევნებენ ის ადამიანებიც, რომლებიც უშუალოდ  მონაწილეობენ დისნეის ანიმაციური ფილმების შექმნაში. ხშირად იწონებენ ჩემს პოსტებს არიელის გამხმოვანებელი ჯოდი ბენსონი, ნაომი სკოტი, რომელიც ალადინის ახალ ფილმში პრინცესა ჯასმინის როლს თამაშობს, როჯერ ბარტი, რომელიც ჰერკულესს ახმოვანებს, პოკაჰონტასის გამხმოვანებელი ირენ ბედარდი და სხვები“, – ამბობს გიორგი At.ge-სთან საუბრისას. 

ქართველი მხატვრის ნამუშევრებს გამოქვეყნებისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა – პოსტს ათასობით მოწონება და კომენტარი აქვს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.