International Photography Awards-ის გამარჯვებულები – მოძრაობის ხელოვნება
გააზიარე სტატია
”ველური სტაფილო”, ანა მეისონ-ჰოერტერი (კანადა / გერმანია). წლის მოძრაობის ფოტოგრაფი
ავტორი: ჯესიკა სტიუარტი International Photography Awards-ის მიერ ორგანიზებულ თემატურ ფოტოკონკურსში მონაწილეებს საუკეთესო ნამუშევრის წარდგენა სთხოვეს, რომელიც მოძრაობას ასახავდა. ამ მარტივმა კონცეფციამ წარმოუდგენლად საინტერესო შედეგები მოიტანა. ათასობით ადამიანმა წარმოადგინა მოძრაობის ამსახველი სურათები, გამარჯვება კი წილად ხვდა კანადელ ფოტოგრაფს, ენ მეისონ-ჰოერტერს.
მისმა ნამუშევარმა ”ველური სტაფილო” სახვითი ხელოვნების კატეგორიაში გაიმარჯვა. ფოტოგრაფი, ფაქტობრივად, მცენარის თითოეულ ნაწილს ცალკე იღებს შემდეგ კი ერთ ფოტოში აერთიანებს. ეს განსაცვიფრებელი გამოსახულება ბუნების მძლავრ და ელეგანტურ მოძრაობას წარმოადგენს.
საოცარი არ უნდა იყოს, რომ კენ ბროუარისა და დებორა ორის ნამუშევრები გამარჯვებულთა სიაში მოხვდნენ, ისინი ბალეტის მოცეკვავეების ექსპრესიული ფოტოსურათებით არიან ცნობილი. ძაღლების მოყვარულები კი უკვე კარგად იცნობენ იტალიელი ფოტოგრაფის, კლაუდიო პიკკოლის ნამუშევრებს, რომლებიც გრავიტაციის უგულებელმყოფელ ძაღლებს ასახავს. მფრინავი და ფოტოგრაფი კრისტიან ვან ჰეისტი კიდევ ერთი ცნობილი სახელია, რომელმაც მესამე ადგილი ტექნიკის / მანქანების კატეგორიაში მოიპოვა მფრინავის კაბინიდან უნიკალური პერსპექტივის ასახვის გამო.
“ფოტოგრაფია არაჩვეულებრივი საშუალებაა იმ კონცეფციის შესაცნობად, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მოძრაობს, იცვლება და ვითარდება. საოცარია, თუ როგორ შეასხეს ხორცი ფოტოგრაფებმა ამ იდეას მრავალი სხვადასხვა ფორმით. თითქოს ყველას გვეჩვენება, რომ მთელი პლანეტა გაჩერდა, მაგრამ ამ სურათების საშუალებით ვრწმუნდებით, რომ ცხოვრება გრძელდება და წინ მიდის”, – აღნიშნა IPA-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ჰოსეინ ფარმანიმ.
იხილეთ კონკურსის საუკეთესო ფოტოები
კლაუდიო პიკკოლი (იტალია), “ფრენა ზღვაზე”, მეორე ადგილი, კატეგორია: ბუნება – ”მიყვარს ჩემს კადრებში ძაღლის, როგორც სუპერგმირის წარმოდგენა. ეს ძაღლი და მისი პატრონი წყალში დისკით ვარჯიშობდნენ. ამ პირობებში ძნელია ასეთი შედეგის მიღება, რამდენადაც წყალი ხელის შემშლელი ფაქტორია. გოგონას მთელი ყურადღება ძაღლისკენ იყო მიმართული და დისკი სრულყოფილად გადააგდო. ამ მოძრაობის გამეორება მხოლოდ ორჯერ შეიძლება, რადგან ძაღლს დასვენება სჭირდება. ძაღლის პოზიცია ჰაერში იდეალური აღმოჩნდა”.
კენ ბროუარი და დებორა ორი (შეერთებული შტატები) ”ღამის მოგზაურობა”. მეორე ადგილი, კატეგორია: ადამიანები – ფოტოზე გამოსახული 6 მოცეკვავე გრეჰამის ქორეოგრაფიულ ნაწარმოებს – ”ღამის მოგზაურობას” ასრულებს. ცეკვა ოიდიპოსისა და იოკასტეს მითს ეფუძნება, ეს ექვსი ქალი კი ბერძნულ ბუნებას წარმოაჩენს. მართა გრეჰემის შექმნილი კოსტიუმები იდეალურად გადმოსცემს მოძრაობის კონცეფციას”.
კრისტან ვან ჰეჯსტი (ნიდერლანდები), ”მთვარის ნათება ატლანტის თავზე”. მესამე ადგილი, კატეგორია: ტექნიკა / მანქანა – “სავსე მთვარე და კაშკაშა ვარსკვლავები ჩემ გარშემო არსებულ სამყაროს ჯადოსნურობას მატებდნენ. ვერცხლისფერ ღრუბლებში მივცურავ მაშინ, როცა კაბინაში სუნთქვის, ცხოვრებისა და უცხოპლანეტური ლანდშაფტის დანახვის საშუალება მეძლევა”.
პატრიზია ბურა (იტალია), ”თითქმის თავისუფალი”. მეორე ადგილი, კატეგორია: სახვითი ხელოვნება – ”ესაა მოძრაობის ჩემეული მხატვრული ხედვა”.
ფ. დილეკ უიარი (თურქეთი) “კარგი მწყემსი”. მესამე ადგილი, კატეგორია: ადამიანები – “ცხვრის ფარას ამ მტვრიანი და რთული გზის გავლა უხდება მაღალმთიანეთში მისასვლელად, სადაც ივლისის შუა რიცხვებამდე მოუწევთ გაჩერება, წველის პერიოდში”.
ჩინ ლეონგ თეო (სინგაპური), “უოლესის მფრინავი ბაყაყი”. პირველი ადგილი, კატეგორია: ბუნება – ”უოლესის მფრინავი ბაყაყი მალაიზიასა და დასავლეთ ინდონეზიაში ცხოვრობს. დიდი ზომების, ბრწყინვალე ფერების და მშვიდი ტემპერამენტის გათვალისწინებით ბაყაყი უდავოდ ფოტოგენურია”.
ჟან-კრისტოფ ლემი (კანადა), “ზედაპირი”. მესამე ადგილი, კატეგორია: ბუნება – “სამეცნიერო მისიაში, რომელიც გემზე ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, ფოტოგრაფად ვიყავი მიწვეული. მისიის მეხუთე დღეს თეთრი ვეშაპი დავინახეთ, რომელიც ადრეც მყავდა შემჩნეული, თუმცა მაშინ ნაპირიდან ძალიან შორს იყო. ის ჩვენ თვალწინ რამდენჯერმე გამოჩნდა ზღვის აქაფებულ ზედაპირზე”
დიმიპი ბალოტია (ინდოეთი), ”მფრინავი ბიჭები”. მეორე ადგილი, კატეგორია: ქუჩის ფოტოგრაფია – ”ეს გადაღებულია ინდოეთში, ვარანასიში”.
ჯორჯ სტასტნი (კანადა), ”იმპულსი”. მესამე ადგილი, კატეგორია: ქუჩის ფოტოგრაფია – ”ჩვენ ყველას გვაქვს ისეთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც წინ სვლისკენ გვიბიძგებს”.
ბენჯამინ ბუკლენდი (შვეიცარია), ”სკოლისაკენ, რუანდა”. პირველი ადგილი, კატეგორია: ქუჩის ფოტოგრაფია – ”აქ საშინელი შტორმის დროს ჩამოვედი. ისე ძლიერად წვიმდა, რომ მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შევძელი. რუანდელი შეუპოვარი ველოსიპედისტებიც კი გაქრნენ გზებიდან. ვხედავდი, როგორ ეხვეოდა ბურანდი ნისლში. მაგრამ წვიმამ მალე გადაიღო და ველოსიპედისტებიც დაბრუნდნენ. რუანდა. 2019 წლის ოქტომბერი”.
რიჩარდ სეიმური (გაერთიანებული სამეფო) ”Porsche Type 64 Ice Race”. მეორე ადგილი, კატეგორია: ტექნიკა / მანქანა – ”პორშე ტიპ 64-ის რეპლიკა 2020 წლის GP ყინულის რბოლაზე, ავსტრია”.
ჯაკოპო მარია დელა ვალე (იტალია) “ბრინჯის აღება”. პირველი ადგილი, კატეგორია: ადამიანები – ”ფოტო ჩინეთშია გადაღებული, რომელიც ინდუსტრიალიზაციისა და გლობალიზაციის ფერხულშია ჩაბმული, თუმცა ლიჟიანგის მახლობლად ადგილობრივი ტომების წარმომადგენელი ქალები ბრინჯს თავიანთი უძველესი ტრადიციების შესაბამისად იღებენ. მათ ტრადიციული ტანსაცმელი აცვიათ, მოკიდებული აქვთ მძიმე კალათები მხრებზე და ტრადიციულ სიმღერებს მღერიან”.
უგო რიკიარდი (იტალია) ”გიგანტების გზა და ფიგურა, ჩრდილოეთ ირლანდია”. მესამე ადგილი, კატეგორია: სახვითი ხელოვნება – ”ეს სურათი, რომელიც ”Nightscapes” სერიის ნაწილია, ჩრდილოეთ ირლანდიაშია გადაღებული. გიგანტების გზა ბაზალტის სვეტების დაახლოებით 40,000 ურთიერთდაკავშირებული უბნისგან შედგება, რაც უძველესი ვულკანური ამოფრქვევის შედეგია. უძრავ ადგილას მოძრაობის ეფექტს კლდის წვერზე მდგარი კაცის ფიგურა და სინათლე ქმნის”.
იანგკეუნ სურ (სამხრეთ კორეა) ”ურბანული ნახევარგამტარი”. პირველი ადგილი, კატეგორია: ტექნიკა / მანქანა – ”ჩვენ ვცხოვრობთ მასობრივი და სწრაფი ტრანსმისიის ეპოქაში”.