fbpx

დღეს: 30 ივლისს, 13 წლის წინ, ინგმარ ბერგმანი და მიქელანჯელო ანტონიონი გარდაიცვალნენ


გააზიარე სტატია

ცნობილია, რომ ინგმარ ბერგმანს მიქელანჯელო ანტონიონის ფილმები არ მოსწონდა, თუმცა იგი ანტონიონის რამდენიმე ფილმს შედევრად მიიჩნევდა:

“მან ორი შედევრი გადაიღო, დანარჩენს შეგიძლიათ არც უყუროთ. ერთი არის „ფოტოგადიდება“ (Blow-up), რომელიც ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, და მეორე „ღამე“ (La Notte), ასევე შესანიშნავი ფილმი, ახალგაზრდა ჟანა მოროს გამო. ჩემს კოლექციაში „ყვირილის“ (Il Grido) ასლიც მაქვს, მაგრამ უჰჰ, რა მოსაწყენი ფილმია… აუტანლად სევდიანი. ანტონიონიმ ვერაფრით ისწავლა ხელობა, ის ცალკეულ კადრებზე ახდენდა კონცენტრაციას და ავიწყდებოდა, რომ კინო არის სურათების რიტმული ნაკადი, მოძრაობა. რა თქმა უნდა, ბევრი ბრწყინვალე მომენტია მის ფილმებში, მაგრამ თითქმის ვერაფერს ვგრძნობ, როცა ვუყურებ, მაგალითად, „თავგადასავალს“ (L’Avventura), მხოლოდ გულგრილობას. არასდროს მესმოდა, რატომ იყო ანტონიონი ასე წარმოუდგენლად დაფასებული. და მგონია, რომ მისი მუზაც – მონიკა ვიტი, საშინელი მსახიობია”.

ბედის ირონიით  უდიდესი რეჟისორები – მიქელანჯელო ანტონიონი და ინგმარ ბერგმანი ერთ დღეს, 2007 წლის 30 ივლისს გარდაიცვალნენ. 

საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ინგმარ ბერგმანი ცხოვრებაშივე იქცა კლასიკოსად. ინტერესი კინემატოგრაფიისა და თეატრალური ხელოვნების მიმართ რეჟისორს ბავშვობაშივე გაუჩნდა, როდესაც საშობაო საჩუქრად მისმა უფროსმა ძმამ კინოპროექტორი მიიღო. სწორედ ამ დროს გაჩნდა მისი პირველი მულტიპლიკაციური ფილმებიც. 

ბერგმანი სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა, თუმცა უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, რადგან  მთელ დროს ახალგაზრდულ თეატრში თამაშს უთმობდა. სახლიდან წასვლის შემდეგ ბერგმანი რეჟისორის ასისტენტი გახდა,1940-იანების შუა წლებიდან კი თავად დაიწყო სცენარების წერა და ფილმების გადაღება.

რეჟისორს მსოფლიო აღიარება1950-1960-იან წლებში შემდეგმა ფილმებმა მოუტანა:  „მარწყვის მდელო“,


„მეშვიდე ბეჭედი”,



„ზაფხულის ღამის ღიმილი“,



„დუმილი“,



„პერსონა“

ბერგმანი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, სასიყვარულო ისტორიები კი თავის ფილმებში მონაწილე მსახიობებთანაც აკავშირებდა. რეჟისორის ერთ-ერთი მუზა ლივ ულმანიც იყო, რომელიც ბერგმანის ათეულობით ფილმში  მონაწილეობდა. ხუთწლიანი ურთიერთობისას მათ ქალიშვილი შეეძინათ. 

კრიტიკოსების თქმით, ბერგმანის შემოქმედება ხელოვნების არც ერთ მიმდინარეობასა და მიმართულებას არ მიეკუთვნებოდა, უფრო მეტიც, რეჟისორი საკუთარი ინდივიდუალიზმით თავად ახდენდა გავლენას სხვადასხვა ავტორზე, მის გარეშე კი თანამედროვე კინოს გაგება შეუძლებელია.

ბერგმანმა 60-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი გადაიღო, მისი 170-ზე მეტი სპექტაკლი კი ევროპის 30 თეატრში დაიდგა. რეჟისორმა 3 ოსკარი და არაერთი პრესტიჟული ჯილდო  მოიპოვა.




მიქელანჯელო ანტონიონი


მიქელანჯელო ანტონიონი ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ფერარაში დაიბადა. კინემატოგრაფიით მომავალი რეჟისორი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაინტერესდა. სწორედ ამ პერიოდში მან ადგილობრივ ჟურნალში რეცენზიების გამოქვეყნება დაიწყო. რომში გადასვლის შემდეგ ანტონიონი ჟურნალში Cinema კინოკრიტიკოსად მუშაობდა, თუმცა რედაქტორთან უთანხმოების გამო სამსახურიდან წამოვიდა და კინემატოგრაფიის ტექნიკისა და თანამედროვე სარეჟისორო მიდგომების შესწავლა დაიწყო.


ანტონიონის სარეჟისორო დებიუტი 1942 წელს  შედგა  დოკუმენტური ფილმით „ადამიანები მდინარე პოდან“. პირველი ფილმი კი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა,  “მეგობრები” იყო, რომელიც  1955 წელს ვენეციის კინოფესტივალზე  ვერცხლის ლომით დაჯილდოვდა.


ამ წარმატების შემდეგ, ფაქტობრივად, ვენეციის კინოფესტივალი მისთვის მშობლიურ ადგილად იქცა. სხვადასხვა წლებში ამავე ფესტივალზე ანტონიონის შემდეგი ნამუშევრები დაჯილდოვდნენ: “წითელი უდაბნო” (1964), “ღრუბლებს მიღმა” (1995). ანტონიონის ფილმები წარმატებას სხვა ფესტივალებზეც აღწევდნენ: კანის ფესტივალზე “თავგადასავალმა” (1960) მოიპოვა ჯილდო, ბერლინალეს მთავარი პრიზი “ღამემ” (1961) დაიმსახურა,  ფილმებს “დაბნელება”(1967) და  “ქალის იდენტიფიკაცია” კანის კინოფესტივალის პრიზები მიენიჭათ. თავად ანტონიონიმ კი 1961 წელს დავიდ დი დონატელოს პრემია, 1955 წელს ოსკარი მიიღო.  1983 წელს ანტონიონის ოქროს ლომი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

მიქელანჯელო ანტონიონის შემოქმედების მთავარი თემები მარტოობის შიში, თანამედროვე საზოგადოების სულიერი გაღარიბება, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნის პრობლემა იყო.

მიქელანჯელო ანტონიონი ორჯერ დაქორწინდა. ლეტიცია ბალბონთან უიღბლო ქორწინების შემდეგ, რეჟისორმა ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მსახიობ ენრიკა ანტონიონისთან ერთად გაატარა.

რეჟისორის  მუზად მსახიობ მონიკა ვიტის მიიჩნევდნენ, რომელმაც ანტონიონის რამდენიმე ფილმში მთავარი როლები  შეასრულა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.