fbpx

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi და Jam Project სპეცპროექტით – “გმირები”


გააზიარე სტატია

ვიდეოზე მუშაობდნენ:

  • პროექტის კოორდინატორი / MARIA ILCHENKO
  • ფოტოასისტენტი / GEORGE
  • ასისტენტი / SOFIA MCQUEEN

 

სტატიის ავტორი: ანა ბარი

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi და Jam Project წარმოგვიდგენს სპეციალურ პროექტს, რომელიც ხუთი თბილისელი ხელოვანის ვიდეოინტერვიუს აერთიანებს.

რა არის თავისუფლება? რა არის ბედნიერება? არის ეს უნივერსალური და გაზიარებული ხედვა? –  მთელ მსოფლიოში ადამიანები  საკუთარ თავს თითქოს ერთსა და იმავე შეკითხვებს ვუსვამთ. 

რამდენიმე წლის წინ დედაქალაქში ახალგაზრდობამ პროტესტი გამოხატა კლუბ “ბასიანში” პოლიციის რეიდის წინააღმდეგ, რომელიც საბჭოთა რეპრესიების მსგავსი იყო. მას შემდეგ სისტემის საწინააღმდეგო პროტესტი მთელ მსოფლიოში დაიწყო. სწორედ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ მთავარ ძალას კლიმატის ცვლილებისა და შემოსავლების მიტაცების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაეცანით მოკლემეტრაჟიან ფილმსა და ინტერვიუებს თბილისელ ხელოვანებთან, რომლებმაც გავლენა მოახდინეს იმ შემოქმედებით ბუმზე, რომელშიც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში იმყოფება.


ლადო ლომიტაშვილი, დიზაინერი, 1994 წლის 19 აგვისტო

რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?

სიმართლე გითხრათ, თავისუფლება უფრო მეტად ჩემს პროფესიას უკავშირდება. ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორედ პროექტის შექმნისას ვამჩნევ, თუ რამდენად თავისუფალი ვარ. რამდენად შორს შემიძლია წასვლა ამა თუ იმ პროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრისგან? ზოგჯერ დაბრკოლებები შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის სურვილმა, ბიუჯეტმა, პროექტის მასშტაბმა ან სხვა ფაქტორებმა. ცხოვრებაში ნაკლები შეზღუდვები მაქვს, ამიტომ თავისუფლების საკითხი ყოველდღიურ ცხოვრებაში თავს არ იჩენს.


რას ფიქრობთ ბედნიერების შესახებ?

მეორე მხრივ, ბედნიერება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ოჯახი, მეგობრები, ქალაქი, ყველა ეს ფაქტორი ჩემი ბედნიერების ხარისხს განსაზღვრავს.


როდის და სად გრძნობდით თავს ყველაზე ბედნიერად?

ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება შემიძლია; ბედნიერი ვარ ისეთ გარემოშიც, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანია.  ზოგადად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები და ინფორმაციის გაცვლა, საუბარი არქიტექტურაზე, ხელოვნებასა და დიზაინზე, ასევე პროფესიული გამოცდილების გაზიარება.


როგორია შენი ახლანდელი განწყობა?
ამ ეტაპზე მიჭირს დავუბრუნდე იმ მდგომარეობას, რომელშიც პანდემიის დაწყებამდე ვიყავი. ვსწავლობდი ეინდჰოვენის დიზაინის აკადემიაში, მაგრამ ვირუსის გამო სწავლის შეჩერება მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ძალიან საინტერესო პერიოდი მქონდა, გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი რამდენად მინდა კიდევ ერთხელ იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდე. მირჩევნია ჩემთვის  უფრო საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სრულიად ახალი პერიოდი დაიწყოს.

ამ პერიოდში უამრავი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. ვმუშაობ სამ დიდ პროექტზე, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის მუზეუმის განახლებას გულისხმობს. ამ დრომდე ვმუშაობდი რამდენიმე საგამოფენო პროექტზე, რაც საკმაოდ საინტერესო იყო.


ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

ყველა ადამიანი გმირია, ვინც იმას აკეთებს, რაც მას სიამოვნებს, მით უმეტეს, თუ ეს საქმე საზოგადოებისთვის სასარგებლოცაა.  ძალიან რთულია ამდენ პროფესიაში შენი ნამდვილი ვნების პოვნა და ამ საქმიანობის განხორციელებისთვის ყველა საჭირო უნარის გამოვლენა.


რა არის თქვენი დევიზი?

აკეთე და გიყვარდეს შენი საქმე ისე, რომ არ აქცევდე ყურადღებას ხალხის აზრს.


აღწერეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით.

ძნელია საკუთარი თავის სამ სიტყვაში ჩატევა. ვფიქრობ, უფრო ადვილი იქნება იმ სამი ეპითეტის არჩევა, რომელსაც ჩემი მეგობრები ან სხვა ნაცნობები ჩემს აღსაწერად იყენებენ. ესენია: მაღალი, შრომისმოყვარე და პირდაპირი.

 


სანდრო ფოფხაძე /DRO/ სკეიტბორდერი, რეპერი, TAMRA Skateboards, 1998 წლის 26 თებერვალი, თბილისი

რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?

წარსულში ყოველთვის მქონდა შთაბეჭდილება, რომ თავისუფლება უნდა ყოფილიყო რაღაც ტოტალური და მთლიანი რამე, რაც უამრავი ბრძოლისა და მუშაობის შემდეგ მიიღწევა. ახლა მივხვდი, რომ ბრძოლა და შრომა ჩვენს ცხოვრებას მუდმივად თან სდევს, ხოლო თავისუფლება კი დროებითია. თავისუფლების დროებითობაში ვგულისხმობ იმას, რომ მისი (ჩემი აზრით) მიღწევა ყოველთვის შეიძლება,  თუმცა  მხოლოდ დროის განსაზღვრულ, მოკლე მონაკვეთში. მაგრამ სწორედ ამ სწრაფწარმავალობაშია მთელი მისი სილამაზე დამალული.

ჩემს შემთხვევაში თავისუფლება ის მომენტია, როდესაც სკეიტბორდით ტრიუკის შესრულებაზე ვკონცენტრირდები, ან როდესაც ახალი მუსიკისთვის ვწერ ტექსტს, ან თუნდაც როცა წიგნებს ვკითხულობ, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც გარე სამყარო (რასაც რეალობას ვუწოდებთ) კარგავს თავის მნიშვნელობას და ყველა პრობლემა არარსებული ხდება.

თავისუფლება ჩემთვის არის განწყობა, როდესაც მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რაც მოგწონს და რასაც გინდა მიაღწიო. იგი შეიძლება განიცადო მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში, მაგრამ ეს იქნება ყველაზე ძვირფასი წუთი მთელი ცხოვრების მანძილზე.

როგორია თქვენთვის აბსოლუტური ბედნიერება? როდის და სად გრძნობდით თავს ყველაზე ბედნიერად?

უცნაურია, მაგრამ მე არ ვარ ისეთი სოციალური, როგორც ეს შეიძლება მედიაში ჩანდეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მიჭირს სოციალიზაცია, მაინც მირჩევნია ვიყო მარტო ჩემს ფიქრებთან  და ბევრი არ ვილაპარაკო. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ასობით ან ათასობით ადამიანის წინაშე გამოვდივარ.

მსმენელთან გამოსვლის წინ ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ, ვფიქრობ, რომ შეიძლება რამე არასწორად გამოვიდეს, სტრესის გამო მიჭირს საუბარი, მაგრამ როგორც კი სცენაზე ფეხს ვდგამ, ჩემი ტვინი სხვა რეჟიმზე გადადის: “სუპერ თავდაჯერებული DRO რეჟიმი” (super confident DRO mode).  ეს მაშინ ხდება, როდესაც ყველაზე ბედნიერი ვარ. ამ დროს ყველაფრის განხორციელება შესაძლებელი მგონია და ხალხთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო ხდება. შემიძლია სცენაზე საათობით ვიდგე.


როგორია თქვენი ამჟამინდელი განწყობა?

ჩემი დღევანდელი ფიქრები განუწყვეტლივ სამუშაოს ეხება. რაც უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი, დროც მით უფრო სწრაფად გადის და  უფრო მეტად აფასებთ მის ღირებულებას. ახლახან დავიწყე მუშაობა ხმის რედაქტორად/დიზაინერად პოსტ-პროდუქციის სტუდიაში Post Red. ეს ყველაფერი დროის ორგანიზებაში მეხმარება, ვცდილობ, რომ სამუშაო საათების შემდეგ უფრო ნაყოფიერი ვიყო და ვკონცენტრირდე უფრო მნიშვნელოვანზე.


ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

ჩემი გმირები არიან ჩემი შეყვარებული, დედა, მამა, ოჯახი და ყველა ის ადამიანი, ვისაც დიდი წვლილი შეაქვს იმ საქმეში, რასაც აკეთებს. რთულია ისეთი რამის ნახვა, რაც ნამდვილად კარგად არის შესრულებული, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში,  სადაც არავინ არაფერზე ღელავს  ფულის კეთებისა და ყალბი რეაქციების გარდა.


რა არის თქვენი დევიზი?

ჩემი დევიზია მანქანაში საკამოტო.


აღწერეთ თავი სამი სიტყვით.

ანტი სოციალური ექსტრავერტი.

 


გიორგი ქებურია, დიზაინერი, 1990 წლის 6 ოქტომბერი, თბილისი

რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?

მიმაჩნია, რომ თავისუფლება თანასწორობას და კანონის დაცვას გულისხმობს, მთავარი კი აქ ისაა, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.

ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის, თავისუფლების მიღწევა რთული და ძალიან ვრცელი პროცესია, რაც მუდმივ პროტესტს მოითხოვს. ყველაფრის მიუხედავად, მე სიტყვას “თავისუფლება” გარკვეულწილად „არარეალურად“ მივიჩნევ, რადგან მას ყოველთვის სჭირდება დროის შესაბამისად განახლება.


როგორია თქვენთვის აბსოლუტური ბედნიერება?

ვფიქრობ, თუ გინდა, რომ მართლა ბედნიერი იყო, მიზანი უნდა დაისახო.  ბედნიერების მისაღწევად უნდა იმუშაო. ჩემთვის ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთულია, ის ათწლეულში რამდენჯერმე მოდის და შენთან მხოლოდ რამდენიმე წამით რჩება.

როდის და სად იყავით ყველაზე ბედნიერი?

ჩემთვის ბედნიერება ასოცირდება ჩემს ბრენდთან, რადგან მთელი ჩემი ენერგია –   ფიზიკური და ემოციური –  მასში ჩავდე. 2-3 წლის წინ, როდესაც კონკრეტულ მიზანს მივაღწიე, ბედნიერი მომენტები მქონდა. ბედნიერება ჩემთვის წარმოუდგენელია, რამე დიდ იდეაზე ორიენტირებისა და მიზნის მიღწევის გარეშე.  ვერ ვპოულობ ბედნიერებას ურთიერთობებში, ამ ეტაპზე ჩემთვის საინტერესო არ არის.


როგორია თქვენი ამჟამინდელი განწყობა?

ვცდილობ, რაც შეიძლება  სტაბილური ვიყო გონებრივად. ვმუშაობ გონების გაძლიერებაზე.


ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

სერენა უილიამსი და ნიკოლა გესქიერი. კიდევ რამდენიმე ადამიანს ჩამოვთვლიდი, მაგრამ ესენი არიან, ვისგანაც რაღაცას ვსწავლობ.


რა არის თქვენი დევიზი?

მე არ მაქვს ასეთი რამ.


აღწერეთ თავი სამი სიტყვით.

ბევრჯერ დაუსვამთ ეს კითხვა და პასუხის გასაცემად ყოველთვის დიდი დრო მჭირდებოდა. ვფიქრობ, რა პასუხიც უნდა გავცე, ჩემთვის ავთენტური არ იქნება, ამიტომ მიჭირს საკუთარი თავის აღწერა თუნდაც 1 სიტყვით.


ათუ გელოვანი, ხელოვანი, დიზაინერი. 1994 წლის 19 სექტემბერი, თბილისი

რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?
თავისუფლება ეს არის შესაძლებლობა ვაკეთო ყველაფერი, რაც მინდა – ყოველგვარი საზღვრების გარეშე. დაბრკოლებების გადალახვა და საკუთარი თავის სრულად გამოხატვა – ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.


რას ფიქრობთ ბედნიერების შესახებ?

ბედნიერებაა იმის კეთება, რაც  მიყვარს და იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც მიყვარს.


როდის და სად იგრძენით თავი ყველაზე ბედნიერად?

რთულია მხოლოდ ერთი შემთხვევის გახსენება. ჩემს ცხოვრებაში უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი ყოფილა, რაც  მეგობრებს, ოჯახს და  საქმეს უკავშირდება. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს იმით, რომ ასეთი მომენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. ახალი ხალხის გაცნობა, სხვადასხვა პროექტზე მუშაობა, ახალი შეთავაზებების მიღება, უბრალოდ გართობა, დალევა და დროის გატარება ჩემს მეგობრებთან ერთად – ეს ყველაფერი ნამდვილად მახალისებს და შთამაგონებს.

როგორია თქვენი ამჟამინდელი განწყობა?

სიმართლე გითხრათ, გაორებული ვარ. თავიდან, ამ პანდემიური შეშლილობის ნაცვლად, სიმშვიდე დამეუფლა, თუმცა ახლა გადატვირთული და ცოტა დაბნეული ვარ. მაგრამ  ნელ-ნელა ყველაფერი თავის  ადგილს უბრუნდება და თავს უფრო მოტივირებულად ვგრძნობ. ზოგადად, მჯერა, რომ ეს წელი  მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი იქნება.


ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

ჩემთვის გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს.


რა არის თქვენი დევიზი?

“სცადე და დამარცხდი. არა უშავს, კიდევ სცადე. კვლავ დამარცხდი. უკეთ დამარცხდი”. – სამუელ ბეკეტი

ვცდილობ, რომ არ მქონდეს წარუმატებლობის შიში, უფრო მეტიც, მარცხს ცხოვრების ნაწილად მივიჩნევ და  მჯერა, რომ ის წარმატებისა და თვითგანვითარების თესლს შეიცავს. რისკისგან თავის შეკავება და კომფორტის ზონაში დარჩენა შეუძლებელია იყოს ცვლილებების მომტანი. 


აღწერეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით.

გულწრფელი, მზრუნველი და მხარდამჭერი ალბათ.

 


გიორგი ქოჩიაშვილი, ხელოვანი, 1992 წლის 5 მაისი, თბილისი


რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?

თავისუფლება ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვა, თავისუფლებაა,  როცა ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად სქესის, ორიენტაციისა და კანის ფერისა, პატივისცემას იმსახურებს და არც არჩევანშია შეზღუდული.

როგორია თქვენთვის აბსოლუტური ბედნიერება?

რაც შეიძლება ადრე გაღვიძება


როდის და სად გრძნობდით თავს ყველაზე ბედნიერად?

ეს მართლაც გრძელი სიაა.

როგორია თქვენი ამჟამინდელი განწყობა?

ძალიან ანალიტიკური, ბევრი ფიქრის პროცესში ვარ.


ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

ადამიანები, რომლებმაც თავად შექმნეს საკუთარი თავი.  


რა არის თქვენი დევიზი?

ჩემი მიზნები.


აღწერეთ თავი სამი სიტყვით.

დიდი წიგნი  ძვირფასო.

 

გრიგორ დევეჯიევი, ვიზუალური ხელოვანი, დაიბადა1984 წლის 14 მარტს სოხუმში, ახლანდელი ლოკაცია  თბილისი 


რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?

თავისუფლება მთლიანად ბრძოლის შედეგია. ნამდვილი თავისუფლებაა, როდესაც არ გჭირდება ბრძოლა საკუთარ თავთან.


როგორია შენთვის აბსოლუტური ბედნიერება?

ჩემთვის ბედნიერებაა ისეთი გრძნობა, რომელიც  შინაგან კომფორტთან და გარემოსთან არის დაკავშირებული. ასე რომ, მაქსიმალურად ვცდილობ ვიკონტაქტო მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ნამდვილად მსურს, გავაკეთო საქმეები, რაც ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ ბედნიერება მარტივია, თუ ზუსტი სტრატეგია გაქვს.  ჩემთვის ბედნიერება მიღწევადი მდგომარეობაა.


როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი?

თბილისში, სახლში და სამსახურში.


როგორია თქვენი ამჟამინდელი განწყობა?

ახლა ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რადგან იმ ხალხთან ერთად ვარ, ვისთანაც ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ვგულისხმობ ჩემს გუნდს. ჩვენთვის შეზღუდვები და კრიზისი სიახლე არ ყოფილა. ომი, სამოქალაქო ომი, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური არეულობა, არასტაბილურობა ჩვენთვის უცხო არ ყოფილა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო ნორმა. შევთანხმდით, რომ სხვა სამყარო არ არსებობს და არც იარსებებს. ჩვენ  ალტერნატიული რეალობა გამოვიგონეთ და სწორედ იმ მომენტში აღმოვაჩინეთ ჩვენი შესაძლებლობები. მივხვდით, ვინ ვიყავით და რა უნდა გაგვეკეთებინა.

ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

ზოგადად, ჩემთვის გმირის ცნება არ არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს  “გმირობა”. გმირის სტატუსს ადამიანებს ხალხი  ანიჭებს  – ყველას შეუძლია გახდეს გმირი. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ ცხოვრებაში არსებულ გმირებზე, მაშინ  ჩემთვის ასეთი საკუთარი დედაა.


რა არის თქვენი დევიზი?

პატივი ეცი საკუთარ თავს. თუ საკუთარ თავს პატივს სცემთ, საკუთარ თავზე ზრუნავთ, გიყვართ საკუთარი თავი   და იღებთ ისეთს, როგორიცაა – პროდუქტიული ხდებით.


აღწერეთ თავი სამი სიტყვით.

ვფიქრობ, ეს არასწორი და შეუძლებელია. თუ ვეცდები, უნდა მოვიტყუო, ასე არ მინდა.)

 

მერაბ ჭუმბურიძე, ვიზუალური ხელოვანი. დაიბადა 1994 წლის 10 ივლისს თერჯოლაში, ახლანდელი ლოკაცია თბილისი

რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?

ჩემთვის გულწრფელობა არის თავისუფლება. რაც უფრო გულწრფელია ადამიანი, მით უფრო თავისუფალია.  


როგორია თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება? 

ბედნიერება ჩემთვის გაუცნობიერებელი კმაყოფილებაა. როდესაც ვერ იგებ, რატომ ხარ ბედნიერი, მაგრამ შემდეგ აცნობიერებ.


როდის და სად გრძნობ თავს ყველაზე ყველაზე ბედნიერად?

 როდესაც ჩემ გარშემო ყველაფერი მომწონს, მაგრამ სინამდვილეში რა მომწონს, არ ვიცი.  როცა მე ვგრძნობ საკუთარ თავს, ჩემს სხეულს, რომ მე ვარ მერაბ ჭუმბურიძე, რომელიც ახლა და აქ ვცხოვრობ, ვგრძნობ ჩემს ძალასა და ენერგიას. ეს იშვიათად ხდება, როდესაც ქუჩაში მარტო დავდივარ… იქნებ ეს არის საუკეთესო გაურკვევლობა.


როგორია თქვენი ამჟამინდელი განწყობა?

ზუსტად არასდროს ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა  ან მომავალში რა უნდა გავაკეთო. მართალი გითხრათ, არ მინდა მხოლოდ ერთ პროფესიასთან იდენტიფიცირება. ახლა ზუსტად ვიცი, რომ დღეს იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ჩემს გუნდთან ერთად შემიძლია სხვადასხვა რამის კეთება, ვიზუალური ექსპერიმენტები. ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას, საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ადგილას დავინახო.

ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

მე არ მომწონს სიტყვა “გმირი”. ეს სიტყვა მათგან მაშორებს, მაგრამ ჩემთან ახლოს  ასეთი ძალიან ბევრია.


რა არის თქვენი დევიზი?

ნუ იტყვი ორჯერ ერთ ხუმრობას.


აღწერეთ თავი სამი სიტყვით.

არ მსურს აღვწერო ჩემი თავი სამი სიტყვით.


ორიგინალი: http://fuckingyoung.es/

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.