წარმატებული დიზაინერი, რომელიც ლოგოებს ქმნიდა, ხელოვნური ინტელექტი აღმოჩნდა
ავტორი: მარკ ვილსონი
ნიკოლაი ირონოვი ერთი წლის განმავლობაში ლოგოებს ინფლუენსერებისთვის, რესტორნებისთვის, აპლიკაციებისა და ახალი პროდუქტებისთვის ქმნიდა. რუსული დიზაინერული ფირმის, Art.Lebedev Studio-ს თანამშრომლით ყველა კლიენტი კმაყოფილი იყო – ეს არც გაგიკვირდებათ, თუ მის პორტფოლიოს იხილავთ.
ამ ამბავში ყველაზე უცნაური ის არის, რომ ნიკოლაი რეალური ადამიანი კი არა, ხელოვნური ინტელექტია, რომელიც კომპანიამ შექმნა. მექანიზმი ხელით დახატულ ვექტორულ სურათებზე “ვარჯიშობს”, რითაც ის ბრენდის დიზაინის გენერირებას სწავლობს. ის დაახლოებით ჰგავს AI-ს, რომელიც იმდენ სურათს შეისწავლის, რომ შემდგომ სხვადასხვა ნაწილებით “რეალური” ადამიანების ფოტოების შექმნაც შეუძლია.
სისტემა ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ლოგოს შემთხვევითი გენერატორი. ის შემდეგი პრინციპით მუშაობს: ადამიანი დიზაინერი კომპანიის შესახებ ტექსტს სისტემაში შეიყვანს, ამ ტექსტიდან კი ხელოვნური ინტელექტი საკვანძო სიტყვებს, ე.წ. Keyword-ებს არჩევს ვიზუალის შესაქმნელად. ამის შემდეგ ალგორითმი დიზაინის უხეშ ნაწილებს ასწორებს და ფერთა პალიტრას ქმნის. საბოლოოდ, ადამიანი დიზაინერი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბრენდინგის ვარიანტების სერიას იღებს, რომელთაგანაც თითოეული განსხვავებულია და როგორც კომპანია აღნიშნავს, ზოგიერთი “გიჟურადაც” გამოიყურება. ნიკოლაი ირონოვის სისტემაში მუდმივად ამატებენ სხვადასხვა ვიზუალურ სტილს, რათა მისი კრეატიულობა არ შეიზღუდოს.
სიმართლე რომ ითქვას, გენერირებული ლოგოს დიზაინი სიახლე არ არის. ზოგიერთი ბრენდი სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი – მათ მუდმივად შეუძლიათ განვითარება, ოღონდ სპეციფიკური დიზაინერული პარამეტრების გათვალისწინებით, რათა მომხმარებელმა ბრენდის ამოცნობა შეძლოს რებრენდინგის შემდეგაც. კომპანიები, როგორებიცაა Adobe და Autodesk, დიზაინერულ პროცესში AI-ს უკვე გვთავაზობენ. ინტერნეტში ლოგოს დიზაინის უამრავი საიტი არსებობს, რომლებიც ალგორითმისა და ზოგადი კომპონენტების შეთავსებით ბრენდინგს ქმნიან. თუმცა, ნიკოლაი ირონოვში განსაკუთრებული ის არის, რომ ის წარმატებულად ქმნის ნამდვილ კომერციულ ბრენდებს და ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტი დიზაინის სფეროში შორეული მომავალი კი არა, აწმყოა.
ორიგინალი: https://www.fastcompany.com/