fbpx

შემოქმედებითი კლასტერი თუშეთში – პროგრამა AqTushetii


გააზიარე სტატია

ავტორი: ნიკა ნადირაშვილი

ფოტო: aqtushetii.com

 

“ისინი, ვინც მწვერვალებს ესწრაფვიან, სანახევროდ საკუთარ თავზე და სანახევროდ [ცნობიერების] უფსკრულებზე არიან შეყვარებულები“.  – რობერტ მაკჶარლეინი

პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა – მათ კი, ვინც ეს უბრალოდ ინფორმაციის დონეზე ვიცოდით,  შეგვაგრძნობინა – რომ საქართველო უმდიდრეს ტურისტულ პორტფოლიოს გვთავაზობს. 

ალბათ, სხვა დანარჩენთან ერთად, თავისუფლებაა ის,  რაც ყველა დასვენებას თან უნდა ახლდეს. როგორც ამბობენ, თავისუფლება (მხოლოდ) მთებშია…

თუშეთის მთებში, კონკრეტულად კი სოფელ ომალოში, თავისუფლებასთან ერთად AqTushetii-ის შემოქმედებითი პლატფორმა ფესტივალს და სარეზიდენციო პროგრამას აერთიანებს. მისი მიზანია საერთაშორისო მონაწილეების ჩართულობით, ხელოვნების, ზოგადად, კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების მუდმივქმნადობის წახალისება და გაძლიერება თუშეთში. 

პლატფორმა ებრძვის ყოველგვარ იერარქიას. ერთი მხრივ, ეს არის კარგად დაგეგმილი შემოქმედებითი პროცესი, თუმცა, წინასწარ  მხოლოდ იმ პირობით და მასშტაბით იგეგმება,  რომ მონაწილეებს ჰქონდეთ აბსოლუტური თავისუფლება/ავტონომიურობა და მუდმივი ექსპერიმენტების საშუალება საკუთარი შემოქმედებით-ინტელექტუალური თავგადასავლებისას. გაიდლაინში წერია: „სხვები [რეზიდენტები] მზად არიან დაგეხმარონ, როდესაც ეს შენ გჭირდება; თუმცა, შენგანაც ამავეს ელიან“. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ AqTushetii შემოქმედებითი კლასტერია, სადაც  უცნობი  პროფესიონალები ერთმანეთს აძლიერებენ და საერთო შემოქმედებით პროცესს აღვივებენ. 

AqTushetii-ის შემოქმედებითი პროგრამა წელს 10 აგვისტოდან იხსნება და ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება. პირველი რეზიდენციაა, რომელში მონაწილეობა  შეუძლიათ ხელოვნების ყველა დარგის და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს – ფილოსოფოსებს, ანთროპოლოგებს, მწერლებს და ა.შ.  ჩამომსვლელებს ადგილზე დახვდებათ: შიდა და გარე სივრცის სახელოსნოები, მათ შორის ფოტო- და კერამიკის სახელოსნო, აღჭურვილი ყველა საჭირო დანადგარით; სცენა საშემსრულებლო ხელოვნებისთვის, ასევე აღჭურვილი პროფესიონალური საუნდ-სისტემით; საგამოფენო სივრცე… ხმის ჩამწერი სტუდიაც კი…

სარეზიდენციო პროგრამების ხანგრძლივობა  1 თვეა და მათი ღირებულება 600-დან 750 ევრომდე მერყეობს. გარდა რეზიდენციებისა, AqTushetii დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვორქშოფებს ფოტოგრაფიის, ტრადიციული, თუშური ფარდაგების  ქსოვის და კერამიკის მიმართულებით. აღნიშნული ვორქშოფების ხანგრძლივობა საშუალოდ 10 დღეა და საფასური 350-დან 500 ევრომდე მერყეობს. ყველა გადასახადი მოიცავს ტრანსპორტირების, განთავსების და კვების ხარჯებს. წელს  AqTushetii  სხვადასხვა ფონდის, საელჩოსა და ანონიმური დონორის დახმარებით, ვორქშოფებისთვის ნაწილობრივ ან მთლიანად აფინანსებს რამდენიმე მონაწილეს.

აღსანიშნავია, რომ AqTushetii-ის ფარგლებში გამართული ფესტივალი, რომელიც ხელოვნების და, განსაკუთრებით, მუსიკის მრავალ დარგს/მიმდინარეობას, ასევე ლექცია-პრეზენტაციებს და სხვადასხვა ფორმატის შემეცნებით აქტივობებს აერთიანებს, დამსწრეთათვის  უფასოა.

AqTushetii უკვე 4 წელია ყოველწლიურად ტარდება. 

მაშინ, როდესაც პერიოდული და, განსაკუთრებით, მულტიდისციპლინური სახელოვნებო ღონისძიებების გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მთელ ქვეყანაში,  დავინტერესდი და იმის გასარკვევად, თუ როგორ მოახერხეს AqTushetii-ის შემქმნელებმა ასეთი გამძლე, მუდმივად მზარდი და უნიკალური პლატფორმის შექმნა და შენარჩუნება თუშეთში, პლატფორმის დამფუძნებელს, ალექსანდრე ზათიაშვილს  რამდენიმე კითხვით მივმართე.

რამ განაპირობა AqTushetii-ის დაარსება? რა იყო ის ფაქტორები, რაც ჩათვალეთ, რომ თქვენს ინიციატივას წარმატებულს გახდიდა? 

AqTushetii-ის დაარსება განაპირობა საქართველოში, და ზოგადად, ჩვენს რეგიონში მსგავსი პლატფორმის ნაკლებობამ, ან თუნდაც არარსებობამ. თავდაპირველი იდეა სხვა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში AqTushetii იმ ადგილად ჩამოყალიბდა, სადაც სხვადასხვა დარგში მომუშავე  შემოქმედი ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან და ცოდნასა და გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა AqTushetii-ის არსებობა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, არა მხოლოდ ბიზნესის თვალსაზრისით, არამედ მათი ჩართულობის და დაინტერესების მხრივაც. ჩვენი წარმატების საზომი ალბათ ის ადამიანები არიან, ვინც AqTushetiiში სტუმრობის შემდგომ ჩვენი თანამოაზრეები ხდებიან, მონაწილეობენ  მის მშენებლობაში, ახორციელებენ თავიანთ იდეებსა თუ პროექტებს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ შევქმნათ ადგილი/პლატფორმა, რომელსაც ჩვენი მხრიდან მოვამარაგებთ მაქსიმალური რესურსით, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც გვესტუმრება, მივცემთ სრულ თავისუფლებას თავიანთი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. 

რამდენი ადამიანისგანაა  მუდმივი გუნდი დაკომპლექტებული და რა როლს ასრულებს მოხალისეების პროგრამა AqTushetii-ის ყოველწლიურ გამოშვებებში?  

მუდმივი გუნდი დაახლოებით 10 ადამიანისგან შედგება, თუმცა ის მზარდია და გვინდა ვთქვათ, რომ დიდი მხარდაჭერა გვაქვს მათგან, ვინც რეზიდენტად ან ფესტივალის მონაწილედ ჩამოდის, რადგან თითქმის ყველა მათგანს თავის წვლილი შეაქვს ამ სივრცის მშენებლობაში.

მოხალისეები წელს პირველად ავიყვანეთ და ისინი გარკვეულწილად ყველაფერში იქნებიან ჩართული. მათ ასევე საშუალება ექნებათ დაესწრონ ღონისძიებებს და ისარგებლონ ადგილზე არსებული რესურსებით.

გარდა მოხალისეობრივი წვლილისა, რა არის ინიციატივის შემოსავლის წყაროები, როგორც შემოქმედებითი პროგრამის განხორციელებისთვის, ისე ინფრასტრუქტურის (შენობა, კომუნალური გადასახადები) და ხელფასების უზრუნველყოფის თვალსაზრისით?

 

შარშან და წელს შემოქმედებითი საქართველოსგან მოვიპოვეთ მცირე გრანტი ფესტივალის ჩასატარებლად, ასევე სლოვაკეთის საელჩოსგან მოვიპოვეთ გრანტი თუშური ტრადიციული ფარდაგების ქსოვის სახელოსნოს მოსაწყობად  და ვორქშოფის ჩასატარებლად. გვყავდა რამდენიმე დონორი, რომლებმაც  თავიანთი ინიციატივით ისურვეს და დააფინანსეს ქართველი ხელოვანები. თავად შენობა და მისი ინფრასტრუქტურა, რომელიც მუნიციპალიტეტისგან, აუქციონის წესით, 49-წლიანი  იჯარით გვაქვს აღებული,  უმჯობესდება და ფუნქციონირებს ჩემი და ჩემი მეგობრების ფინანსური მხარდაჭერით, ხარჯების ნაწილის დაფარვაში გვეხმარება რეზიდენტების მიერ გადახდილი თანხა. ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში გავხდეთ ფინანსურად თვითკმარი და შევქმნათ ფონდი, რათა შევძლოთ ქართველი ხელოვანების დაფინანსება. 

რა არის ის პრობლემური საკითხები, რომელთა გადაჭრისთვისაც ეფექტური იქნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის და ზოგადად, ქვეყანაში არსებული შესაბამისი სამთავრობო უწყებების (განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) ჩართულობა?

კარგი იქნებოდა თანამონაწილეობით და თანადაფინანსებით მეტ ადგილობრივ არტისტს მიეცეს მსგავს პროგრამებში ჩართვის შანსი. ზოგადად, საქართველოში ხელოვნების დარგში საკმაოდ მწირია ინდივიდუალის კარიერული განვითარების მიმართულებით დაფინანსება. მაგალითად, რეზიდენტების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნებიდან, დაფინანსებას თავიანთ ქვეყანაში იღებს იმისათვის, რომ მსგავს პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა.

რა არის ის მთავარი პრინციპები, რომლითაც რეგიონული შემოქმედებითი ინიციატივების მენეჯერებმა უნდა იხელმძღვანელონ?

ადგილობრივ თემებთან სწორი კომუნიკაცია და მათთან პარტნიორობა! ხშირ შემთხვევაში მსგავსი ინიციატივები დიდ სარგებელს აძლევს  ადგილობრივ თემებს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. ამისათვის სწორი კომუნიკაცია და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს ადგილის უპირატესობები და შემდგომ მოხდეს რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია.

აღნიშნული სტატია  მომზადდა ევროკავშირის/იუნესკოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების ფარგლებში. პროექტის მიმდინარეობისას შემოგთავაზებთ თემის ირგვლივ ანალიტიკურ სტატიებს საქართველოში შემოქმედებითი სივრცეების განვითარება-მხარდაჭერასა და ზოგადად, სექტორში არსებულ გამოწვევებზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.