ვინტაჟური ტანსაცმელი და ნივთები ქართულ Instagram-ზე
ავტორი: გვანცა ფოცხვერია
როდესაც გარდერობის განახლება გსურთ, რაღაც განსხვავებულს და იშვიათს ეძებთ ხელმისაწვდომ ფასად, ვინტაჟ-მაღაზიები საუკეთესო გამოსავალია. რას არ აღმოაჩენთ აქ – უნიკალურ ნივთებს, ქსოვილებს, ბრენდების ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ხანია აღარ იქმნება, თუმცა დროს გაუძლო და დღეს კიდევ უფრო მიმზიდველია.
მეორადი ტანსაცმლის შეძენა ერთგვარი კულტურაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 70, 80, 90-იანი წლების მოდა 21-ე საუკუნეს იპყრობს, მილენიალების გარდერობი უნიკალური ნივთებით ივსება – ტანისამოსით, რომელსაც თავისი ისტორია აქვს.
ვინტაჟური ტანსაცმლის და ნივთების აღმოსაჩენად ყველაზე კარგი სივრცე – ინსტაგრამია. ჩვენ შევეცადეთ შეგვერჩია საინტერესო ვინტაჟ-მაღაზიები საქართველოში, რომლებიც ონლაინ ვაჭრობენ.
WhyNotVintage წარმოგიდგენთ უნიკალურ აქსესუარებს, სამკაულებს, ფეხსაცმელს თუ ტანისამოსს. აქაურობას თავის კონცეფცია აქვს და ყველა ნივთი, რასაც აქ ნახავთ, ამ კონცეფციის ნაწილია. Let’s meet again, for the first time – ხელახლა აღმოაჩინეთ და შეიძინეთ პროდუქცია, რომელიც სხვა ეპოქაში შეიქმნა, თავის ისტორია აქვს და გამორჩეულია. სტილი, რომელსაც ამ სივრცეში იპოვით, ყველა დროსა და სივრცეს ესადაგება.
Pauline Wears – not from Paris madame, for Tbilisi madame
ვინტაჟ-მაღაზია 2017 წლიდან ფუნქციონირებს და თავის მომხმარებელს უნიკალური ტანისამოსის არჩევანს სთავაზობს. ამ სივრცის კონცეფცია გამოკვეთილია – პარიზული ესთეტიკა თბილისურობასთან სინთეზში. ყველა ფოტო დამახასიათებელია – ფერები, ტონალობა, ტანისამოსის კომპლექტი, გაფორმება. თქვენ აღმოაჩენთ სადა და ამავდროულად, გამორჩეულ ტანსაცმელს. აქ სტილი დაცულია.
ამ სივრცეში შემოსვლისთანავე ჭრელი 60-70-იანი წლები გაცოცხლდება – კაშკაშა ფერები, ლეგინგები, ბომბერები, ჯინსები და ტყავის ქურთუკები, სტილი, რომელმაც ოდესღაც მსოფლიო დაიპყრო და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. აქაურობა მილენიალების საყვარელი ადგილია, სადაც საკუთარ სტილს ირჩევენ.
Peachy Vincent Shop – Because It’s Shop O’clock Somewhere
ამ სივრცეში საზაფხულო განწყობაა – კაშკაშა და ნათელი ფერები, ჭრელი ყვავილები და ყველაზე გამორჩეული ქსოვილები. თქვენ აქ აუცილებლად აღმოაჩენთ ამ სეზონისთვის შესაფერის ტანისამოსს. კაბები, ქვედაბოლოები, სადა და დახვეწილი ზედა ტანსაცმელი – ყველაფერი გულდასმით შერჩეული, გამზადებული და თქვენთვის მოწოდებული.
კიმონოები, ტოპები, საცურაო კოსტიუმები, ჭრელი ზედატანები და ბრიჯები, შეარჩიეთ ვინტაჟური ტანისამოსი, რომელიც დღეს ყველაზე უფრო ტრენდულია. ამ სივრცეში ძველი თანამედროვეობასთან სინთეზშია. შეიძინეთ ხელმისაწვდომ ფასად ის, რაც სხვა ეპოქაში, სხვა სივრცეში შეიქმნა და დღეს მოდაშია.
თუ თქვენ მოგწონთ თავისუფალი სტილი, უფორმო სამოსი, ჭრელი და გამორჩეული, უნიკალური პრინტის ქსოვილები, ესტუმრეთ ამ ვირტუალურ სივრცეს. აქ თქვენ დაგხვდებათ ყველაზე დიდი არჩევანი ვინტაჟური პერანგების, რომელსაც როგორც გოგონები, ისე ბიჭებიც მოირგებენ. ჩაიცვით ის, რაც ყველაზე მეტად გამოხატავს თქვენს თავისუფლებას.