fbpx

5 მეცნიერულად დადასტურებული გზა, რომელიც თქვენს ტვინს გააძლიერებს


გააზიარე სტატია

 
ავტორი: ჯულიან ჰეისი

 

თქვენი ბიზნესმიზნების შესრულების მაჩვენებლის (KPI),  ჯანმრთელობისა და სხვა პერსონალური საკითხების ეფექტურობა თქვენს ტვინზეა დამოკიდებული. 

ანტრეპრენერებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკური, არამედ კოგნიტური ფიტნესიც. კოგნიტური ფიტნესი შემდეგი 10 კატეგორიის ერთობლიობაა: ყურადღება, კონტროლი, მახსოვრობა, აღქმა, ენა, სოციალური და ემოციური ფუნქციონირება, დაგეგმვა, ლოგიკა, საანგარიშო უნარები, კრეატიულობა,  წარმოსახვა და მოტივაცია.

თუ ეს ყველაფერი ძალიან ბევრი გეჩვენებათ, არ იდარდოთ – ჯანსაღი და ძლიერი ტვინის განვითარება თავად შეგიძლიათ, თუ ამ 5 პრაქტიკულ ჩვევას დანერგავთ თქვენს ცხოვრებაში.

 

მიირთვით მეტი ომეგა -3

ომეგა-3 თქვენი ტვინისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროტეინი კუნთებისთვის და კალციუმი ძვლებისთვის. ადამიანის ტვინის თითქმის 60% ცხიმია. მის შიგნით არსებული დიდი ნაწილი შედგება ომეგა-3-ის კლასის ცხიმოვანი მჟავისაგან, რომელსაც დოკოზაჰექსაენური მჟავა (DHA) ეწოდება და ის ტვინს ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობაში ეხმარება.

ომეგა-3 გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას, დეტალებისადმი დაკვირვებულობასა და ხასიათს – დასაწყისისთვის შეგიძლიათ კვირის მენიუში ჩართოთ ისეთი საკვები, როგორიცაა ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, კალმახი და ა.შ. თუ ეს არ გსურთ, მაშინ აფთიაქში კაფსულები იყიდეთ.

 

ითამაშეთ ჭადრაკი

2010 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში, რომელიც  ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჟურნალში  გამოქვეყნდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჭადრაკის თამაში თქვენი ტვინის ორივე მხარეს აძლიერებს. ამასთან, ის  დენდრიტების ზრდასაც ასტიმულირებს – ეს არის ნეირონის მოკლე, დატოტვილი ნაწილი, რომლებიც შემოსულ ინფორმაციას იღებენ. ამრიგად, უფრო დიდი და სწრაფი ნეირონების საშუალებით ინფორმაციის დამუშავების უნარი გაგიუმჯობესდებათ. კარგი ამბავი: ჭადრაკი შეგიძლიათ  ონლაინაც ითამაშოთ: chess.com

 

ისწავლეთ ახალი ენა

 მუდმივად მზარდ და  მრავალფეროვან  სამყაროში ახალი ენის სწავლა ნამდვილად სასარგებლოა.  2012 წელს NeuroImage-ში  გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი ენების შესწავლაზე მუდმივი ვარჯიში ჰიპოკამპუსის (ტვინის მთავარი კომპონენტი) მოცულობას ზრდის, რაც პირდაპირ კავშირშია  მეხსიერებასთან. ამასთან, ჩვენ მუდმივად გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება   ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც დამატებით ენაზე საუბრობენ,  გადაწყვეტილებებს ბევრად უფრო რაციონალურად იღებენ, ვიდრე ემოციურად.

თუ პირადი მასწავლებლის დაქირავება ან უცხო ქვეყანაში მოგზაურობა არ შეგიძლიათ, მაშინ ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერას გირჩევთ (მაგ.: Duolingo) – დაუთმეთ ახალი ენის სწავლას/პრაქტიკას დღეში მინიმუმ 15 წუთი და ჩვევა ნელ-ნელა გამოგიმუშავდებათ.

 

დაიწყეთ წერა

როდესაც სტრესის შემსუბუქებაზე ვფიქრობთ, გონებაში ათობით ვიტამინის სახელი გვახსენდება, თუმცა, გარდა ამისა,  შეგიძლიათ წერა დაიწყოთ. არ არის აუცილებელი გასაოცარი რომანი დაწეროთ, ან  ტოლსტოი გახდეთ –  უბრალოდ წერეთ, რაც გინდათ, რადგან ეს ჩვევა კრიტიკულ აზროვნებას გაგიუმჯობესებთ. 2005 წლის კვლევის მიხედვით, ემოციური, სტრესული ან ტრავმული მოვლენების შესახებ 15-20-წუთიანი წერა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. 

 

ისწავლეთ ცეკვა

Frontiers in Aging Neuroscience-ის 2016 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული კვლევის  მიხედვით, ცეკვა ცერებრალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, კერძოდ კი სივრცულ მეხსიერებას.

 

ორიგინალი: https://www.entrepreneur.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.