fbpx

საფეხბურთო ფსიქოდელია გრძელდება


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დღევანდელ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს ერთგვარი საფეხბურთო ფსიქოდელიაც შეიძლება ეწოდოს, რადგან ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა ტურნირებით გამოწვეული არაჩვეულებრივი ქაოსი შინ დარჩენილ მაყურებელს მუდმივად სეირის მომლოდინე მდგომარეობაში ამყოფებს. 

უმაყურებლო ფეხბურთის ნაკლოვანებების შესახებ გაუთავებელი სჯა-ბაასის მიუხედავად კი, სცენარი, რომლის მიხედვითაც სტადიონზე მისული გულშემატკივარი „მეთორმეტე ფეხბურთელის“ როლს ასრულებს, დიდად არ შეცვლილა, რადგან ძლიერი გუნდები გულშემატკივართა დახმარების გარეშე ნეიტრალურ მოედნებზეც ახერხებენ შედარებით სუსტი მეტოქეების დამარცხებას, როგორც ეს მაგალითად, ევროპის ლიგაზე „ინტერი“ – „ხეტაფესა“ და „სევილია“ – „რომას“ მატჩებში მოხდა. 

საგულისხმოა, რომ გასულ კვირას ევროტურნირებზე მასპინძელმა გუნდებმა ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებულ თორმეტივე შეხვედრაში გაიმარჯვეს. მსგავსი სტატისტიკის მოძიება კი, სავარაუდოდ, მაყურებლებით აღსავსე სტადიონების შემთხვევაშიც ვერ მოხერხდება.

ცარიელი ტრიბუნების წინაშე – გულშემატკივრების აყალ-მაყალის და ზეწოლის გარეშე –  ფეხბურთელთა მხრიდან არასპორტულმა საქციელმა, უხეშობამ, აგრესიამ და აქედან გამომდინარე ტრავმიანობამაც შედარებით იკლო. ეს კი ფეხბურთის მოაზროვნე – ნეიტრალური მაყურებლისთვის ნამდვილი მისწრებაა.

მსაჯები ძველებურად იქცევიან და VAR-საც ზოგჯერ შეგნებულად არ საჭიროებენ, როგორც ეს „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩისას  მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნის დროს მოხდა…

„ლიონმა“ მატჩის „ბოლომდე მითრევის“ საუკეთესო რეპეტიცია საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ მატჩში გაიარა, როდესაც წვრილმან დარღვევებზე აწყობილი ტაქტიკით თამაში თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანა.

„ლიონის“ ფეხბურთელებმა „იუვენტუსთან“ მატჩში მეოთხედფინალის საგზური შვიდი ყვითელი ბარათის ფასად მოიპოვეს. ანგარიში კი მემფის დეპაიმ ზემოხსენებული პენალტით შეხვედრის დასაწყისშივე გახსნა. 

რონალდუმ წონასწორობა, ასევე თერთმეტმეტრიანით, მასპინძელთათვის ხელსაყრელ დროს – ტაიმის მიწურულს აღადგინა და „იუვენტუსს“ მეორე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით მოგების რეალური შანსი დაუბრუნა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 

გარდა იმისა, რომ „ლიონის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი გოლკიპერმა ენტონი ლოპესმა შეიტანა, „იუვენტუსი“ „სკუდეტოს“ მოპოვების მიუხედავად, დღესდღეობით მასიმილიანო ალეგრის მიერ აწყობილი მოწესრიგებული კლუბის აჩრდილია, რაზეც სერია A-ს უკანასკნელი ოთხი ტურიდან წაგებული სამი და ფეხბურთში მობრუნების პერიოდიდან მოყოლებული, „მშრალი კარით“ ჩატარებული ორად ორი მატჩი მეტყველებს.

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ მაურიციო სარის „ლიონთან“ გამოვარდნა არ აპატია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სეზონიდან მას კლუბის ცოცხალი ლეგენდა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ანდრეა პირლო გაწვრთნის.

ჩემპიონთა ლიგას, იტალიის ჩემპიონის მსგავსად, ესპანეთის ლა ლიგის ტრიუმფატორი – მადრიდის „რეალიც“ დაემშვიდობა. „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 მარცხმა გულშემატკივარს მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის რეალური შესაძლებლობები დაანახვა.

თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანის მცდელობის სანაცვლოდ, „რეალმა“ მატჩის დასაწყისში რატომღაც ბურთის საკუთარი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს გაგორება გადაწყვიტა. რაფაელ ვარანს გაბრიელ ჟეზუსმა დაუდევრობა არ აპატია, ბურთი იქვე მყოფ რაჰიმ სტერლინგს გადასცა და ამ უკანასკნელსაც ცარიელი კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. 

„მანჩესტერ სიტის“ პირველ გოლში „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას ხელიც ერია. მეორე ბურთი კი „სამეფო კლუბს“ თავად გაბრიელ ჟეზუსმა ისევ ვარანის შეცდომის შედეგად,  უკვე ჭეშმარიტად „ბრაზილიურად“ გაუტანა. ულამაზესი ტრაექტორიით შესრულებული დარტყმის მიუხედავად, კურტუა უშეცდომო ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა.

ეს ალბათ ის გოლი იყო, რომელიც ზინედინ ზიდანს აუცილებლად აფიქრებინებდა, რომ ჟეზუსს დიდი სიამოვნებით მადრიდის „რეალის“ ერთად აღებულ ყველა ბრაზილიელში გაცვლიდა და ხელმძღვანელობას ფულსაც დაამატებინებდა…

იქამდე კი ერთი ფრანგის შეცდომა მოედანზე მეორე ფრანგმა – კარიმ ბენზემამ გამოასწორა, რომლის ეფექტურმა გოლმაც სტუმრებს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. ბენზემა მოლოდინისამებრ საუკეთესო იყო „რეალის“ შემადგენლობაში, მაგრამ სერხიო რამოსის არყოფნისას მისი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა პეპ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ მატჩში, რომელსაც მეოთხედფინალში „ლიონის“ სახით შედარებით იოლი მეტოქე ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ „ლიონმა“ შარშან ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“, დღესდღეობით ზოგიერთი ინგლისური გამოცემა „რეალის“ ძლევამდეც კი ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტად პეპ გვარდიოლას გუნდს მიიჩნევდა და სულაც არ აინტერესებდა, მეოთხედფინალში „იუვენტუსი“ შეხვდებოდა მას თუ „;ლიონი“.

ფინალის ტოლფას მეოთხედფინალს კი მაყურებელი „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ შორის მატჩში იხილავს. 

მიუნხენის „ბაიერნმა“ განმეორებით შეხვედრაშიც სამბურთიანი სხვაობით გაანადგურა ლონდონის „ჩელსი“ და ტურნირზე ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. 

საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებისთვის „რეკორდმაისტერს“ დიდი ძალისხმევა არც დასჭირვებია, რადგან შინ პირველი მატჩის ანგარიშით 0:3 წაგების შემდეგ, ისედაც უიმედოდ მყოფი ლონდონური კლუბის მხრიდან მრისხანე მეტოქის კარში მეკარე ნოიერის დახმარებით გატანილი ერთი ბურთი ალბათ მაქსიმალური შედეგი იყო.

ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. მანვე ცოტა ხანში მეორე ბურთი სტუმრებისთვის მოულოდნელად მარჯვენა ფლანგზე გახსნილ პერიშიჩს გაატანინა, საბოლოოდ კი პოლონელმა დუბლი შეასრულა და უდიდესი წვლილი შეიტანა „რეკორდმაისტერის“ მორიგ წარმატებაში.

„ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრაში კი კვლავ გაიბრწყინა ლიონელ მესიმ. 

არგენტინელმა იშვიათი სირთულის გოლი გაიტანა, როდესაც ორი მეტოქის გვერდის ავლის შემდეგ ლამის ძირს დაცემულმა მოახერხა და მარცხენა ფეხით ბურთი ჯერ წინ წაიგდო, ხოლო შემდეგ კი საოცარი ტრაექტორიით ჩაუსვა იგი „ნაპოლის“ გოლკიპერ ოსპინას შორეულ დაბალ კუთხეში.

ამ გოლიდან ცოტა ხანში მესიმ კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი. თავდაპირველად ბრძოლაში მკერდით დაიგდო ბურთი და ერთი შეხებით გაიტანა, თუმცა მსაჯმა VAR-ის ჩარევის შედეგად მასზე ხელით თამაში დააფიქსირა. 

მომდევნო ეპიზოდში კი „ბარსელონას“ ლიდერმა თავგანწირულ ბრძოლაში „ნაპოლის“ ცენტრალურ მცველ კულიბალის საჯარიმო მოედანზე თამაშის წესი დაარღვევინა და ლუის სუარესმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმით მასპინძელთა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა „ბარსელონას“ კარში მერტენსის წინააღმდეგ რაკიტიჩის მიერ წესების ანალოგიური დარღვევის გამო დაინიშნა. ლორენცო ინსინიემ ანგარიში შეამცირა და იტალიელებს მეორე ტაიმში მატჩის გადარჩენის მცირე იმედიც ჩაუსახა. 

თუმცა, სხვაგვარად ფიქრობდა „ბარსელონა“, რომელმაც პანდემიის გამო იზოლაციიდან  მობრუნების შემდეგ, “ნაპოლის“ წინააღმდეგ ალბათ თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ბურთის კონტროლის პროცენტული მაჩვენებელი მასპინძლებს „ნაპოლისთან“ თანაბარი აღმოაჩნდათ. ეს კი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკისთვისაც ალბათ ერთგვარი სიურპრიზია, რის შესწავლასაც მესის გაუვნებელყოფის საკითხთან ერთად, მისი სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.