ფოტოამბავი: 1899 წლის შიიტური რიტუალი “აშურა” თბილისის ბოტანიკურ ბაღში
რამდენიმე დღის წინ ფეისბუქჯგუფში – “თბილისური ფოლორცი” ისტორიკოსმა ანა ჭეიშვილმა თბილისის მუსლიმურ სასაფლაოზე გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელიც 1899 წლის 21 მაისს ფრანგმა მოგზაურმა ჰუგო კრაფტმა შიიტების სამგლოვიარო დღესასწაულზე გადაიღო.
ფრანგი მოგზაური, ფოტოგრაფი და მეცენატი ჰუგო კრაფტი კავკასიაში ორჯერ – 1896 და 1898-1899 წლებში იმყოფებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კრაფტის მოგზაურობების შესახებ არაერთი სტატია და კვლევა არსებობს, თითქმის არაა შესწავლილი მისი კავკასიაში მოგზაურობა, რითაც საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ფრანგი არქეოლოგის, ბარონ დე ბაის ჩანაწერების გაცნობისას დაინტერესდა. წიგნში ბარონი დე ბაი აღნიშნავს, რომ 1898 წელს, გორში გენერალ ივანე ამილახვართან სტუმრობისას, მას თან ჰუგო კრაფტი ახლდა.
ჰუგო კრაფტმა კავკასიაში 562 ფოტო გადაიღო. მათგან 471 საქართველოში, 65 სომხეთში და 26 კი ბაქოშია გადაღებული. კრაფტის კავკასიის ფოტოკოლექცია ამჟამად რეიმსის ლე ვერჟერის მუზეუმში, პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკასა და სლავისტიკის ინსტიტუტის არქივშია დაცული. ღვინის კულტურის, რეგიონების, პორტრეტების გარდა, კრაფტი თავის ფოტოგრაფიაში რელიგიურ დღესასწაულებსა და რიტუალებსაც ასახავდა.
ერთ-ერთი ასეთი ფოტო აშურაზე, შიიტურ სამგლოვიარო დღესასწაულზეა გადაღებული, რომელიც თბილისში მუსლიმურ სასაფლაოზე 1899 წლის 21 მაისს აღინიშნა. მუსლიმური სასაფლაო თბილისში ბოტანიკური ბაღის ადგილას 1950-იან წლებამდე არსებობდა, სადაც სპარსელების , არაბების და აზერბაიჯანელების საფლავები იყო. 50-იანი წლების დასაწყისში საფლავები იქვე არსებულ მეჩეთთან ერთად საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა. კრაფტმა ფოტო აშურაზე საიდუმლოდ, ბინოკლით გადაიღო.
აშურა წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი გლოვის დღეა. იმამ ჰუსეინი VII საუკუნეში, 680 წელს, ქარბალაში ბრძოლის დროს 72 მხლებელთან ერთად მოკლეს.
დღესასწაული ისლამური მთვარის კალენდრის – მუჰარამის თვის მეათე დღეს იწყება და ორ დღეს გრძელდება. მუსლიმები, განსაკუთრებით შიიტური ტრადიციის მიმდევრები, მუჰარამის პირველ ათ დღეს ქარბალაში მომხდარ ტრაგედიას გლოვობენ. სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, შიიტი მუსლიმები ამ დღეს ერთმანეთს კი არ ულოცავენ, არამედ უსამძიმრებენ.
კრაფტის სრული კატალოგის გამოქვეყნება 2021 წლისთვის იგეგმება.