fbpx

13 აგვისტო, 1961 – გერმანიის დედაქალაქის შუაგულში “ბერლინის კედლის” მშენებლობა დაიწყო


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ კერესელიძე

 

1961 წლის 13 აგვისტოს გერმანელების ცხოვრება ერთბაშად შეიცვალა – შუაღამით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროები და მუშახელი აღმოსავლეთ ბერლინისკენ დაიძრნენ – მაშინ როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა. გადაიკეტა სარკინიგზო გზები, გადაიჭრა სატელეფონო სადენები და დაიწყო ბერლინის კედლის მშენებლობა. ქალაქი ორად – დასავლეთ და აღმოსავლეთ  ნაწილად – გაიყო. 

დილით გაღვიძებული ბერლინელები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ – მათ აღარ შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა და ქალაქის მეორე ნაწილში გადასვლა  სამუშაოდ, კონცერტებზე დასასწრებად, სათამაშოდ ან სხვა საქმეებისთვის. რა თქმა უნდა, ხალხს ძალიან გაუჭირდა ამ ფაქტთან შეგუება – მათ კედლის მიღმა ნათესავები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები დარჩათ, დაახლოებით  50,000–70,000 ადამიანმა კი სამსახური დაკარგა. 

155-კილომეტრიანი კედელი თითქმის გადაულახავი საზღვარი იყო – პირველ რიგში – სიმაღლის გამო, მეორე რიგში კი იმიტომ, რომ ისეთი მავთულხლართებით იყო დაცული, რომელშიც დენი გადიოდა. გარდა ამისა, პოლიცია გაქცეულებს ადგილზე ესროდა და კლავდა. როგორც ცნობილია, კედელზე გადასვლის მცდელობისთვის მინიმუმ 140 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დაახლოებით 5000 ადამიანმა მშვიდობით გადალახა კედელი – თოკების გამოყენებით, ფანჯრებიდან გადმოხტომითა და სხვა გზებით.

კედელი კი 28-წლიანი ისტორიის განმავლობაში ოთხჯერ  გარდაიქმნა  – თავდაპირველად მხოლოდ მავთულხლართები იყო, 2 დღის შემდეგ (15 აგვისტოს) უფრო მტკიცე სტრუქტურით – ბეტონის ბლოკებით შეცვალეს, 1965 წელს ფოლადით არმირებული ბეტონის კედელი ააგეს, ხოლო 1975-1980-იან წლებში კი ბეტონის ფილებმა სიგრძეში 3,6 მეტრსა და სიგანეში 1,2 მეტრს მიაღწია. 

ბერლინის  კედელმა 1989 წლის ნოემბრამდე იარსება. რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის მიმოსვლის აღდგენის შესახებ. 1989 წლის 22 დეკემბერს გაიხსნა ბრანდენბურგის კარიბჭე, ხოლო კედლის დემონტაჟი  1990 წლის 13 ივნისს დაიწყო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.