fbpx

დღეს: დაიბადა რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი – 1899, 13.08


გააზიარე სტატია


„საკუთარ შიშებთან გამკლავების ერთადერთი საშუალება მაქვს – გადავიღო მათზე ფილმი“ – ალფრედ ჰიჩკოკი

ალფრედ ჰიჩკოკი 1899 წლის 13 აგვისტოს ლონდონში დაიბადა. რეჟისორის ოჯახი რელიგიური იყო, ჰიჩკოკი კი წმინდა იგნარიუსის იეზუიტების კოლეჯში დადიოდა, სწავლობდა ფრანგულსა და მუსიკას. ჰიჩკოკს ბავშვობიდან პანიკურად ეშინოდა პოლიციელების, რადგან პატარაობისას რამდენიმე საათით დატოვეს პოლიციის განყოფილებაში.

„ხუთი წლისა ვიქნებოდი, მამამ პოლიციაში გამგზავნა, თან რაღაც წერილი გამატანა. როცა პოლიციელმა წერილი წაიკითხა, საკანში გამომკეტა შემდეგი სიტყვებით: „აი, ასე ვექცევით უწესო ადამიანებს!“
ალფრედ ჰიჩკოკი

 

1914 წელს ჰიჩკოკი ლონდონის ინჟინერიისა და ნავიგაციის სკოლაში შევიდა. მამის გარდაცვალების გამო  კი სწავლის შეჩერება მოუწია.   მომავალი რეჟისორი უფრო დაუახლოვდა დედას, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჰიჩკოკი ენდობოდა.

1915 წელს ჰიჩკოკმა ჰენლის სატელეგრაფო კომპანიაში ტექნიკურ მოსამსახურედ დაიწყო მუშაობა. ხატვის ნიჭის გამო სარეკლამო განყოფილებაში გადაიყვანეს. სწორედ ამ პერიოდში გამოაქვეყნა ჰიჩკოკმა თავისი მოთხრობები საწარმოს ჟურნალში, ფსევდონიმით „Hitch“.

1920 წელს ჰიჩკოკმა ჰოლივუდის ერთ-ერთი კომპანიის ლონდონის ფილიალში ტიტრების დიზაინერად დაიწყო მუშაობა, ამავე დროს დეკორაციებსა და კოსტუმებზეც მუშაობდა. სულ მალე ჰიჩკოკი ტიტრების განყოფილების უფროსი გახდა, 1923 წელს კი შესაძლებლობა მიეცა, ბედი რეჟისურაში ეცადა. მან სეიმორ ჰოკსთან ერთად გადაიღო ფილმი ”ყოველთვის ესაუბრე შენს მეუღლეს”.   ჰიჩკოკის  დამოუკიდებლად გადაღებული ფირი ”ნომერი 13” კი სტუდიის დახურვის გამო დაუსრულებელი დარჩა.

Famous Players-Lasky-ში მუშაობამ ჰიჩკოკის ბედი შეცვალა. მან თავისი ცხოვრება ალმა რევილს დაუკავშირა, რომელიც ამავე კომპანიაში მემონტაჟის პოზიციას იკავებდა.

ჰიჩკოკის სარეჟისორო ბიოგრაფია 1925 წელს, “სიამოვნების ბაღის” გადაღებისას დაიწყო, 1926 წელს კი მისი პირველი თრეილერის ჟანრის  ფილმი   “მდგმური” გამოვიდა.

 

“სიამოვნების ბაღი”


“მდგმური”

 

ამის შემდეგ ჰიჩკოკმა კიდევ რამდენიმე ფილმი გადაიღო, მათ შორის  – 1934 წელს გამოსული  “ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა” რეჟისორის ცნობილი ნამუშევარი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, ჰიჩკოკმა სარეჟისორო კარიერის დიდ ბრიტანეთში გაგრძელება ვერ შეძლო და ჰოლივუდში წავიდა. რეჟისორი ბევერლი ჰილზში დასახლდა, სადაც პროდიუსერ  დევიდ სელზნიკთან ერთად მუშაობდა. 

პროდიუსერი მკაცრად აკონტროლებდა საკუთარი სტუდიის ფილმებს და ჰიჩკოკის თავისუფლებას ზღუდავდა, რათა იგი ლიტერატურულ პირველწყაროს არ დაშორებოდა. მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, “რებეკა” ჰიჩკოკისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ფსიქოლოგიური მელოდრამა საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციებში ოსკარზე წარადგინეს. 


1948 წელს ჰიჩკოკის პირველი ფერადი ფილმი “თოკი” გამოვიდა.

ჰიჩკოკის კინოკარიერის პიკად მეოცე საუკუნის 50-იანი წლები მიიჩნევა, ამ დროს რეჟისორი პოპულარობის ზენიტში იყო. ამ პერიოდში გამოვიდა მისი ფილმები “ფანჯარა ეზოს მხარეს” და “თავბრუსხვევა”, რომლებიც მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. 

 

“ფანჯარა ეზოს მხარეს”

“თავბრუსხვევა”

ამის შემდეგ კი იყო სენსაციური ფილმები: “ფსიქო” და “ჩიტები”.

 

“ფსიქო”

 

“ჩიტები”

ჰიჩკოკის  ნამუშევრები შეერთებულ შტატების კრიტიკოსებსა და მაყურებლებში  დიდი აღტაცებით არ სარგებლობდა, სამაგიეროდ, რეჟისორი ლეგენდად  იქცა საფრანგეთში, სადაც მას კრიტიკოსები აღმერთებდნენ. ამავე დროს ჰიჩკოკის გავლენის ქვეშ არაერთი რეჟისორი მოექცა, მათ შორის – ტრიუფო, შაბროლი და დე პალმა.

 

1976 წელს ჰიჩკოკის უკანასკნელი ფილმი “ოჯახური შეთქმულება” გამოვიდა.

სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში, ჰიჩკოკს 53-ზე მეტი ფილმი აქვს გადაღებული. ჰიჩკოკი არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია, მათ შორის 6-ჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე – 5-ჯერ საუკეთესო რეჟისურისთვის, ხოლო ერთხელ საუკეთესო ფილმისთვის, როგორც პროდიუსერი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.