fbpx

„ცეცხლოვანი დრაკონები და კრისტალები“ City Mall-ში


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ფასური

 

გალერეა Why Not Gallery ხელოვან გვანცა ჯიშკარიანისა და კურატორ ელენე კაპანაძის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ექსპერიმენტული კონცეფციით შეიქმნა და ძირითადად ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენებზე მუშაობს. გალერეის ადგილი  მიწისქვეშეთში, დამთვალიერებლის ყოველდღიურობაში შეჭრის მცდელობით შეირჩა, სადაც დატვირთული ქალაქის კონტექსტში გალერეა თითქოს ერთ-ერთი ვიტრინა იყო. 

წელს Why Not Gallery-ს ფიზიკური სივრცე არ აქვს და პროექტებს სხვადასხვა გალერეებთან კოლაბორაციით აკეთებს. „ცეცხლოვანი დრაკონები და კრისტალები“ სხვადასხვა ტიპის ნაჭერზე დაბეჭდილი ნამუშევრების ერთობლიობაა და გარდა სახელოვნებო ნარატივებისა, გალერეის სასაჩუქრე online მაღაზიის მთავარ საქმიანობაზე უყვება დამთვალიერებელს. 

ჯგუფურ გამოფენაში ცხრა ახალგაზრდა ხელოვანი მონაწილეობს: თეკლა კიღურაძე, ანკა ბოჭორიშვილი, გვანცა ჯიშკარიანი, ანი გურაშვილი, ანა ჯიბლაძე, ქეუ მეფარიშვილი, ანასტასია ახვლედიანი, ხატია ჩიტორელიძე და სალომე ჯოხაძე. მცირე ინტერვიუ გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ელენე კაპანაძესთა, გამოფენის გარშემო არსებულ საკვანძო თემებს განავრცობს:

 

მონაწილეთა სია მთლიანად ქართველი  არტისტი ქალებისაგან შედგება, უბრალოდ ასე დაემთხვა თუ შოუ განგებ განავითარეთ ამ მიმართულებით? 

თავიდან  იმაზე დავიწყეთ ფიქრი, თუ ვინ გვინდოდა ყოფილიყო გამოფენის მონაწილე. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ ვინც გვახსენდებოდა და ვისაც ვირჩევდით,  ხელოვანი ქალი იყო. შემადგენლობაზე მუშაობას რომ ვასრულებდით,  უკვე საბოლოოდ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით წასვლა: ეს იმიტომ, რომ  ასე თუ ისე დღეს სახელოვნებო ბაზარზე მაინც  ხელოვანი მამაკაცები დომინირებენ, უმრავლესობაში არიან. როდესაც თანამედროვე ხელოვნებაზეა საუბარი, ძირითადად ისევ მამაკაცები ახსენდებათ, ჩვენი სრულიად სპონტანური ინსპირაციის პროცესი ავტომატურად, სქესზე დაუფიქრებლად არჩევდა  ხელოვან ქალებს და ეს სასიამოვნო ცვლილება იყო, თან ძალიან ბუნებრივი. შემდეგ საერთოდაც დავაკვირდით, რომ სხვა დროსაც ძირითადად სულ  ხელოვან ქალებთან ვთანამშრომლობთ  და დავაფიქსირეთ, რომ  ეს გარკვეულწილად ახალი თაობის შემოქმედებითი სცენის მახასიათებელიცაა.

გენდერს გარდა, რა კურატორული გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანდნენ ეს  არტისტები? რატომ მაინცდამაინც ეს ცხრა არტისტი?

ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ერთმანეთისაგან განსხვავებული მიმართულების ხელოვანები შეგვერჩია. ამ შემადგენლობას სწორედ ეს აერთიანებს – მრავალფეროვნება და ერთმანეთთან მიმართებაში კონსტრასტი. ყველას ძალიან განსხვავებული მუშაობის სტილი და მანერა აქვს, ჩვენი იდეაც ეს იყო: გვეჩვენებინა  ახალი თაობის მრავალფეროვნება შემოქმედებით აზროვნებაში. 

რატომ ჰქვია გამოფენას „ცეცხლოვანი დრაკონები და კრისტალები“ – ჯგუფური გამოფენისთვის ძალიან სპეციფიკური სათაურია – რა მიზანი აქვს მას? 

ეს არის ჩვენი დამოკიდებულება წარმოდგენილ ხელოვანთა მიმართ. ჩვენ მათ ვხედავთ  როგორც ძლიერ, ენერგიულ, თავდაჯერებულ თაობას, რომელმაც იცის რას აკეთებს. ამავდროულად კი, თითოეული ხელოვანი განუმეორებელი და ძვირფასი ქვის მსგავსად გამორჩეულია. სათაური შოუქეისზე წარმოდგენილი გვანცა ჯიშკარიანის  ნამუშევრიდან არის აღებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სათაური ზემოთ ხსენებულ ყველა მომენტს პოეტურად აერთიანებს. 

იყო თუ არა კურატორული გამოწვევები City Mall-ის კონტექსტში მუშაობისას? ფიზიკური ან კონცეპტუალური – რამდენად შეეწყო თანამედროვე ხელოვნება კონსიუმერულ სივრცეს და იყიდება თუ არა ნამუშევრები?

ჩვენი მაღაზია – The Why Not Gallery Gift Shop  თანამშრომლობს ქართველ თანამედროვე ხელოვანებთან და მათთან კოლაბორაციაში აწარმოებს ლიმიტირებული რაოდენობის ნივთებს, ძირითადად სახლის დეკორატიულ აქსესუარებს. გიფტ შოპი აქამდე მხოლოდ ონლაინ არსებობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გახსნა შოუქეისი სითი მოლ საბურთალოზე და ამის პატივსაცემად გადაწყვიტა ახალი კოლაბორაცია შეექმნა, რომელმაც გამოფენის სახე მიიღო,  რადგან გიფტ-შოპი კომერციული პროექტია, არ ვფიქრობთ, რომ მისი კომერციულ სივრცეში წარმოდგენა პრობლემური იყოს. 

დავაკვირდით, რომ ხშირად გიფტ შოპის ფარგლებში შექმნილი ნივთები ფართო საზოგადოებას ახალ ხელოვანებს აცნობს და ხელოვანებისთვის დამატებით შემოსავლის წყაროს აჩენს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ისეთ სივრცეში ვყოფილიყავით წარმოდგენილი, სადაც მხოლოდ ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები არ დადიან.  წარმოდგენილ შოუქეისზე ყველაფერი იყიდება – დიდი ზომის პრინტებიც და  ნივთებიც, მათ შორის – ავეჯიც.

მხატვრული თვალსაზრისით როგორ ეხმიანება გამოფენა მაღაზიის კონცეფციას? 

Gift-Shop-ში ვმუშაობთ ნაჭერზე, ტექსტურაზე და ბეჭდვის ტექნოლოგიას ძალიან მრავალფეროვანი მეთოდებით ვიყენებთ. წარმოდგენილი კოლაბორაციაც ნაჭერზე დაპრინტული დიდი ზომის პრინტებია. ამ ფორმით ხელოვანები სხვა ფორმატში წარმოვაჩინეთ ნამუშევრებმა შეიცვალეს მასშტაბი, ფაქტურა თუ მედიუმი და  დამოუკიდებელი სახით წარდგნენ დამთვალიერების წინაშე – მათ ახალი სიცოცხლე შეიძინეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.