fbpx

დღეს: დავით კაკაბაძის დაბადებიდან 131 წელი შესრულდა


გააზიარე სტატია

ფოტოები: დავით კაკაბაძის ფონდი

დღეს დავით კაკაბაძის დაბადებიდან 131 წელი შესრულდა. ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი და გამომგონებელი, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში ახალი სიტყვა თქვა,1889 წლის 20 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტში დაიბადა. კაკაბაძის ნახატები ადრეული ასაკიდანვე იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში. 

 


პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კაკაბაძემ ძველი ქართული ხელოვნების კვლევა დაიწყო. საქართველოში დაბრუნების მერე კი იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ესკიზები შექმნა. პეტერბურგში შექმნილი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, იმერული სერია მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპებით აგებულ სურათებს წარმოადგენდა და კლასიკური ტექნიკურობით ხასიათდებოდა.


1919 წელს დავით კაკაბაძე პარიზში გაემგზავრა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა თავისი ცნობილი სერიები: “პარიზი”(1920),  “ბრეტანი” (1921), “იალქნიანი ნავები” (1921), ობიექტები ლინზებით და სარკეებით (1924).


ფერწერის გარდა კაკაბაძე დიდ დროს უთმობდა გამომგონებლობასაც. სწორედ მას მიეწერება უსათვალო სტერეო-კინოაპარატის იდეა, ასევე მუშაობდა მოდიფიცირებული განათების იდეასა და სამგანზომილებიანი კინოს შექმნაზეც, თუმცა, არასაკმარისი დაფინანსების გამო მისი გეგმების განხორციელება შეუძლებელი გახდა. კაკაბაძე პარიზში 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა ნაშრომებს,  სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად  მონაწილეობდა  “დამოუკიდებელთა სალონის” ყოველწლიურ გამოფენებში. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა კაკაბაძის წიგნები: “კონსტრუქციული სურათის შესახებ” ფრანგულად, “პარიზი 1920-1923” და “ხელოვნება და სივრცე” (1925 წ.) ქართულად.

1928 წელს თბილისში პარიზიდან დაბრუნებული დავით კაკაბაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. პარიზში შექმნილი ნამუშევრების უმეტესობა აბსტრაქტული იყო, რის გამოც დამთვალიერებლებში დაბნეულობა გამოიწვია. საბჭოურმა კრიტიკამ, რასაკვირველია, ვერ აიტანა სოცრეალიზმის ჩარჩოებიდან გადახვევა და იმედოვნებდა, რომ კაკაბაძე თანამედროვე გზით აღარ გააგრძელებდა თავის შემოქმედებას.

სასტუმრო “ორიენტში” მოწყობილი პერსონალური გამოფენის შემდეგ კაკაბაძეს 1933 წლამდე არც ერთი ნამუშევარი აღარ შეუქმნია, რასაც თავად “დუმილის პერიოდს” უწოდებდა. 

საბოლოოდ, მხატვარი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. მან 1933 წელს  ნამუშევარი “რიონჰესი”,  შემდეგ კი ინდუსტრიული პეიზაჟები შექმნა.

1943 წლიდან კაკაბაძე სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახდა, თუმცა 1948 წლის 12 ივნისის იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას მომავალი თაობების იდეოლოგიურად გაფუჭებასა და სოციალისტური აღზრდის მეთოდის უგულებელყოფაში ადანაშაულებდნენ. ამის შემდეგ დავით კაკაბაძე წლების განმავლობაში უმუშევარი იყო, 1952 წლის 10 მაისს  კი მოულოდნელად გარდაიცვალა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.