აკაკი ხოშტარიას სახლი სამეგრელოში – სოფელი სუჯუნა და მისი ღირსშესანიშნაობები
ტექსტი: ნატა ლომოური
ფოტოები: ლიკა ჭკუასელი
გუშინ დავბრუნდი სამეგრელოდან. ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა. აღფრთოვანების და გულისტკივილის განცდა ალბათ დიდხანს გაგვყვება მე და ჩემს მეგობრებს. უამრავი ფოტო გადავიღეთ იმ ძველი და ულამაზესი სახლების, რომლებიც სულ რამდენიმე წელიწადში ალბათ აღარ იქნება – მათ ჩაანაცვლებს ბეტონის ყუთები, გადაიყრება ჩუქურთმებიანი აივნები, დარაბები და ფანჯრები; თუმცა ძალიანაც ვერ გაამტყუნებ იმათ, ვინც იქ ცხოვრობს, ვისაც სცივა იმ ფანჯრებში და თავზე ენგრევა ეს სახლები.
წადით და ნახეთ… სანამ დროა! დაიმახსოვრეთ, რა გემოვნებით და სიყვარულით აშენებდნენ ჩვენი წინაპრები.
სამეგრელოდან წამოსულები ქუთაისშიც გავჩერდით და სულ ერთი კითხვა გვიტრიალებდა – სად გაქრა თითქმის უკვალოდ აღმშენებლობის / შენების / მოხატვის დახვეწილობა… მაგრამ ეს პოსტი სხვა რამეზეა – სამეგრელოში, სოფელ სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას 1915 წელს აგებულ სახლზე.
სულ მოკლედ გეტყვით, რა კაცი იყო აკაკი ხოშტარია: დაიბადა 1873 წელს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, ტახტის აზნაურის ოჯახში. სანქტ-პეტერბურგში დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი. რამდენიმე წელი გაგრაში, პრინც კონსტანტინე ოლდენბურგთან მებაღე-დეკორატორად მუშაობდა. მან დაგეგმა შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობის სამუშაო, შემდეგ კი მეთვალყურეობდა გაშენების პროცესს. მებაღე-დეკორატორად 10 წლის მუშაობის შემდეგ აკაკი ხოშტარია სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობაში ჩაება. მოგვიანებით მისი დაფინანსებითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაშენდა ახალი ათონის ცენტრალური პარკი, იალტის მთავარი ბაღი, ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი და მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი.
პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში აკაკი ხოშტარიამ ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა სავაჭრო ოპერაციებს. ჩამოაყალიბა ფირმა, სახელწოდებით „რეპენტო” (Русско-Персидское Нефтяное Товарищество), სადაც გაერთიანდნენ ნავთობის ინდუსტრიის ცნობილი მრეწველ-კაპიტალისტები. სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით აკაკიმ ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. გამოცემა Рулъ-ის ერთ-ერთ სტატიაში იგი მოხსენიებულია როგორც „ირანის უგვირგვინო შაჰი”.
1907 წელს ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა თბილისში ახალშექმნილ „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას”; 1915 წელს ევროპელი არქიტექტორების დახმარებით აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში სახლი ააშენა. მოგვიანებით ეს შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა. 1916 წელს, თბილისელთა თხოვნით, საჯარო აუქციონზე შეიძინა ცნობილი მრეწველის, დავით სარაჯიშვილის სახლი.
ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით აკაკი ხოშტარიამ თავისი ხარჯით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაქმნელად 1920 წელს იტალიასა და ამერიკაში შეიძინა 4 სამხედრო გემი, თვითონვე ჩამოიყვანა და სახელებიც თავად შეურჩია: „საქართველო“, „თამარ მეფე“, „რუსთაველი“, „პრეზიდენტი ჟორდანია“. აკაკი ხოშტარიას დაფინანსებით უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში მეცნიერი გახდა. გარდა ამისა, კონსტანტინოპოლში მის მიერ დაარსებულ თურქულ-სპარსულ ბანკში სამშობლოდან წასული ქართველები დაასაქმა.
აკაკი ხოშტარია 1932 წელს 59 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. იგი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. მაგრამ დღეს მისი საფლავი დაკარგულია!
სუჯუნას სახლზე ეკლესიის მხრიდან ვანდალიზმზე აღარაფერს ვიტყვი – ეს უკვე ყველამ ვიცით, თუმცა ვერაფერს ვაკეთებთ (ვისაც გამორჩა ასეთი ამბავია: მოაძვრეს სახლის შესასვლელთან არსებული ბარელიეფი და წმ. გიორგის და ღვთისმშობლის გამოსახულებები მიაწებეს).
პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე სულ სამი ქართველია დასაფლავებული – ერთ-ერთი აკაკი ხოშტარია იყო. არ ვიცი ვის ევალებოდა ამ საფლავის შენარჩუნება, ფაქტი ისაა, რომ ოჯახმა თუ სახელმწიფომ ფული არ გადაიხადა და დღეს ამ დიდებული ადამიანის საფლავი დაკარგულია. იკარგება სუჯუნაში ეს სახლიც – რომელიც თვითონ აკაკიმ საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის აჩუქა სოფელს.
აკაკი ხოშტარიას სახლის გარდა სუჯუნაში სხვა საინტერესო ნაგებობებიცაა, ესენია: სუჯუნის ცენტრში მდგარი მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი და სინაგოგა. აღსანიშნავია ასევე ებრაელების სასაფლაო.



























