fbpx

Unnamed – თამო ჯუღელის პერსონალური გამოფენა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ელენე ფასური

თამო ჯუღელი თბილისში დაფუძნებული ახალგაზრდა მხატვარია რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში შემოთავაზებული მრავალი მედიუმის წიაღში, ფერწერის ერთგული რჩება. ფიგურებისა და ფაქტურების მისმა ინტუიტიურმა კომბინაციებმა შეუძლებელია თვალი არ მოჭრას და გამოწვევის წინაშე არ დატოვოს დამთვალიერებელი. ნამუშევრების საქართველოში გამოფენის გარდა, არტისტი საერთაშორისო ბაზარზეც დგამს პირველ ნაბიჯებს. 2019 წელს მაიამის მასშტაბურ ბაზრობაზე NADA მის ნამუშევრებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და დამთვალიერებლის განსაკუთრებული ყურადღება ხვდა წილად. წინამდებარე ინტერვიუ თამოს შემოქმედებითი 2020 წლის ერთგვარი შეჯამების,  Unnamed-ის შესახებ მოგვიყვება. Unnamed სოლო შოუა,  რომელიც გალერეაში Project Artbeat 20 სექტემბრამდე შეგიძლიათ იხილოთ. 

 

“Unnamed’ – დაუსახელებელს ნიშნავს, რატომ გადაწყდა გამოფენის „უსახელოდ“ დატოვება? 

— ნამუშევრების და გამოფენების დასათაურებას იგივე სიფრთხილით ვუდგები, როგორც ხატვის პროცესს. გამოგონილი, ანდაც ზედაპირულად შერჩეული სახელი, რომელიც არაავთენტური და უინტუიციოა, ფაქტიურად არასენსიტიური, ყალბი ლაქის დასმაა ნამუშევარზე, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ნამუშევრებს უსათაუროდ ვტოვებ, ენასთან ისედაც მიჭირს ჩემი ნამუშევრების დაკავშირება, იშვიათად თუ მოვა რაღაც წინადადება ან სათაური რაზეც მაქვს გრძნობა რომ შეესაბამება კონკრეტულ ნამუშევარს. 

როდესაც პირველი შოუ მქონდა, მაშინაც ამ “პრობლემის” წინაშე ვიდექი, რამოდენიმე ვარიანტი მიტრიალებდა, მაგრამ მაინც ყველა ყალბი ჩანდა… გამოფენამდე ცოტახნით ადრე ჩემს მეგობართან ერთად ვსეირნობდი, ნამცხვრის საჭმელად მივდიოდით რომელიღაც კაფეში, რომ მივუახლოვდით ამ ადგილს, ჩემსკენ გამოტრიალდა და მეუბნება: “You know what?! I don’t have a good feeling about cakes around here” ეს ფრაზა ჩემს ტვინში მომენტალურად ჩემს ნამუშევრებთან და გამოფენასთან დაილინკა და სწორედ ეს სახელი ავარჩიე. 

ამ გამოფენის სახელის ისტორიაც დაახლოებით იგივეა, იყო რამოდენიმე ვარიანტი და ბოლოს შევჩერდი “UNNAMED 2020” -ზე. არ მაქვს არანაირი კონკრეტული კონცეფცია რომელიც ამ სათაურის უკანაა და რომელსაც ვერბალურ ენაში ზედმიწევნით გავშლი, ეს ყველაფერიც შემოქმედებითი პროცესია ჩემთვის, ამიტომ სათაურებიც ინტუიციურ დონეზე უფრო წყდება შიგნით ჩემში, ვიდრე რაციონალურად და კონცეპტუალურად, თვითონ გამოფენის სათაური და ჩემი ნამუშევრები დაცლილია ყველანაირი შინაარსებისგან, ინტერპრეტაციები ბოლომდე დამთვალიერებლის ხელშია, დიდი სიამოვნებით ვისმენ ხალხის სუბიექტურ აზრებს ჩემს ნამუშევრებზე, რა გონიათ მათ და როგორ ხედავენ, ყოფილა შემთხვევები, ჩემივე-ჩემში ჯერ არ ჩამოყალიბებული წინადადებები, სხვისი პირიდან მომისმენია, ამ დროს ორმაგად მიხარია, ის რომ ჩემში გაცხადდა რაღაც და ის რომ სხვამ ზუსტად იგრძნო, დაინახა და მაშასადამე ეს ადამიანი ატარებს შიგნით იმას რასაც მე, ჩემმა “რაღაცამ” მის “რაღაცას” გამოკრა და შედგა რეფლექსია, გაგება… ასეთ დროს ნაკლებად მარტოსულად გრძნობ თავს მარტოსულობაში.

 

რა პრინციპით აარჩიე ნამუშევრები ამ კონკრეტულ გამოფენაზე გამოსატანად?

— შარშან ამ ორგანიზაცია „პროპაგანდას“ კოლექტიური სტუდიების რეზიდენტი გავხდი, „სტამბა D  ბლოკ-ში“, მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ პატარა ზომის ტილოებზე ვმუშაობდი, როდესაც დიდ სივრცეში მომეცა მუშაობის შესაძლებლობა, პირველ რიგში ფიზიკურად ვიგრძენი თავისუფლება მოძრაობაში ხატვის პროცესის დროს და მივხვდი, ეს სივრცე ბოლომდე უნდა ამეთვისებინა და დიდ ტილოებზე დამეწყო მუშაობა.

გამოფენა ორ ნაწილადაა გაყოფილი, მარჯვენა ოთახში ჩემი სულ პირველი დიდი ზომის ტილოებია წარმოდგენილი რომელზეც ზუსტად 1 წლის წინ დავიწყე მუშაობა,  უდიდესი გამოწვევა და გამოცდილება იყო ამხელა ფორმატებთან შეჭიდება, როდესაც დიდი ზომის ტილო გიდევს წინ, თვითონ ტილოს აქვს დიდი დასწრებულობა, ყველანაირი კომფორტის ზონიდან გამოსვლას გაიძულებს და უკვე ნაცნობი ხერხები, რომელიც პატარა ფორმატებში იპოვნე, დიდზე არ მუშაობს, იქ სხვა ენაა, სხვა დისციპლინა, სხვა მოთხოვნებია, რომელიც ხატვის პროცესსში ისედაც არის  მაგრამ დიდი ტილო დამატებით გთხოვს ამას თვითონვე, თავისი მაშტაბით. როდესაც დიდ ტილოზე მუშაობ შენი ნიჭი და ამ ნიჭის მობილიზება 2-3 მეტრზე უნდა გაწელო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ პატარა ფორმატზე მუშაობა უფრო “მარტივია”, შეჯიბრება ამ ორის რა თქმა უნდა სისულელეა… იქ კიდევ სხვა სამყარო იშლება და სხვა პროცესი, პატარა ნამუშევრები ძალიან ინტიმური და სენსიტირიურია, დიდ ფორმატებთან მუშაობის სიძნელეები, როგორც მხატვრისთვის პრაქტიკაში რა თქმა უნდა უფრო რთულია, მაყურებლისთვის კი უფრო შთამბედავი, საბოლოოდ კი მესიჯია მნიშვნელოვანი, რასაც ნამუშევარი ატარებს და არა მისი ზომა.

მეორე ოთახში ბოლო დროინდელი ნამუშევრებია, რომელიც სულ სხვა ტექნიკით და მიდგომებითაა შესრულებული ვიდრე პირველი ნამუშევრები. ასე გამოვიდა რომ ეს გამოფენა ჩემი 1 წლის პრაქტიკის შეჯამებაა სადაც დამთვარიელებელს აქვს შესაძლებლობა  ჩემი შემოქმედების განვითარების ეტაპები ნახოს. 

 

როგორ მოუყვებოდი გამოფენისა და მასში შემავალი ნამუშევრების არსს ისეთ ადამიანებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების მოყვარულები არ არიან და პირველად ხედავენ შენს შემოქმედებას?

— არ ვიცი, ალბათ საერთოდ არ მოვუყვებოდი, ვინც თავისით ინტერესდება და ეს ენერგია და გაქანება შიგნიდან მოდის, ასეთ დროს კომუნიკაცია მიყვარს და მიღირს. თუ ვინმეს არ აინტერესებს თანამედროვე ხელოვნება, მე ალბათ ყველაზე ბოლო ადამიანი ვარ, ვინც მათ დაინტერესებას შეეცდებოდა.

გამოფენის რელიზში ვკითხულობთ: „თამო ჯუღელი თავის შემოქმედებაში მთავარ მიზნად მიიჩნევს აითვისოს და გამოხატოს ვიზუალური ენით ელენ სიქსუს კონცეპტი – ‘L’écriture feminine’, წარმოადგინოს ახალი ფემინური ვიტალობის გაერთიანებული სივრცე და სული მის ნახატებში“ – შეგიძლია განავრცო და ვრცლად მოგვიყვე ამის შესახებ? 

— მთავარი მიზანი არ არსებობს, არც მიიღწევა, მე არ ვირჩევ კონკრეტულ თემებს და არ ვმუშაობ მათზე, ჩემი მიზანი მუდმივი განვითარება და ძიებაა იმ გამოუძიებელ და დაუსრულებელ პროცესსში რასაც შემოქმედება ქვია. 

ელენ სიქსუს კონცეფტს როდესაც გავეცანი, იმ მოცემულ იდეებთან შედარებით რაც ასარჩევი მქონდა (იმიტომ რომ საჭიროა კონცეპტი, საჭიროა ოდნავ მაინც დაეხმარო მაყურებელს გამოერკვიონ რის თქმას ცდილობ) ‘L’écriture feminine’ ყველაზე ახლოს აღმოჩნდა და ალბათ შედარებით ყველაზე მეტად დაეხმარება ადამიანს ჩემი ნამუშევრის “გასაგებად” მაგრამ უკვე არც ეს ვიცი რამდენად რელევანტურია, ჩემი შემოქმედება მუდმივად იცვლება, როგორც კი მოვარგებ რამე კონცეფციას, მალევე ტოვებს იმ სივრცეს. ზუსტად ამიტომ, ვფიქრობ ნამუშევრებზე გრძნობითი რეფლექსიაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება შემდეგ ეს ვერბალურ ენაშიც გადაააკონვერტირო და რეფლექსია უფრო განმტკიცდეს, შევიდეს აზრში – ჩემს პრაქტიკას კი თუ რამე კონცეფცია აქვს, არის ის რომ კონცეფცია საერთოდ არ აქვს.

განასხვავებ თუ არა სქესებს შორის შემოქმედებით თვით-გამოხატვის უნარებსა და მეთოდიკას? 

— ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ ნამუშევარი არ ვიცი ვისია, მაგრამ ინტუიტიურად ვხდები ქალის დახატულია თუ კაცის, ეს შეიძლება უბრალო დამთხვევებია ან კარგი ინტუიცია, მაგრამ ვფიქრობ, უმეტესს შემთხვევაში მაინც შესამჩნევია კაცის და ქალის ხელწერა, გამონაკლისს მხატვრებს შორის კი, მათ შორის ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელოვნებაში, მათ ნამუშევრებში, ყველა ადამიანური კვალი წაშლილია, მათ შორის გენდერიც, დაცლილია ყველაფრისგან რაც “აქაურია”, ნაცნობი და კლასიფიცირებული.

რამდენად იყო ამ ნამუშევრებზე სამუშაო პროცესი ცნობიერების ნაკადი და რამდენად კომუნიკაციის მცდელობა? იყო თუ არა დამთვალიერებლისა და ე.წ.“ მაყურებლის“ წინასწარი განცდა?  

— პირველი პერიოდი, ანუ მარჯვენა ოთახი, სრულიად ირაციონალური პროცესის შედეგებია, მახსოვს ამ ტილოების ხატვის დროს არანაირი ინტერვალი არ მქონია, პროცესი უწყვეტად მიდიოდა, არც კომპოზიციაზე თვალის შევლება, არც ფერების წინასწარი მომზადება, ყველაფერი ძალიან მალე და გაუცნობიერებლად მიედინებოდა, რომ ვასრულებდი ხატვას, მერე ვიწყებდი გამორკვევას კომპოზიციის, რა ფერები გამოვიყენე და ა.შ, ანუ რეფლექსია დასრულებულ ნამუშევარზე მქონდა და არა თვითონ პროცესის დროს.

მეორე ოთახში წარმოდგენილი ტილოები რაციონალურის და ირაციონალურის ნარევია. აქ ხატვის დროს უმეტეს შემთხვევაში ფერებსაც წინასწარ ვამზადებდი და მუშაობის პროცესიც დღეებზე იწელებოდა, კომპოზიციასაც ხშირად ვამოწმებდი საით მიდიოდა და როგორ ვითარდებოდა…ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი გათვლილი იყო, სპონტანურობა და დაკარგულობა პროცესს სულ თან უნდა ახლდეს, სხვა შემთხვევაში “კეთებას” იწყებ, რომელსაც მკვდარ, მშრალ, ეროს გამოცლილ შედეგამდე მიყავხარ, ბოლო პერიოდში პროცესუალური რეფლექსია ამიმაღლდა სადაც რაციო და ქვეცნობიერი თანამშრომლობას ცდილობენ.

მაყურებლის წინასწარი განცდა არასდროს მაქვს… მით უმეტეს ხატვის პროცესსში არავისზე და არაფერზე ვფიქრობ, ეს ხომ აბსურდია, ვიფიქრო მაყურებელზე და მათ ოვაცია/კრიტიკაზე, არც ექსპოზიის დროს მოდის ეს ფიქრები და არც მაშინ, როდესაც ხალხი მოდის. არ ვიცი როგორ ავხსნა, ხელშეუხებელი პრაქტიკაა, სადაც რა თქმა უნდა მაყურებელი გჭირდება და გეძვირფასება, პირველ კითხვაშიც ვისაუბრე ამაზე, მაგრამ საბოლოოდ, ისევ მარტო შენ ხარ, შენ თავს უმტკიცებ, შენ თავს ებრძვი, შენ თავს აკრიტიკებ, შენს თავს სთხოვ, ყველას მაგივრად, წინასწარ და ორმაგად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.