fbpx

ფინალში უძლიერესმა გაიმარჯვა!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი ტურნირი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიახლეებით გამოირჩევა, მაგრამ წლევანდელი გათამაშება რომ განსაკუთრებულია, ამის საილუსტრაციოდ ნეიტრალურ მოედანზე ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებული მატჩებიც საკმარისია.

არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა მსოფლიო ფეხბურთში. არსებულ ვითარებას კი საფეხბურთო ექსპერტები სამომავლოდ არაერთ საინტერესო პუბლიკაციას მიუძღვნიან და კიდევ დიდხანს გაგრძელდება მსჯელობა მაყურებლის როლის შესახებ თანამედროვე ფეხბურთში.

ერთი კია, რომ ასეთი საინტერესო ფინალური სტადია ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა კარგა ხანია არ ყოფილა. დარჩენილი განმეორებითი მერვედფინალური მატჩებიდან მოყოლებული, თითოეული მეოთხედფინალური თუ ნახევარფინალური შეხვედრა ტურნირის მშვენებად იქცა.

მაყურებელი ყოველ მატჩში თვალს ადევნებდა ლაღ და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს და თითოეული დაპირისპირების განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, პანდემიის შემდგომ თერთმეტ შეხვედრაში მსაჯებს არცერთი (!) ფეხბურთელი მოედნიდან არ გაუძევებიათ.

რა თქმა უნდა,  წესები ირღვეოდა ხოლმე, მაგრამ განზრახ უხეში თამაშის ეპიზოდებმა რომ იკლო, ეს მხოლოდ სერხიო რამოსის ტურნირის დასკვნით პერიოდში არყოფნას არ უნდა მიეწეროს…

ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოთამაშეებს შორის აგრესია რომ კლებულობს, ამაზე აქ მოყვანილი სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ როგორც ჩანს, გარდა ამისა, გულშემატკივართა ზეწოლის გარეშე ფეხბურთელებს საგოლე მომენტების რეალიზაციაც უადვილდებათ, რაზეც ფინალური სტადიის თერთმეტ შეხვედრაში დაფიქსირებული სარეკორდო შედეგები მეტყველებს. 

ათგოლიანი ანომალიური „ბაიერნი“ – „ბარსელონას“ მატჩი რომც გამოვრიცხოთ, დანარჩენი ათი შეხვედრიდან თითოეულში საშუალოდ 3,2 ბურთი გავიდა. 

გოლები ევროპის ლიგაზეც ბევრი იყო და ბუნებრივია, რომ ამ ტურნირმაც საინტერესოდ ჩაიარა.

როდესაც „სევილიას“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგმა 2018 წელს ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ფიასკო უკვე მადრიდის „რეალში“ განიცადა, ზოგიერთი საფეხბურთო ექსპერტი მის „სევილიაში“ გადასვლასაც სკეპტიკურად უცქერდა.

ანდალუზიური კლუბის წლევანდელი შედეგი კი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზურის მოპოვებასთან ერთად, ლოპეტეგის გუნდმა ევროპის ლიგა ისე მოიგო, რომ დასკვნით ეტაპზე ორ-ორი ინგლისური და იტალიური კლუბი დაამარცხა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი „სევილიას“ მიერ ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრების მოგებაა გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობების და აქედან გამომდინარე უფრო ძლიერი შემადგენლობებით დაკომპლექტებულ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ინტერთან“. 

მთელი ფინალური მატჩის განმავლობაში გაუთავებელი რეკლამით გაბერილი ანტონიო კონტეს მიერ აწყობილმა „ინტერის“ დაცვამ ვერაფერი გააწყო „სევილიას“ მიერ მეტოქის საჯარიმო მოედანში ერთი შეხედვით პრიმიტიული ჩაკიდებების წინააღმდეგ, რომელთაც „ინტერის“ კარის აღება თურმე თავური დარტყმის, ან ავტოგოლის შედეგად უნდა მოჰყოლოდა… 

შეხვედრის დასაწყისში შემთხვევით აკიდებული თერთმეტმეტრიანის შედეგად გაშვებულმა გოლმა კი სევილიელთა თამაშს მეტი შემართება შესძინა და მაყურებელს  2016 წელს ამავე ტურნირის ფინალში ანდალუზიელთა მიერ „ლივერპულის“ კარში მეორე ტაიმში გატანილი სამი უპასუხო ბურთი გაახსენა.

აღსანიშნავია, რომ „სევილიას“ ევროპის ლიგის ექვსი ფინალური მატჩიდან ექვსივე (!) მოგებული აქვს. ესპანური კლუბის ასეთი შედეგი და კიდევ ამ ტურნირის ჩემპიონთა ლიგასთან აშკარა ჩამორჩენა ფეხბურთის ზოგიერთ მოყვარულს და სპეციალისტს თასის „სევილიასთვის“ სამუდამოდ გადაცემას და გათამაშების ისტორიის კუთვნილებად ქცევის საჭიროებას აფიქრებინებს. 

შეიძლება ვერდიქტი ზედმეტად მკაცრი იყოს, მაგრამ თუკი მომავალში უეფას მესვეურები დაფიქრდებიან და ევროპის ლიგას ჩემპიონთა ლიგის „ლუზერების“ გათამაშებად აღარ აქცევენ, ამით შედარებით ღარიბ კლუბებს საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის საშუალებას მისცემენ და ფეხბურთის გათანაბრებასაც ოდნავ  შეეწყობა ხელი. 

ევროპის ლიგის ხუთგოლიანი ფინალისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ვინაობა მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა გარემარბ კომანის ერთადერთმა გოლმა გამოავლინა.

„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სახით ერთიმეორის წინაშე ტურნირზე საუკეთესო თავდასხმის და თავდაცვის მქონე გუნდები წარდგნენ.

საფრანგეთის ჩემპიონის მიერ ნახევარფინალში „ლაიპციგის“ ბრწყინვალე დამარცხების მიუხედავად, წყვილში ფავორიტად მიმდინარე გათამაშებაში იქამდე ათივე მატჩის მომგები „ბაიერნი“ მოიაზრებოდა, რადგან „რეკორდმაისტერის“ დამარცხება გოლკიპერ მანუელ ნოიერის ფაქტორიდან გამომდინარე, „პარი სენ-ჟერმენს“ ალბათ თერთმეტმეტრიანებშიც გაუჭირდებოდა.

ნოიერმა მართლაც შესანიშნავად ჩაატარა მატჩი და რამდენიმე ეპიზოდში იხსნა კიდეც თავისი გუნდი აშკარა გოლისგან, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში „ბაიერნი“ რომ დომინირებდა და თამაშის რიტმს წარმართავდა, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ „ბაიერნი“ შეიძლებოდა მისთვის არასასურველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, რადგან ასეთი რამ წლევანდელ ტურნირზე ფინალამდე არ მომხდარა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ტრადიციულად დიდი ანგარიშით „რეკორდმაისტერს“ ამ მატჩის მოგება ძალიან გაუჭირდებოდა, რადგან თომას ტუხელის მიერ არჩეული სათამაშო სქემა დიეგო სიმეონეს მადრიდის „ატლეტიკოს“ „ავტობუსს“ დაემსგავსა, „პარი სენ-ჟერმენი“ ათი კაცით დაცვაში ჩაიკეტა და თვით ნეიმარსაც კი საკუთარი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს უფრო ხშირად უწევდა თამაში, ვიდრე მეტოქის ნახევარზე.

„ბაიერნი“ ყველანაირად ცდილობდა მეტოქის დაცვითი ზღუდის გარღვევას და საბოლოოდ ეს მატჩის 59-ე წუთზე მოახერხა, როდესაც კიმიხმა მარცხენა ფლანგზე წამით უმეთვალყურეოდ დარჩენილი კომანი შენიშნა, ამ უკანასკნელმა კი აუღებელი თავური დარტყმით თავისი სახელი ოქროს ასოებით შეიტანა „ბაიერნის“ ისტორიაში.

გატანილი ბურთის შემდეგ „რეკორდმაისტერი“ არ დამცხრალა და დემორალიზებული მეტოქის კარის მიმართულებით შეტევები განაგრძო, თუმცა პარიზელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ურთულეს დაწოლას გაუძლეს და კარი მშრალად შეინახეს. 

მოედანზე დასვენებული კოუტინიო და პერიშიჩი გამოჩნდნენ, რამაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ფრანგები, რომლებიც უკვე ფიზიკურად ვეღარ უწევდნენ პაექრობას ჩემპიონთა ლიგის მომავალ გამარჯვებულს.

ამ თვალსაზრისით, პარიზელთა მწვრთნელ თომას ტუხელის სტრატეგიის ნაკლოვანებებზეც შეიძლება ვისაუბროთ, რადგან დი მარიას და ტრავმირებული მბაპეს პირველი წუთებიდანვე გამოყვანას, ხომ არ აჯობებდა მათი ბოლოსთვის შემონახვა?

მატჩის მიწურულს „პარი სენ-ჟერმენმა“ გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა და ამ ეპიზოდმა შესაძლოა მრავალ გულშემატკივარს მიუნხენის „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიული ფინალური მატჩი გაახსენა, მაგრამ ოცდაერთი წლის წინანდელი სასწაული ამჯერად აღარ განმეორდა და ფინალშიც უძლიერესმა გაიმარჯვა!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.