ნიუ-იორკი როგორც გამოწვევა – ინტერვიუ ხელოვან სალომე რიგვავასთან
ავტორი: მარიამ შერმადინი
მხატვარი სალომე რიგვავა, ლევან სონღულაშვილისა და თედო რეხვიაშვილის შემდეგ, პირველი ქართველი ხელოვანი ქალი იქნება, რომელიც განათლებას ამერიკაში, ენდი უორჰოლის სახელობის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში მიიღებს. სალომეს ნამუშევრები დღემდე ევროპის სხვადასხვა გალერეებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.
სალომე, პირველ რიგში, მოგვიყევი ამ სასიხარულო სიახლის შესახებ. შენ პირველი ქართველი ხელოვანი ქალი ხარ, რომელიც ამერიკაში, ენდი უორჰოლის აკადემიაში მიდის სასწავლებლად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი ხარ, შენი ნამუშევრები კარგად იყიდება და შენი ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა, კარიერაში ახალ ეტაპს იწყებ, რა მოლოდინები გაქვს?
პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა თქვენს ჟურნალს ამ საკითხით დაინტერესებისთვის. ვფიქრობ, ხელოვანი ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს და საკუთარი თავი სიახლეებისა და ახალი გამოწვევების წინაშე უნდა დააყენოს. თუმცა ნიუ-იორკში შემეძლო უბრალოდ ჩავსულიყავი და მეცხოვრა, მაგრამ მე ჩემი თავი გამოვიწვიე, მიზნად დავისახე აკადემიაში სწავლის გაგრძელება, განვითარებისა და სიახლეების მხრივ ეს ჩემთვის ბევრად საინტერესო პროცესია.
ნიუ-იორკის აკადემიაში, სადაც სწავლა ძალიან ძვირია, თვითდაფინანსებით მიდიხარ, არ გიცდია აქ სახელმწიფოსგან ან სპონსორებისგან მოგეძიებინა თანხები?
მიუხედავად იმისა, რომ განათლების საერთაშორისო სასტიპენდიო კონკურსის ორი ეტაპი წარმატებით გავიარე, რამაც იმის რეალური იმედი შემიქმნა, რომ დაფინანსებას მივიღებდი, სამწუხაროდ, უარი მომივიდა საკმაოდ გვიან, ზაფხულში, რომლის ბოლოსაც გამგზავრება უკვე დაგეგმილი მქონდა. ამან ძალიან დიდი წინაღობა და ფინანსური პრობლემები შემიქმნა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებდი, მომიწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოქმედება. ძალიან დამეხმარნენ ძველი თუ ახალგაზრდა კოლექციონერები, რომლებმაც ჩემი ნამუშევრები შეიძინეს, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე დახმარებისთვის.
ნიუ-იორკის აკადემიამდე მისასვლელი გზა… როგორც ვიცი, ეს შენი პირველი ვიზიტი არ არის ამერიკაში, მოგვიყევი ამის შესახებ.
2016 წელს ამერიკაში გავიარე რეზიდენტურა ცნობილ კორეულ გალერეაში „არტ მორა“ (Art Mora Gallery), ჩელსიში, რასაც მოჰყვა პერსონალური გამოფენა. ამ პერიოდმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ გადავწყვიტე აუცილებლად დავბრუნებულიყავი და დავიწყე გეგმის შემუშავება ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად. გავიარე საკმაოდ რთული გზა, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა განავითაროს საკუთარი თავი, ვფიქრობ, რომ იმ ასაკში საკმაოდ ბევრს მივაღწიე, რა თქმა უნდა, დაუღალავი შრომის ფასად, რადგან ჩემგან ყოველთვის ძალიან ბევრს მოითხოვდნენ, შესაბამისად, მეც ბევრ გამოწვევასთან მომიხდა გამკლავება.
ამერიკამდე იყო გერმანია…
როდესაც მაგისტრატურას ვამთავრებდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დაადმა (DAAD Georgia) გამოაცხადა ერთწლიანი სტიპენდია და წავედი გერმანიაში სასწავლებლად. ამ პროგრამამ მომცა საშუალება, რომ მესწავლა შტუტგარდის სამხატვრო აკადემიაში. საინტერესოა ის, რომ სტიპენდია მხოლოდ ერთწლიანი იყო, მაგრამ როგორც წარჩინებულ სტუდენტს, პროფესორების რეკომენდაციით მეორე წელსაც გამიგრძელეს სწავლა, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა დაადის ისტორიაში.
მრავალ გამოფენაში მიგიღია მონაწილეობა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ევროპის წამყვან ქვეყნებში შენი აქტიურობა, მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ
გერმანიაში ყოფნისას ვმუშაობდი, როგორც დამოუკიდებელი მხატვარი, ვცდილობდი, რომ კონტაქტი დამემყარებინა ადგილობრივ გალერეებთან, ამაში დამეხმარა სწავლის პერიოდში ყოველწლიური გამოფენები უნივერსიტეტში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური ხასიათის იყო და მოიცავდა თითქმის ყველა მედიუმს. ზოგადად, მსგავსი აქტივობები სტუდენტს ეხმარება თვითრეალიზაციაში, რაც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ არ ხდება. იქ ასეთ გამოფენებზე ახალგაზრდა მხატვრების აღმოსაჩენად დადიან გალერისტები. ამ შემთხვევაში მე გამიმართლა, მიმიწვიაა პრესტიჟულმა გალერეამ – „მოლინემ“ (Gallery Moline), რომლის ჯგუფურ და მერე უკვე პერსონალურ გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ მივიღე უამრავი შემოთავაზება. დავიწყე თანამშრომლობა ჰაიდელბერგის, შტუტგარდისა და მიუნხენის გალერეებთან, რაც ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელი მხატვრისთვის, ძალიან დიდი გამოცდილება აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს, თვითრეალიზაციაში საკმაოდ დამეხმარა და ხელი შემიწყო დედიკას გალერეამ, რომელმაც სრულად შეიძინა ჩემი სერია „Relax”.
მოგვიყევი ამ სერიის შესახებ?
ამ სერიით მინდოდა გამომეხატა გარესამყაროს მიმართება ადამიანთან. Relax ერთ კონკრეტულ მოტივზეა აწყობილი, კერძოდ – განტვირთვაზე. ვფიქრობ, ადამიანი ამისათვის მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მიენდოს და გარემოზე არ იყოს დამოკიდებული, რადგან ირგვლივ ყოველთვისაა ბევრი დაძაბულობა და წინაღობა, ამიტომ მთავარი საკუთარი თავის განწყობაა დადებითისკენ. ამ სერიის ნამუშევრებიც იმას გამოხატავს, რომ მე თავად ვახდენ ჩემივე თავის რელაქსაციას.
ყველა ხელოვანისთვის თავსატეხია საკუთარი ნამუშევრებისთვის ფასის დადება, შენ თუ გექმნება მსგავსი სირთულე?
ეს საკითხი ჩემთვისაც თავსატეხია, ამიტომ ვენდობი გალერეას და ის აფასებს ყველა ნამუშევარს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ხელოვანის პოპულარობაზე მისმა შემოქმედებამ, არტბაზრობებმა და ფესტივალებმა უნდა იზრუნოს და არა თავად ხელოვანმა.
ამერიკაში გამგზავრებიდან გამომდინარე როგორია შენი სამომავლო გეგმები?
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში უფრო მეტი და დიდი შესაძლებლობებია, მე მაინც ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან იქ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია საქართველოში მინდა გამოვიყენო. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება ჩემს ნამუშევრებშიც აისახება.
ამჟამად რაზე მუშაობ?
ამას ნიუ-იორკი მიკარნახებს…