მკვდარი სულების არდადეგები – ქართული კინოპრემიერა
2020 წლის 3 სექტემბერს CineDOC თბილისი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “მკვდარი სულების არდადეგების” ეროვნული პრემიერა გაიმართება. ფილმი ფესტივალის საკონკურსო სექციაში – Focus Caucasus არის წარდგენილი და მისი ჩვენება Cavea Drive-In Lisi-ის ღია კინოთეატრში 20:30 საათზეა დაგეგმილი.
ფილმი მოგვითხრობს 90-იან წლებში საქართველოში წარმატებული მუსიკოსის, ლევან სვანიძის ამბავს, რომელიც დღეს ასაკოვან დედასთან ერთად ერთოთახიან ბინაში, თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. მიუხედავად სიდუხჭირისა, ლევანი ოპტიმისტია და თავისებურად ცდილობს დაიმკვიდროს თავი მუსიკალურ სამყაროში და აიწყოს პირადი ცხოვრება.
ფილმში გამოყენებულია ლევან სვანიძის ელექტრონული მუსიკა, რომელსაც ის ბოლო 20 წლის მანძილზე დამოუკიდებლად ქმნის. ასევე გამოყენებულია ქართული პოსტ-პანკ / ალტერნატიული ბენდის, “წერილის” (წარსულში “ამორალი”) მუსიკა, რომელშიც ლევანი 1995 წლიდან დღემდე ბას გიტარაზე უკრავს. ფილმის სახელწოდება “მკვდარი სულების არდადეგები” კი ლევანის პირველი მუსიკალური პროექტის სახელი იყო 90-იან წლებში.
ფილმის მსოფლიო პრემიერა წელს Hot Docs დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე (ტორონტო, კანადა) გაიმართა – The Changing Face of Europe სექციაში, რომელიც ევროპული კინოს მრავალფეროვნებას და აქტუალურ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცვლილებებს წარმოაჩენს.
Hot Docs საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამერი მიროშა ვატამანიუკი:
“ოცი წლის წინ თბილისში, საქართველოში, ლევან სვანიძეს იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ ბასისტს. თუმცა, ახლა ის 45 წლისაა და მოხუცებულ დედასთან ერთად ცხოვრობს სიდუხჭირეში, ერთოთახიან ბინაში. 14 კვ. მეტრის საზიარო სივრცეში დედა-შვილის სიახლოვე უკიდურეს ფორმებს იძენს. ლამარას ყოველდღიურობა შვილის ჭამა-სმაზე და გარეგნობაზე ზრუნვაა, მუდამ ერთსა და იმავე ისტორიებს უყვება გარდაცვლილ ქმარსა და სტალინის სიყვარულზე. როდესაც ლევანი გარეთ გადის და თავისი დისკების გაყიდვას ცდილობს, ლამარას არ ასვენებს ფიქრი იმაზე, თუ ვის შეიძლება ხვდებოდეს მისი შვილი და გაუთავებლად ურეკავს ლევანს, სანამ ის სახლში არ დაბრუნდება. ლევანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა პენსიაზე გასვლისთვის, მაგრამ აღარც იმ ასაკისაა, რომ იღბლის მობრუნება შეძლოს. ერთი სიტყვით, ის გაჭედილია. ლამარას კი სხვა არავინ ჰყავს, რომ თავისი მოგონებები გაუზიაროს და რაც შეიძლება ძლიერად ეჭიდება შვილს. ერთმანეთზე დამოკიდებული და ერთ სივრცეში მოქცეული ამ დედა-შვილის ოსტატურად გადმოცემული ქრონიკები არა მხოლოდ ერთი ოჯახის დისფუნქციის ამბავია, არამედ პოსტსაბჭოთა ცხოვრების აბსურდულად ინტიმური ჩანახატიც”.
ფილმის რეჟისორი კეკო ჭელიძე:
“როდესაც ფილმს ვიღებდით, ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ლევანის მრავალწლიანი იზოლაცია გლობალური პრობლემა შეიძლება გამხდარიყო და ჩვენც, ლევანის მსგავსად, გარე სამყაროსგან მოწყვეტილები აღმოვჩენილიყავით. ვფიქრობ, ახლა უკეთ მესმის, თუ რას განიცდის ჩემი ფილმის გმირი. დოკუმენტური ფილმები პატარა ან დიდი ისტორიებია ჩვენი სამყაროს შესახებ, რომლებიც საკუთარ თავს ხელახლა დაგვანახვებს ხოლმე – ის, რაც ერთი შეხედვით აბსურდული, ყალბი ან მიუღებელი შეიძლება მოგვეჩვენოს, სინამდვილეში არც ისე შორსაა ჩვენი რეალობისგან“.
წელს CinéDOC-Tbilisi-ის მერვე გამოშვება ინოვაციური ფორმატით იმართება, ის რამდენიმე პლატფორმას მოიცავს და შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს, მისთვის სასურველ გარემოში იხილოს უახლესი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები.