fbpx

ნინო ქვრივიშვილი – Story as a Woven Carpet


გააზიარე სტატია


ავტორი: სანდრო ანჩაბაძე

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე

 

ნინო ქვრივიშვილი თბილისში მცხოვრები ხელოვანია, რომელიც 1984 წელს დაიბადა. 2001-2007 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის მიმართულებით სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ  მონაწილეობა მიიღო ხელოვნების სხვადასხვა სარეზიდენციო პროგრამაში: Binz39 ციურიხში (შვეიცარია), Achterhaus Residency ჰამბურგში (გერმანია), KKKC Residency კლაიპედაში (ლიეტუვა),  Museum Kunst der Westküste, Alkersum/Föhr, ჩრდილოეთ გერმანიაში და Frauenkulturbüro NRW e..V. დიუსელდორფსა და გოხში (გერმანია).

ნინო ქვრივიშვილის ძირითადი სამუშაო მედიუმი ტექსტილის ინსტალაციებია. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია ცვლილებების პროცესზე, ისტორიის კვლევასა და მის ახალ რეალობაში სხვადასხვა ფერით, ფორმითა და მასალით გამოსახვაზე.

მისი ნამუშევრები ჰყვებიან სხვადასხვა ამბავს, რომლებიც დაკავშირებულია მის პირად ისტორიასთან, წარმოებაში მომუშავე ქალთა ისტორიებთან და ობიექტებთან.  ის ქმნის ერთგვარ სცენას, სადაც მასალა და ობიექტი გადაქცეულია მთხრობელად. ნინოს  შემოქმედებაში მისი  ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ისტორიები არ არის მოთხრობილი პოლიტიკურ-ისტორიოგრაფიულ ჭრილში, არამედ ისინი გადმოცემულია პირადი ცხოვრებიდან  მოგონებების სახით. 

 

Story as a Woven Carpet

Story as a Woven Carpet  2019 წელს ირინა პოპიაშვილის კურატორობით გამართული გამოფენაა, რომელიც ბერლინში, 68 Projects-ში გალერეა Galeriekornfeld-მა გამართა. გამოფენაში  თბილისში მოღვაწე შვიდი ქართველი ხელოვანი  მონაწილეობდა. საინტერესოა, რომ სახელწოდება აღებულია ნინო ქვრივიშვილის ნამუშევრის სათაურიდან, რომელიც ასევე  გამოფენის ნაწილი იყო.

Story as a Woven Carpet ხელით ნაქსოვი ფარდაგებისა და თექის  ქსოვილისგან შექმნილი ოთხი დამოუკიდებელი ნამუშევრის სერიაა, რომელიც ხელოვანმა  სხვადასხვა დროს  შექმნა. 

საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებამდე ფარდაგები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იქსოვებოდა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფარდაგი კონკრეტულ ამბავს გადმოსცემდა, ერთგვარ ნაქსოვ ისტორიას განასახიერებდა. ხელოვანს ყოველთვის სურდა ემუშავა ტექსტილზე და შეექმნა როგორც ხელით ნაქსოვი, ასევე ინდუსტრიულ წარმოებასთან დაკავშირებული ქსოვილები.

ნამუშევრების შექმნის ისტორია უკავშირდება თუში მეცხვარის ამბავს, რომლისგანაც ხელოვანმა ძველი, ხელით ნაქსოვი ფარდაგი შეიძინა. მეცხვარე ფარდაგს ყიდდა იმისათვის, რომ მთაში წასასვლელად ნაბადი შეეძინა. ხელოვანმა ამ ისტორიის გასაგრძელებლად შექმნა ხელით ნაქსოვი ფარდაგები, სადაც შავ-თეთრი აბსტრაქტული დეტალებით, ავტორის სახელითა და შესრულების თარიღით ამ ნამუშევრის შექმნის ისტორია გადმოსცა.

 

განსხვავებული პოზიციები / Reflected Positions

ჯგუფური გამოფენა “განსხვავებული პოზიციები” (Reflected Positions) 2019 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, კუნსტჰალე თბილისის ფარგლებში გაიმართა. გამოფენის კურატორები იყვნენ ნატალი ოიოსი და რაინალდ შუმახერი, ირინა პოპიაშვილთან თანამშრომლობით. ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო , ერთი შეხედვით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ორი ხელოვანის – ალისია კვადესა და ნინო ქვრივიშვილის ნამუშევრები. ეს გამოფენა ევროპაში არსებული ხელოვნების შექმნისა და აღქმის სხვადასხვა პირობასა და პრეზენტაციის ფორმებზე გამართული გარკვეული დიალოგია. 

ნინო ქვრივიშვილმა ამ გამოფენისთვის შექმნა ახალი ინსტალაცია, სახელწოდებით Do You Want to Live in Paradise?, სადაც უბრალო და მარტივი მასალებით –  ძველი მუყაოს, თაბაშირისა და  ხის გამოყენებული ყუთებით –  ღრმა პოეტური განზომილება გააჩინა. ნაპოვნ ობიექტებში დაფარულია ემოციების დამატებითი ფენა, რომელიც ისეთ ნივთებში იკითხება, როგორებიცაა:  ღია ბარათები, ნაძვის ხის დეკორაციები, ძველი კერამიკის თეფში, შავი ბეწვის ნაჭერი და გამოყენებული საახალწლო განათებები. ეს ობიექტები ინახავენ წარსულის ისტორიებს და მათი დანახვის საშუალებას გვაძლევენ. სხვადასხვა ხის მასალის, მუყაოსა და თაბაშირით დაფარული მრავალი ზედაპირი ამძაფრებს  ამ შეგრძნებას და წარსულის დაფასებასა და შენახვაზე დაგვაფიქრებს.

ნინო ქვრივიშვილის ინსტალაცია წარსულის ნაწილებისა და მეხსიერების ფრაგმენტებთან მუშაობის პროცესის ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც ხან ყუთებშია ფრთხილად ჩალაგებული და ხანაც პიედესტალზეა ძვირფასი ექსპონატის რანგში გამოფენილი.

 

ნაკვალევზე / Searching for Traces

ნინო ქვრივიშვილის ერთ-ერთი  პერსონალური ნამუშევარია „ნაკვალევზე“ (Searching for Traces), რომელიც ყოველდღიური ნივთებისგან შემდგარ ვიტრინას წარმოადგენს. ინსტალაცია „კარლო კაჭარავა დღეს“ – 2017 წელს, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეაში  გამართული გამოფენის ნაწილი იყო.

ნამუშევარი მოგვითხრობს იმ ოჯახების ისტორიებს, რომლებიც ცხოვრობდნენ და  მუშაობდნენ ქალაქ გორში და რომლებმაც 90-იან წლებში დატოვეს საქართველო და დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში. საყოფაცხოვრებო  ჭურჭელი და სხვა ნივთები, რომლებსაც ისინი 1960-70-იან წლებში იძენდნენ, დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, თუმცა გამოფენილი ნივთები უფრო მეტად მთლიანი სურათია ერთი ისტორიისა, თუ როგორ ჩამოვიდნენ (1950-იან წლებში) ფეიქარი გოგონები გორის ბამბეულის  კომბინატში სამუშაოდ. ისინი  იმ თაობის წარმომადგენლები არიან,  რომელთა ცხოვრებაც ომმა დააზარალა, მაგრამ მათთვის  საქართველოში დასახლება   პირადი არჩევანი არ ყოფილა. მათი ნივთები განასახიერებენ უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყების, ოჯახის შექმნის ისტორიებს, მაგრამ ყველაზე მძაფრი და ემოციური სწორედ ამ ყველაფრის უკან მოტოვებაა.

ქვრივიშვილის ბებია, რაისა ზატიუკოვა, ერთ-ერთი მათგანია.  ის გორში 18 წლის ასაკში დასახლდა და საკუთარი პირადი ნივთების გარდა, რომლებიც ბავშვობას ახსენებდა, მან შეინარჩუნა მეგობრების მიერ დატოვებული ნივთებიც იმ იმედით, რომ ისინი ოდესმე დაბრუნდებოდნენ. სწორედ ეს ნივთები და მათი ისტორიები გახდა ხელოვანის შთაგონების წყარო.

ნამუშევრის ვიზუალური მხარე იმეორებს ყუთების სწორედ იმ ფორმას, რა სახითაც ისინი დატოვეს ამ ადამიანებმა. ნამუშევარი თავისი კონტექსტით ისეთ განსხვავებულ საკითხებს ეხება, როგორიცაა გადაადგილების თემა, საბჭოთა ქალის როლის მნიშვნელობა წარმოებასა და ოჯახში; ასევე აქტუალურია მუდმივი მონატრების თემა, რომელიც ადამიანს სხვადასხვანაირად აყალიბებს და ხშირად მას ნივთებზე მიჯაჭვულს ხდის.

 

Beyond

Beyond ნამუშევრების სერიაა, რომელიც ნინო ქვრივიშვილმა ციურიხში რეზიდენციის პერიოდში შექმნა. ნამუშევრები ეხება იმ ხალხის ისტორიას რომლებიც შვეიცარიაში ინდუსტრიული რევოლუციის დროს ტექსტილის წარმოებებში მუშაობდნენ. აბრეშუმის ქსოვილებზე გამოსახული აბსტრაქტული კომპოზიციები წარმოადგენს სიმბოლურ ფარდებს. თითოეული ნამუშევარი ასახავს თითოეული ქალის ისტორიას, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ციურიხთან ახლოს არსებულ აბრეშუმის წარმოებაში, მძიმე პირობებში უწევდათ  მუშაობა. 

ნინო ქვრივიშვილის ნამუშევრები იფინება როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა სოლო გამოფენებისა, ის  მონაწილეობდა  მრავალ ჯგუფურ პროექტში.

აღსანიშნავია სოლო გამოფენები: Story as a Woven Carpet – Oxygen_Tbilisi No Fair, 2019, თბილისი; Beyond, 2016 წლის გამოფენა  Binz39-ში (ციურიხი, შვეიცარია); Soviet Rainbow – From Textile Shop to Museum (აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი); Ширина 126 ± 2 см. (გალერეა Melike Bilir, ჰამბურგი, გერმანია); Exile’s Suitcase, (KKKC, კლაიპედა, ლიეტუვა).

მისი ნამუშევრები გამოფენილია ჯგუფურ გამოფენაში: 2020 – KEEPING THE BALANCE- ლუდვიგის მუზეუმი, ბუდაპეშტი. 2019 – Reflected Positions, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; Story as a Woven Carpet – 68 projects by Galeriekornfeld, ბერლინი, გერმანია;  Objects of Attention – ესტონეთის გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის მუზეუმი, ტალინი, ესტონეთი; 2018,  I Am the Mouth, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ზაგრები, ხორვატია; 2017, კარლო კაჭარავა დღეს, ეროვნული გალერეა, თბილისი; Półprawda / Half-Truth, სკულპტურის მუზეუმი კროლიკარნიაში, ვარშავა, პოლონეთი; 2016, New Constructive Energies, ექსპო ჯორჯია, თბილისი; 21 საუკუნის ქართველი მხატვრები,  პოპიაშვილი-ღვაბერიძის გალერეა, თბილისი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.