fbpx

ბენკსიმ ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილთა სამაშველო გემი დააფინანსა


გააზიარე სტატია



ავტორები: ლორენცო ტონდო და მორის სტიერლი

 

ბრიტანელმა სტრიტ-არტისტმა ბენკსიმ დააფინანსა გემი, რომელსაც ლტოლვილები გადაჰყავს ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში. ხომალდი, რომელსაც ფრანგი ფემინისტი ანარქისტის, ლუიზ მიშელის სახელი ჰქვია, 18 აგვისტოს ესპანეთის საზღვაო პორტიდან საიდუმლოდ დაიძრა, ამჟამად კი შუა ხმელთაშუაზღვისპირეთში იმყოფება და უკვე დაიხსნა 89 ადამიანი, მათ შორის 14 ქალი და 4 ბავშვი. ამჟამად ეძებენ უსაფრთხო საზღვაო პორტს, სადაც მგზავრებს ჩამოსვამენ ან ევროპულ ხომალდზე გადასვამენ. 

გემი ვარდისფრადაა შეღებილი და მას ბენკსის ნახატი ამშვენებს – გოგონა, რომელსაც ხელში გულის ფორმის ტივტივა უჭირავს. 31-მეტრიანი იახტა გერმანიის დროშის ქვეშ დაცურავს და ის ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა გემები. ბენკსის მონაწილეობა სამაშველო მისიაში 2019 წლის სექტემბრიდან იწყება, როდესაც მან ელფოსტა პია კლემპს გაუგზავნა – იმ ხომალდების ყოფილ კაპიტანს, რომლებითაც ბოლო წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი გადარჩა. 

“სალამი, პია. შევიტყვე თქვენ შესახებ და კარგი ტიპი ჩანხართ. მე ვარ არტისტი დიდი ბრიტანეთიდან და მიგრაციის კრიზისის შესახებ გარკვეული ნამუშევრებიც მაქვს შექმნილი, თუმცა თანხას ვერ დავიტოვებ. შეგიძლია, რომ ეს ახალი გემის საყიდლად ან სხვა რამისთვის გამოიყენო? გთხოვ გამაგებინე. ბენკსი.” – ნათქვამია  წერილში.

კლემპმა ეს წერილი თავდაპირველად ხუმრობად აღიქვა. სჯერა, რომ ბენკსმა ის მისი პოლიტიკური პოზიციის გამო აირჩია. “ზღვის მაშველობას ჰუმანიტარულ აქტად არ აღვიქვამ, რადგან ეს ანტიფაშისტური ბრძოლის ნაწილია”. – განაცხადა მან. პიამ განმარტა, რომ ბენკსის მონაწილეობა მხოლოდ ფინანსური დახმარებით  შემოიფარგლება. “იმედი მაქვს, ხომალდი ლიბიის სანაპირო ზოლს გადალახავს ისე, რომ ლტოლვილები საპატიმრო ბანაკებში არ დააბრუნონ”.

საერთაშორისო ორგანიზაციები ლიბიის სანაპირო დაცვას ადანაშაულებენ ხალხის არასათანადო მოპყრობასა და გაყიდვაში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს 7600-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს და ლიბიაში დააბრუნეს – ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციები ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ლტოლვილების მდგომარეობა საშინელია, რადგან მათ სისტემატურად აწამებენ და აუპატიურებენ.

ლუიზ მიშელის ეკიპაჟის ათივე წევრი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველა მათგანი ანტირასისტი და ანტიფაშისტი აქტივისტია, რომლებიც რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებს ემხრობიან. მისია საიდუმლოდ დაიგეგმა ლონდონს, ბერლინსა და ბურიანას შორის, სადაც გემი აღჭურვილობით მოამარაგეს. 

ეკიპაჟის წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ მედიის ყურადღება მათ მიზანს საფრთხეს შეუქმნიდა, რადგან შესაძლოა ევროპის ხელისუფლებას მისიის ჩაშლა ეცადა. სწორედ ამიტომ, ბენკსის გუნდი და სამაშველო აქტივისტები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაევრცელებინათ, როდესაც პირველ მისიას შეასრულებდნენ. 

კორონავირუსის კარანტინმა და შეზღუდვებმა სამაშველო მისიის საქმიანობას ხელი შეუშალა, რადგან რამდენიმე კვირის განმავლობაში ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვაში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 2020 წელს ხმელთაშუა ზღვაში 50 ლტოლვილი დაიღუპა, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი უფრო მაღალიც იყოს. ოთხშაბათს, 45 ადამიანი – მათ შორის, ხუთი ბავშვი – ემსხვერპლა ლიბიაში გემის ძრავას აფეთქებას. წელს ხმელთაშუა ზღვა 19 500-ზე მეტმა მიგრანტმა გადალახა და მალტაში ან იტალიაში ჩააღწია.

აქტივისტი კლერ ფაგიანელი, რომელმაც გემი პირველი მისიისთვის მოამზადა, მიიჩნევს, რომ პროექტი ევროპას გამოღვიძებისკენ მოუწოდებს. “გვსურს, ევროპა გამოვაღვიძოთ და ვუთხრათ: წლებია გიყვირით. ევროპის საზღვრებთან ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, თქვენ კი ამაზე თვალს ხუჭავთ. გაიღვიძეთ!”

 

ორიგინალი: https://www.theguardian.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.