კიმონო ხალათები და საღამურები ქართველი დიზაინერებისა და კონცეპტუალური მაღაზიების კოლექციებში
ავტორი: გვანცა ფოცხვერია
იაპონური კულტურა, ქსოვილები, ფერთა პალიტრა, ფორმები და დეტალები მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ბევრი შემოქმედის შთაგონების წყაროდ არაერთხელ ქცეულა. იაპონური ტრადიციული ტანისამოსი – კიმონო კი იაპონიის საზღვრებს დიდი ხნის წინ გასცდა და გლობალურ ტრენდად იქცა.
თავისუფალი ფორმა, მკვეთრი კიდეები, ფიქსირებული ნაკეცები, ქსოვილისა და პრინტის მრავალფეროვნება მოდის სპეციალისტებს შემოქმედების მრავალმხრივ არეალს აძლევს. სხვადასხვა დროს დიზაინერებმა მათთვის დამახასიათებელი ხელწერით გათანამედროვებული კიმონოს ტიპის მოსასხამები, კაბები, ხალათები, საღამურებიც კი შექმნეს.
ჩვენ შევეცადეთ, შეგვერჩია ქართველი დიზაინერების და კონცეპტუალური მაღაზიების მიერ შექმნილი კიმონოს ტიპის მოსაცმელები.
mavilé
Mavile – ვირტუალური სივრცეა, სადაც უნიკალურ, ხელნაკეთ კიმონოებს აღმოაჩენთ. ამ სახელწოდების უკან ძალიან საინტერესო კონცეფცია იმალება – ავტორის ხელსაქმისადმი სიყვარული და ნამუშევრებში ჩაქსოვილი სხვადასხვა კულტურის სინთეზი. Mavile – აღმოსავლური ქალის სახელია, ჟღერადობით კი ყვავილს ჰგავს. სწორედ აღმოსავლური კულტურა, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, ქართული მოტივები, უძველესი ფრესკები, ნაქარგები და რენესანსის ეპოქა იქცა მარიანა ჭყონიას შთაგონების წყაროდ. პროფესიით მხატვარი და რესტორატორი ამ სივრცის და ყველა ნამუშევრის ავტორი და შემოქმედია. კიმონოს ტიპის ხალათები და ფარდაგები, რომლებსაც Mavile-ის ინსტაგრამის გვერდზე აღმოაჩენთ, ხელით შესრულებულია.
“სხვადასხვა ტექსტილის სინთეზი, ქსოვა, კერვა, ქარგვა ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი ოჯახის ქალებისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო. ბებია და დედა მიკერავდნენ კაბებს, მეც მათთან ერთად ვქმნიდი პატარა კაბებს. ამ დროს სიმშვიდე და სასიამოვნო ფუსფუსი იყო. ახლაც ასეა, დასტრესილი სამყაროდან შევდივარ სამკერვალოში და ვისვენებ”. – მარიანა ჭყონია.
მოსაცმელებს სელის ან აბრეშუმის ქსოვილისგან კერავს, შემდეგ ამ ქსოვილს ხატავს და ბოლოს ხელით ქარგავს. ყველა ნამუშევარს ავტორისეული ხელწერა ეტყობა. ესტუმრეთ Mavile-ის ინსტაგრამის გვერდს, შეარჩიეთ და შეუკვეთეთ კიმონო, რომელიც ყველაზე დიდი ენთუზიაზმით იქმნება.
Rose Moda
“I’ll See You in My Dreams” – საღამურები ამ წარწერებით კინოს მხატვარმა თიკო კვინიკაძემ ჯერ კიდევ 5 წლის წინ ყველასთვის საყვარელი “ო მოდა, მოდას” მაღაზიისთვის შეკერა. დღეს კი სიყვარულის ინსპირაციით შექმნილი “პიჟამები”, და უკვე კიმონო-ხალათებიც, თიკოს ონლაინ მაღაზიაში – Rose Moda-ში შეგიძლიათ იხილოთ. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, მთავარი სიმბოლო ვარდი და იდეა სიყვარული – ასეთია Rose Moda-ს პროდუქცია, რომელიც ინსტაგრამის გვერდის გარდა, სასტუმრო “სტამბას” მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.
tatanakahomeshop
ყველაზე ჭრელი და თვალისმომჭრელი კიმონოები თათანაკას კოლექციაშია. თათანაკას შემოქმედება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. ქართველი ტყუპების, თათა და ნაკა სურგულაძეების ბრენდის მთავარი იდეა მათივე შექმნილი პრინტი და მისი გამოყენებით წარმოდგენილი ნამუშევრებია.
ტყუპების ხელწერა ძალიან ორიგინალურია და თითქოს მათსავე ხასიათს და ინდივიდუალიზმს ასახავს. ჭრელი, ეკლექტური და მხიარული ტანისამოსი მათთვისაა, ვისაც უყვარს გამორჩეულად ყოფნა. თათანაკას კიმონოები ისეთივე მკვეთრი და კაშკაშაა, როგორიც დიზაინერების მთელი შემოქმედება.
აუცილებლად დაათვალიერეთ თათანაკას ინსტაგრამი და იქ ბევრ საინტერესო ნივთთან ერთად, საზაფხულო, უნიკალური პრინტის და სხვადასხვა ქსოვილის კიმონოებს აღმოაჩენთ. ამ ბრენდის ნამუშევრების შეძენა ასევე შეგიძლიათ მაღაზიებში “იერი”, More Is Love და სოლოს სერვისცენტრებში.
F lovers
თუკი აქამდე ფალიაშვილის 27 ნომერს მხოლოდ გამორჩეული ყვავილების თაიგულებისათვის აკითხავდით, ამ ზაფხულს F lovers-ის გემოვნებიანმა მფლობელებმა მაღაზიის ვიზიტორებს ფართოსახელოებიანი ხალათების დიდი არჩევანი დაახვედრეს. აქ ყვავილების სურნელში და სიჭრელეში აღმოაჩენთ სხვადასხვა ფერის, ქსოვილის და ესთეტიკის კიმონოებს.
გათანამედროვებული იაპონური ტანისამოსი იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში ზღვასა და აუზზე მოსაცმელად. კიმონოს შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ თავად იაპონელები დიდ ყურადღებას აქცევენ მის ფერებს და პრინტს, რადგან სწორედ ქსოვილზე შესრულებული ნამუშევარი და ფერები განსაზღვრავს ტანისამოსის სეზონურობას.
Irma de flore
ანტიკვარული აბრეშუმის კიმონოებს წარმოგიდგენთ Irma de flore. პროფესიით ფოტოგრაფმა და დიზაინერმა ირმა შარიქაძემ ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო უნიკალური ქსოვილების შეგროვება, შემდეგ კი გაჩნდა ამ უიშვიათესი მასალებით ტანისამოსის შექმნის იდეა. ასე დაარსდა Irma de flore.
ნამუშევრებს პროფესიონალი მკერავები და კონსტრუქტორები ქმნიან, ბრენდის დამახასიათებელი ნიშანი ანტიკვარული ტექსტილია, კონკრეტულად კი – ჩინური უძველესი აბრეშუმები. Irma de flore-ის ტანისამოსი ეკლექტურია, მასში იგრძნობა თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზი, სხვადასხვა კულტურის მიქსი და ინდივიდუალიზმი. აღმოაჩინეთ ფერები, უნიკალური ქსოვილი და სადა ფორმები “ირმა დე ფლორის” შოურუმში, აბაშიძის 31 ნომერში.