fbpx

სოფელ ასურეთის გერმანული კულტურული მემკვიდრეობა რესტავრაციის შემდეგ


გააზიარე სტატია

ავტორი: მზეხა მახარაძე 

 

კოპწია და მტკიცე სახლები – შიგნით კაფელის ღუმლით, ქანქარიანი საათით და ხავერდიანი სავარძლით… 

ზოგიერთისთვის ეს საგანძური და ეს ისტორია უცნობი საქართველოა. 

სოფელ ასურეთში, ანუ ძველ ელიზაბეტთალში შვავების ქუჩისა (schwabenstrasse) და ქართულ-გერმანული არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური რეაბილიტაცია ამ ეტაპისთვის დასრულებულია.

 

 

200 წლის წინ, 1817 წელს, როდესაც გერმანელი შვაბი პიეტისტები ალექსანდრე I-ის მოწვევით  საქართველოში ჩამოსახლდნენ, პირველი გერმანული კოლონიები ბოლნისსა და ასურეთში დააარსეს.  

 

 

ქვემო ქართლის მხარეში ისტორიული ელიზაბეტთალი, რომლის დაარსების თარიღად 1818 წელია განსაზღვრული, ერთ დროს ერთ-ერთი დიდი, მდიდარი და გამორჩეული გერმანული დასახლება ყოფილა. აქ სახლები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო, ვიურტემბერგელმა შვაბებმა ააგეს. როგორც ჩანს, სივრცის ყველაზე ეფექტური და რაციონალური ათვისებიდან გამომდინარე, გერმანელები საცხოვრებელ სახლებს ნათალი ქვით აგებდნენ, ღრმა სარდაფებით, მაღალი, ვიწრო სამკუთხაფრონტონიანი ფასადებით, რომელსაც ქართული ხის მოხარატებული აივნებითა და ვერანდებით რთავდნენ. 

აი, ქართული ტრადიციის გოთურ სტილთან ორგანული შეთავსება, გაზიარება და მიღება. ამიტომ როდესაც ამ ისტორიას ეხები, გრძნობ, რომ გერმანელები არა მარტო ჭკვიანურად აგებდნენ სახლებს, არამედ ზრუნავდნენ ელიზაბეტთალის ახალი, ინდივიდუალური არქიტექტურული ლანდშაფტის საერთო რიტმულ ესთეტიკაზე. შესაბამისად, მათი ნახაზებით აგებული შენობების მნიშვნელობა განსაკუთრებულად დიდია, რაც თავის მხრივ, ქართულ-გერმანული კულტურული მემკვიდრეობის 200-წლიანი ურთიერთობისა და მდიდარი ტრადიციის გამოხატულებაა, მით უმეტეს, რომ საქართველოში 1817  წლიდან ჩამოსახლებული გერმანელების კულტურული მემკვიდრეობა საბჭოთა ოფიციოზის მიერ უარყოფილი და სრულიად შეუსწავლელი იყო. ამიტომაც ზოგიერთისთვის ეს საგანძური და  ისტორია დღესაც კი უცნობი საქართველოა.  

 

ცნობილი გერმანელი მოგზაური, გეოგრაფი და ბუნებისმეტყველი მორიც ვაგნერი, რომელიც თავისი მოგზაურობის დეტალებს თითქმის ეთნოგრაფიული სიზუსტით აღწერდა ხოლმე, 1843-46 წლებში ვიურტემბერგელი შვაბების სოფელ ელიზაბეტთალში ყოფნისას წერდა: “პატარა, მაგრამ კოპწია და მტკიცე სახლები – შიგნით კაფელის ღუმლით, ქანქარიანი საათით და ხავერდიანი სავარძლით – ყოველივე სუფთა და სასიამოვნო, როგორც სამშობლოში – შვარცვალდსა და ნეკარზე”. 

დღეს ეს ქრესტომათიული სახლებია თავისი ხასიათით, შინაარსით და იმ ეპოქისეული სულით… ამ დასახლებამ უკვე შეიძინა თავისი ადგილი ტურისტულ მარშრუტებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც გერმანიიდან ჩამოდიან. როგორც ამბობენ, ესაა ამბავი ქართულ-გერმანულ კვალზე, ჩვენ მიერ დავიწყებული მომავლის მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც ქრონიკებს მიღმაც თანაარსებობს და გეჩვენება, თითქოს გამოგონილია, მაგრამ მაინც გამორჩეული და განყენებული. 

ერთ დროს სანიმუშოდ განვითარებულ ელიზაბეტთალში, ანუ დღევანდელ სოფელ ასურეთში ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა წაშლის ზღვარზე იყო მისული, – დაშლილი ღობეები,  სახლების დარღვეული კედლები, ავარიული კონსტრუქცია, ჩამოქცეული სახურავი, ამორტიზებული წყალგაყვანილობა, მოუწესრიგებელი გზები… ყველაფერთან ერთად 1871 წელს ნეო-გოთიკური სტილით გამორჩეული ევანგელისტურ-ლუთერანული ტაძარი ფაქტობრივად აღარ არსებობდა, – იყო მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები და ჩამოვარდნილი გუმბათი. ტაძარი, სადაც ერთ დროს წირვა-ლოცვა გერმანულ ენაზე აღევლინებოდა, 1930-იან წლებში ბოლშევიკურმა რეჟიმმა ჯერ სოფლის კლუბად გადააკეთა და ჯვრის ნაცვლად ვარსკვლავი დაადგა, მერე თურმე სამრეკლოც მოხსნა. 1981 წელს კი ხანძარმა ეკლესია მთლიანად გაანადგურა.

ასურეთში ამ მრავალმხრივად საინტერესო ურბანულ ქსოვილსა და არქიტექტურულ ძეგლებზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად იტვირთა. ქართულ-გერმანული საგანძურის აღდგენა-დაცვა-გადარჩენა 2016 წელს დაიწყო. ეს ორსაუკუნოვანი გოთიკური სტილის სახლები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კომპლექსურად პირველად განახლდა და ისეთი პირვანდელი სახე დაუბრუნდა, როგორიც ძველ ფოტოდოკუმენტებს შემორჩა. შვაბების  ქუჩაზე, სადაც ყველაფერი ისტორიით სუნთქავს, ქვაფენილიანი საფარი აღადგინეს, მოეწყო სანიაღვრეები და საკანალიზაციო სისტემები, განახლდა ღობეები და რეტრო სტილში დამონტაჟდა ქუჩის განათება. 

ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში:

ასურეთში მხოლოდ საქართველოს მხარის დაფინანსებით განხორციელდა ევანგელური ეკლესიის აღდგენა და გერმანელი კოლონისტების რამდენიმე სახლის გამაგრება და რესტავრაცია. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ გერმანულ კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ და უვლიან. ამით ასურეთი, რომელიც თბილისიდან მხოლოდ ერთი საათის სავალზეა, ტურისტებისა და ექსკურსიებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება.

 

რა ისტორიულ კონტექსტში მიდიოდა გერმანელი კოლონისტების ფართომასშტაბიანი მიგრაცია, რას სთავაზობდნენ უცხო მიწაზე, რატომ ან რა მიზნით ჩამოდიოდნენ?  

ეს დაკავშირებული იყო იმ დროს გერმანიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და რელიგიურ ვითარებასთან, აგრეთვე ევროპელების მოსაწვევად XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთის იმპერატორების მანიფესტების საფუძველზე. მათ  უფინანსებდნენ მგზავრობას, ათავისუფლებდნენ სამხედრო სამსახურისგან, აძლევდნენ რელიგიურ თავისუფლებას, თითო ოჯახს აკუთვნებდნენ  60 ჰექტრამდე მიწას ყველა სახის სამუშაო ინვენტართან ერთად, ანუ ეს ყოფილა ძალიან მომგებიანი წინადადება. 

140 წელზე მეტხანს  ცხოვრობდნენ გერმანელები საქართველოში –  მშვიდად, ლაღად და მეგობრულად. ქრონიკებს თუ გავყვებით, 1817 წლის 21 სექტემბერს, როდესაც საქართველოში ვიუტემბერგელი შვაბების 31 ოჯახი ჩამოვიდა, თბილისის მახლობლად, სართიჭალაში დაასახლეს თურმე, და ამ კოლონიას მარიენფელდი უწოდეს. საქართველოს ტერიტორიაზე 1819 წლისთვის უკვე 6 გერმანული კოლონიაა: მარიენფელდი, ნოი-ტიფლისი, ალექსადერსდორფი, კატარინენფელდი, ელიზაბეტთალი და პეტერსდორფი. 

დროთა განმავლობაში ამ დასახლებების გეოგრაფია ფართოვდება და ჩნდება ახალი გერმანული სოფლები: ფროიდენტალი, ალექსანდერსჰილფი, ბლუმენტალი, გნადენბერგი, ნოიდორფი, ლინდაუ. ტრაუბენბერგი, გეორგსტალი, ვალდჰაიმი… ანუ, სულ 23 გერმანული კოლონია. 

თუკი მათი ცხოვრების ხასიათსა და სტილს გავშიფრავთ, გერმანელებმა თავისი ინტელექტით, შრომისუნარიანობით, ეკონომიკური სტრატეგიით თუ, ზოგადად, აზროვნების კულტურით მთლიანად შეცვალეს იმ დროის ქართული პასტორალური რეალობა, – არა მარტო ურბანისტიკასა და არქიტექტურულ ლანდშაფტში, არამედ სოფლის მეურნეობის ევოლუციაში. თუმცა ასეთი მშვიდი და უდარდელი ცხოვრება ერთ დღესაც მთლიანად დაირღვა. ეს ხალხი სტალინის რეჟიმმა საშიშ და მიუღებელ ძალად მიიჩნია, ყველა გერმანელს პოლიტიკურ მტრად აცხადებდა, ამიტომაც საქართველოდან 23 580 გერმანელი ყაზახეთის სტეპებში გადაასახლა. 3 დღეში დაიცალა სოფლები თურმე… სახლის გასაღები ყველას კისერზე ჰქონია თილისმად. ერთი ჩემოდნით წავიდნენ ასე შორს, თუმცა შინდაბრუნების იმედით. რა დანაშაული ჰქონდათ ასეთი ტრაგიკული ბედისთვის? – 1941 წელს დაწყებული მეორე მსოფლიო ომი. „გადასახლებაში თვალებზე ცრემლი გვეყინებოდაო“, – ასე იხსენებდნენ 1970-იან წლებში ისინი, ვინც დეპორტაციით ყაზახეთის – 50-გრადუსიანი ყინვიდან  უკან დაბრუნდა. 

სტალინური რეპრესიების მერე აქ დარჩენილებს კიდევ დიდხანს უწევდათ საკუთარი წარმოშობის დამალვა, გერმანულ დაცარიელებულ სახლებში კი, როგორც ამბობენ, რაჭიდან ჩამოსახლებულები შეუშვეს თურმე… ასე დასრულდა გერმანელთა მასობრივი გადასახლებით  სამხრეთ კავკასიაში მათი ცხოვრების ერთი დიდი ეტაპი. 

 

 

ორი საუკუნის განმავლობაში, რაც ეს სახლები ჩვენამდე მოვიდა, პირველად ჩაუტარდა ასეთი მასშტაბური რესტავრაცია. რეაბილიტაციის პროცესში რამდენად სწორად არის დაცული ავთენტურობის ხარისხი და წარსულის კვლევისთვის არქეოლოგიური ფენები? რა იქნება აქ  ტურისტებისთვის საინტერესო ნიშნულები? 

ნესტან თათარაშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი:

ეს ორივე ქვეყნის საერთო მატერიალურ-კულტურული სიმდიდრეა, რაც უკვე ძალიან საინტერესოა და კარგად იციან იმ გერმანელების შთამომავლებმა, რომლებიც საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული საქართველოში ჩამოდიოდნენ. თუმცა ეს ფაქტი დღემდე უცნობია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამიტომ საქართველოში არსებული გერმანული არქიტექტურის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე დროულად უნდა განხორციელდეს. 

ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით, 2016 წელს ჩვენ გერმანულ ენაზე ტურისტული ინტერნეტ-გზამკვლევი გავაკეთეთ. ამ აქტიურობით  საქართველოში გასულ წელს 70%-მდე გაიზარდა გერმანელი ტურისტების რაოდენობა. ჩვენ ასევე GIZ-თან ერთად აზერბაიჯანისა და და საქართველოს გერმანულ დასახლებებზე სპეციალურ გზამკვლევს ვამზადებთ, კულტურული მარშრუტიც გავაკეთეთ, – მობილური აპლიკაციები იმისთვის, რომ გერმანული არქიტექტურის პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე მაქსიმალურად გაიზარდოს. 

ასურეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 3 წელი ვმუშაობდი კვლევაზე, სახლების რესტავრაცია განახორციელა არქიტექტორ-რესტავრატორმა ბექა ტომაშევიჩმა, ხოლო გერმანული ეკლესიის რესტავრაციის პროექტის ავტორია დავით გივიშვილი. რაც შეეხება დოკუმენტებს, ადგილზე იყო შერჩენილი ყველაფერი, – ღობეების დეტალები, ჭიშკრების ფრაგმენტები… და რადგანაც გადაწყდა ისტორიული შვაბების ქუჩაზე მთლიანი ინფრასტრუქტურის გამოცვლა, ამ კარ-მიდამოების ღობეების შეცვლა, ჩვენი რეკომენდაციებით გაკეთდა ავთენტურად, მთავრობამ დააფინანსა ამ ქუჩაზე არსებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანული საცხოვრებელი სახლის, ასევე გერმანული ლუთერანულ-ევანგელისტური ეკლესიის და სასაფლაოს სრული რეაბილიტაცია. ეს სასაფლაო სართიჭალის სასაფლაოსთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ღირებულია საქართველოში. 

რა ეტაპებისგან შედგებოდა რეაბილიტაციის პროექტი? რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით? რა იყო ყველაზე რთული?

დავით ტაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე:

სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 წელი მიმდინარეობდა, შვაბების ქუჩაზე პირველ რიგში გაკეთდა სრულად წყალგამყოფი, სანიაღვრე სისტემა, დაიგო ქვაფენილი,  საკანალიზაციო ქსელი შეიცვალა,  დამონტაჟდა გარე განათება. პირველი გამოწვევა ჩვენთვის გარე ღობეების აღდგენა იყო, – ისტორიულად ეს უნდა ყოფილიყო ხის ღობეები ქვის ჩანართებით. ამისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჯერ ძველი ფოტოები მოგვაწოდა, შემდეგ კი მათივე დახმარებით დაგვჭირდა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა და აგვეხსნა, როგორი ხის ღობეები უნდა გაგვეკეთებინა მათი კარ-მიდამოსთვის. 

 

2019 წელს ჩვენ დავასრულეთ შვაბების ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ის 3 სახლი, რომელიც  სრულად აღვადგინეთ, ფაქტობრივად  დანგრეული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ნულიდან დავიწყეთ ძველი იერსახის დაბრუნება, – გავამაგრეთ კედლები, გამოიცვალა სახურავები, შეიცვალა ხის კარ-ფანჯარა, ახალი გაყვანილობა გაკეთდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ასევე ეკლესია (კირხე), რომლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია ჩატარდა,  მასშტაბური სამუშაო გავწიეთ, – ჯერ მოგვიწია კედლების გამაგრება და შემდეგ უკვე მასიური გუმბათის დადგმა. 

შემდეგი ეტაპი უკვე გერმანული სასაფლაოს ეკალბარდებისგან გაწმენდა და  წაქცეული ქვების აღდგენა იყო, რადგან წლების განმავლობაში ამ ქვებზე წარწერები და დეკორატიული მონახაზები საერთოდ არ ჩანდა. ამ სასაფლაოების სანახავად ამოდის ბევრი ტურისტი, როგორც ჩანს, მათთვის საინტერესოა გერმანული ისტორია და თანაც გამორიცხული არ არის, ვიღაც თავისი წინაპრის საფლავს ეძებდეს.  

 

ფოტოები: ნესტან თათარაშვილი,  თეონა ხმალაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.