fbpx

ტექსასის მარფა, ყალბი “პრადას” ბუტიკი და სხვა ღირსშესანიშნაობები – ანა ძიაპშიპას მტვრიანი ფოტოდღიური “Shorter novels and Photostats”


გააზიარე სტატია


როგორც ჭეშმარიტი Flâneur (მოხეტიალე), იზოლაციის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ჩაკეტილ საზღვრებში და სახლში გამოკეტილი განსაკუთრებულად დავიტანჯებოდი. აღმოჩნდა, რომ “უმიზნოდ ხეტიალი” არ ყოფილა მხოლოდ ფიზიკური გამოცდილება და ეს  თავისუფლად შემძლებია წარმოდგენებსა და მეხსიერებაშიც. 

წარსულში ბოდიალი ჩემივე ფიზიკურ მოგზაურობებს უკავშირდება. სადღაც მოვკარი ყური – “მეხსიერებას შვებულებები განსაზღვრავს”, ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც მომწონს. ჩემი მეხსიერება კი ამ შემთხვევაში რამდენიმე მყარ დისკზე ეტევა. გადავწყვიტე, ნელ-ნელა გავხსნა ყუთები და “მტვრიანი” ფოტოები ამბებად ვაქციო. 

 

Shorter novels and Photostats

 

მარფაში დიქის გამო წავედი. 

ცენტრალური ავტობანიდან მარფასკენ რომ გადაუხვევ, გზა ვიწროვდება და უფრო უდაბური ხდება. ამ გზაზე მთელი სიცხადით იგრძნობა მოყვითალო-მოყავისფრო მზის და დაუსრულებელი ტრასის ჰალუცინოგენური ეფექტი, რომელიც ჩემ შემთხვევაში ემოციურ-რაციონალურ გაორებად ითარგმნა. დაუსრულებელი ტრასა, ჰორიზონტზე წყლის დანახვის ფუჭ მოლოდინად იქცა, მაშინ როდესაც გონებამ მყარად იცოდა, რომ უდაბნოში წყალი არ არის. 

გვიან ჩავედი და რადგან მარფაში ადგილები არ იყო, გვერდზე, ქალაქ ელპაინში რაღაც იაფფასიან ოთახში გავჩერდი, რომელიც ადრე საცხოვრებელ სახლთან ერთად, კერძო სამშობიარო კლინიკაც ყოფილა. გარდაცვლილი გინეკოლოგის შვილიშვილს კი ერთ დროს სამშობიარო პალატები სასტუმრო ოთახებად გადაუკეთებია და აქირავებს. ამიტომ სახლი ამაღელვებელ ამბავთან ერთად დამზაფვრელ აურასაც ატარებს.

დილას, ადრე, სანამ მარფას ლადშაფტის მინიმალიზმს და მის წიაღში აღმოცენებულ ხელოვნებას ვეზიარებოდი, Prada Marfa-ს სანახავად წავედი იქვე, მარფადან ჩრდილო-დასავლეთით – ვალენტინისკენ. Elmgreen & Dragset ეს ლანდშაფტური ინტერვენცია კონსუმერიზმის მექაში, სრულიად უდაბურ ადგილას დგას, სწორედ ამ სივრცეში არსებობით Prada-ს ყალბი მაღაზია ყველაზე მეტად “დასცინის” მომხმარებლურ კულტურას და სიყალბეს.  

ზუსტად მარფას ეს მინიმალისტური ლანდშაფტი გახდა მხატვარ დონალდ ჯადისთვის მთავარი შთაგონება, რომ 1977 წლიდან სამყაროს კულტურული ცენტრიდან, ნიუ-იორკიდან მარფაში გადმოსულიყო საცხოვრებლად და ჩინატის ფონდი (Chinati Foundation) დაეარსებინა, რითაც მარფა მინიმალისტური ხელოვნების ცენტრი გახდა, რომელიც დღესაც იზიდავს როგორც ხელოვანებს, ასევე მინიმალიზმის მოყვარულ დამთვალიერებლებსაც. 

ჩინატის მთავარი შენობა ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა  გაშენებული, თუმცა გალერეების და შენობების ნაწილი ქალაქშიც არის გაფანტული. 70-იანი წლების ხელოვნების მოყვარულები კარლ ანდრეს, ილია კაბაკოვის, დონალდ ჯადის, ჯონ ჩემბერლენის, კლაეს ოლდენბურგის მინიმალისტურ ნამუშევრებს – შუქის, არქიტექტურის და ლანდშაფტის ყველაზე დახვეწილ გადაკვეთას ნახავენ, პრინციპში იმას, რაც მარფას, როგორც ქალაქს, თავისითაც საკმაოდ ბევრი აქვს და სავარაუდოდ, თავის დროზე კიდევ უფრო მეტი ექნებოდა. 

ხანდახან ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დაცარიელებული და ჯენტრიფიცირებული ქალაქიც დიდ მუზეუმად არის ქცეული, ჩინატის შენობებიდან გამოსული ისევ ჯადის ექსპერიმენტად ქცეულ მარფაში ვხვდებოდი, რომლის ჰიპსტერულ კაფეში გზააბნეული, შთაგონების ძიებაში ჩამოსული რამდენიმე არტისტი იჯდა. სტუმრადაც ასეთ ადგილას ვიყავი – სახლში და არა საზღვართან ახლოს მცხოვრებ მკვიდრ მოსახლესთან. 

სერიალი I Love Dick კრის კრაუსის ამავე სახელწოდების  ფემინისტური საკულტო რომანის ადაპტაციაა, თუმცა ჯილ სოლოუეის გადაწყვეტილებით ფილმში მოქმედება მარფაში ხდება. 

სერიალის პროტაგონისტების მსგავსად, მეც არტისტული რეზიდენციის მეშვეობით აღმოვჩნდი აქ, და იმ დიალოგების უნებური მონაწილეც გავხდი, რის სატირასაც სერიალის ავტორები აკეთებენ: “There’s Marfa realness, there’s Marfa ‘realness,’ and there’s ‘Marfa realness”. 

მარფაში ერთი დღე გავატარე, საღამოს ისევ ჩემ სამშობიარო ოთახში დავბრუნდი, ელპაინში, რომელიც საშინლად მშობლიური და ნამდვილი მომეჩვენა. მართალია, მარფას ცნობილი ობსერვატორიის და შუქების ნახვაც მინდოდა, მაგრამ შემდეგისთვის შემოვინახე. 

ელპაინში, ქუჩაში ირმები დავინახე, რომელიც კონფედერატების ქანდაკების ნაწილი მეგონა, მაგრამ რადგან ხეების შრიალთან ერთად ისინიც ამოძრავდნენ, ისევ უდაბნოს ჰალუცინაციას დავაბრალე და ოთახში დაბრუნებულმა ემბრიონის პოზაში დავიძინე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.