fbpx

“სტამბის” ამფითეატრში ფილმის – “დიდება დედოფალს” პრემიერა გაიმართება – CinéDOC-Tbilisi


გააზიარე სტატია

4 სექტემბერს “სტამბის” ამფითეატრში, დოკუმენტური კინოფესტივალის, CinéDOC-Tbilisi-ს ფარგლებში, თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმის – “დიდება დედოფალს” პრემიერა გაიმართება. 

“დიდება დედოფალს”  ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური  და ემანსიპაციური სახეების არაორდინარულ წარსულსა და აწმყოზე მოგვითხრობს.  ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.

60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს. ფილმი ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ მათ ბიოგრაფიულ ქსოვილს: ახლა ისინი ჭადრაკის ყოფილი ვარსკვლავები არიან – ჩვეულებრივები და ექსცენტრულები, პედანტურები და თავისუფლები… 

დღეს კი მათი, როგორც ოლიმპიური გუნდის საერთო წარსული, მათ შორის არსებული მეტოქეობა და ჭადრაკისადმი თავდადებული სიყვარული აწმყოში განცდილი უწყვეტი თამაშია. 

ჩვენების შემდეგ მაყურებელს ფილმის გმირებთან და რეჟისორთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნება. “დიდება დედოფალს” ასევე “სინედოკის” დახურვის ფილმია და მისი მეორე ჩვენება დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ლისის Drive-in კინოთეატრში გაიმართება. ფილმის რეჟისორი, თათია სხირტლაძე, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. ფილმის თანარეჟისორი კი – ანა ხაზარაძე. 

“დიდება დედოფალს” საერთაშორისო კოპროდუქციაა და მასში ქართული საპროდიუსერო კომპანიის 1991 Productions გარდა ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna, და სერბული კომპანია Playground Produkcija კმონაწილეობს. 

ფილმმა დაფინანსება მოიპოვა საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან, ავსტრიის კულტურის სამინისტროდან, ავსტრიული მაუწყებლისგან – ORF და სერბეთის კინო ცენტრიდან. ,,დიდება დედოფალმა” ასევე გაიმარჯვა Eurimage-ის წარმოების დაფინანსების კონკურსში. ფილმის ქართულ მხარეს შეუერთდა HBO Europe-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ლინდა ჯენსენი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.