fbpx

გვირაბის მოლოდინში – თინა ლაღიძე ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის შესახებ


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

ფოტოგრაფი: გიორგი შენგელია

 

CineDoc Tbilisi 2020-ს  გახსნის ფილმი – „გვირაბი“, რომლის  ქართული პრემიერა ღია ცის ქვეშ Cavea Drive In Lisi-ზე  შედგა, რაც კარანტინის პერიოდში დიდ ეკრანს მონატრებული მაყურებლისთვის ორმაგად სასიამოვნო იყო. აუდიტორიის დიდ ნაწილს პირველად მიეცა შესაძლებლობა თბილისის ახალ კინოდრომზე საკუთარი ავტომობილიდან დოკუმენტური ფილმი ენახა. 

„გვირაბის“ საერთაშორისო პრემიერა ამსტერდამში idfa-ზე გაიმართა,  ხოლო მონტენეგროს კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მიიღო.  მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება, ავტორების თქმით, ფესტივალის გახსნის წინა დღეს სოფელ ზვარეში, საუკუნის წინ აშენებული ყოფილი სკოლის შენობაში შედგა, სადაც მაყურებლები სოფლების –  ზვარესა და მოლითის მცხოვრებნი იყვნენ. 

ისინი „კინოში“ საკუთარი თავის სანახავად მოვიდნენ, ფილმი მათი ცხოვრების 6 წელს ასახავს. სწორედ ამ ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ფილმზე ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი, კამერის მეშვეობით აკვირდებოდნენ ორი თემის ცხოვრების ზოგჯერ რუტინულ და ზოგჯერ კი ძალიან დრამატულ მომენტებს. 

პირველად ავტორებს ფილმის გადაღების იდეა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ხარაგაულის რაიონში შეამჩნიეს უზარმაზარი ჩინური წარწერა, რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, მთავრობის ცვლილების გამო შეჩერებული გვირაბის მშენებლობას ეკუთვნოდა. მას ჩინური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი დარაჯობდა. ეს სურათი იმერეთის ლამაზ ლანდშაფტში საკმაოდ აბსურდულად გამოიყურებოდა.

ეს ყველაფერი საინტერესო და კინემატოგრაფიული ჩანდა, მაგრამ ექვსი წლის წინ ფილმის ავტორებს არც კი უფიქრიათ, რომ იმერეთის სოფლების ცხოვრების დოკუმენტირებით, ისინი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას შეეხებოდნენ და ესთეტური კადრების მეშვეობით აღბეჭდავდნენ, როგორ ეწირება თვითმყოფადობა გლობალიზაციას, პატარა სოფლები დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლად მცხოვრები ადამიანები კი, სიღატაკიდან თავის დაღწევის იმედით, კარგავენ ყველაფერს: მამაპაპისეულ კარ-მიდამოს, საუკუნოვან შენობებს, საძოვრებს, სამეურნეო მიწებს; იმ მთავარს, რისგანაც შედგებიან. ისინი გულწრფელად და ღირსეულად ცდილობენ დაიცვან თავიანთი უფლებები, მაგრამ ვინ არის გამგონი, როდესაც მათი ინტერესები სახელმწიფოებს შორის ვაჭრობიდან მიღებულ მზარდ მოგებას უპირისპირდება? 

მაგალითად, ჩინეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის არსებული ვაჭრობის მასშტაბი 2014 წლის მონაცემებით, როდესაც ავტორებმა ფილმის გადაღება დაიწყეს, 615 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და იმდროინდელი პროგნოზის თანახმად, დღემდე – 2020 წლამდე 800 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო. ერთ ქართულ სოფელში მცხოვრები 100-მდე ოჯახი კი 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ მოლოდინით და უკეთესის იმედით ცხოვრობს, რადგან რეალურად სახლები თავზე ენგრევათ, ვერც ამაგრებენ, ვერც ყიდიან და ვერც მომავალს გეგმავენ, რადგან არავინ იცის და ვერავინ ეუბნება, კონკრეტულად სად და ვის სახლზე გაივლის ეს ქვეყნისთვის სასიკეთო გზა. ვინ მიიღებს კომპენსაციას და ვინ არა, ანდა კომპენსაციის მიღების  შემთხვევაში, რამდენად შეძლებენ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას? ღატაკი სოფლის მკვიდრისთვის ეს ხომ ერთჯერადი დახმარება იქნება და მათ მდგომარეობას არ შეცვლის.

რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ადგილობრივები მიზერული ხელფასებისთვის საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე მუშაობენ, სამედიცინო დაზღვევის და საჭირო აღჭურვილობის გარეშე. ჩინელ უფროსობასთან კომუნიკაციას ვერ ამყარებენ ენის უცოდინრობის და მენტალური განსხვავებულობის გამო. შედეგად, ურთიერთობები უკიდურესად იძაბება და ხანგრძლივ პროტესტში გადადის. ფილმში კარგად ჩანს ხალხში არსებული უსამართლობის განცდა და ზღვრამდე მისული ადამიანების სასოწარკვეთილი ქმედებები, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იწვევს მაყურებლის სიმპათიას, რადგან ფილმის გმირები წრფელები და ნამდვილები არიან. გინებაც გამართლებული გგონია, როდესაც გლეხი საქონელს ვეღარ აძოვებს, რადგან გვირაბის გასაყვანად გაჭრილმა გზამ საძოვრამდე მისასვლელი ბილიკი შეიწირა, მშენებლობის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა კი – ყანაში გასასვლელი. ფილმის ყურებისას გესმის ადამიანის, რომელიც უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, როდესაც რთულ გეოლოგიურ ლანდშაფტში მისი ნაკვეთის ზემოთ, 50 მეტრში  რკინიგზა გაჰყავთ, მაგრამ პასუხად ის ღებულობს ბრტყელ სიტყვებს: უსაფრთხოება ფართო მცნებაა.  არადა ეჭვი საფუძვლიანია, მეწყერმა გვირაბის მშენებლობის პირველივე მონაკვეთი დამეწყრა მიუხედავად ჩატარებული კვლევისა და „საიმედო“ დასკვნისა.

 

 

ფილმს თავისი გმირები და ანტიგმირები ჰყავს. მათზე დაკვირვებით ვითარდება  სიუჟეტი და ვამჩნევთ დროის სვლას, ამაში კამერის ზუსტი წერტილიდან მუშაობა გვეხმარება, რომლის უკან ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი ვანო არსენიშვილი დგას, კამერა ყოველთვის მოვლენების შუაგულშია, მაგრამ შეუმჩნეველი რჩება მონაწილეებისთვის, ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენც ვიყოთ მოვლენების ეპიცენტრში.

ფილმის დასაწყისში ვხედავთ ეთერის, რომელიც მთელი თავისი ხანდაზმული ცხოვრების განმავლობაში სოფლის სკოლის გულშემატკივარია და იმედი აქვს, რომ საუკუნის წინ აშენებული ერთსართულიანი სკოლის შენობა ოდესმე  საგანმანათლებლო და კულტურის კერის ფუნქციას დაიბრუნებს. სამწუხაროდ, სკოლის ეზოში ჩვენ მისი  ქელეხის  მომსწრენი ვხდებით. სამწუხაროა ისიც, რომ სკოლა სარიტუალო ფუნქციას იძენს. სევდიანია და აბსურდული, როგორც ამ პატარა, აქამდე თვითმყოფადი თემის ცხოვრება. თემის, რომელსაც ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის ფილმი ეიმედება, სჯერა, რომ როცა ფილმს ბევრი ადამიანი ნახავს და  პრობლემების შესახებ შეიტყობს, რაღაც შეიცვლება… 

მიუხედავად ფილმში განვითარებული შექსპირისეული დრამატიზმისა, ჟანრი მაინც აბსურდის თეატრისკენ იხრება, მოხუცები კვდებიან, ბავშვები იზრდებიან, მოსახლეობას კი ერთი და იგივე პრობლემები აქვს, ერთი და იგივე მოლოდინები, თითქოს ერთსა და იმავე დღეს ცხოვრობს.

ასე ცხოვრობს ფილმის კიდევ ერთი გმირიც – შუახნის ნოდარი. ის ერთი საუკუნის წინ აშენებული მოლითის პატარა და მყუდრო სადგურის თანამშრომელია. სხვათა შორის, ფილმის მსვლელობისას აღმოჩნდება, რომ მოლითის სადგური ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს, რაც ჩინურ კომპანიას დამატებით თავსატეხს უჩენს. პროექტის დასრულების შემდეგ მოლითის სადგურის შენობა ალბათ აღარ იარსებებს… მანამდე კი ნოდარი იქ მუშაობს, თავის საქმეს სიყვარულით აკეთებს და ისიც ყველას უყვარს. ფილმის თხრობის მთავარი ხაზებიც ნოდართან იყრის თავს. 

პატარა მოუწყობელ სადგურში ნოდარის ოთახი ის ადგილია, სადაც მოლითის და ზვარეს მცხოვრებლები სიხარულით შეივლიან ხოლმე. ნოდარს დახლთან უკიდია გემის საათი, რომლის ისრებიც გამართულად მუშაობს, მაგრამ დრო მაინც არ იძვრის.  წლები გადის – მოცემულობა არ იცვლება, ისევ უცნობია, რა იქნება მომავალში და ვის სახლზე გაივლის რვაკილომეტრიანი, ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში. ხალხის მოთმინება ილევა, ნოდარი კი თავისას არ იშლის, ყველაფერი კარგად იქნებაო, ამბობს და საათის ახალი სადგურის შენობაში გადატანის პირობას დებს. 

ამ მოვლენების პარალელურად, გამუდმებით რეფრენად ვხედავთ ცვალებადი მთავრობების  საზეიმო,  წითელი ლენტების ჭრას  და ქვეყნის ნათელ მომავალზე ლაპარაკს.

აქვე მინდა მოვიყვანო ამ პროექტის ინიციატორის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის  პრეზენტაცია, რომელიც მან 2013 წელს წარადგინა. მგონია, რომ ეს პრეზენტაცია დოკუმენტური  მასალით, რასაც მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, ფილმი „გვირაბი“ წარმოადგენს, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ დაუფიქრებლად და მოუმზადებლად ხდება სასიკეთოდ ჩაფიქრებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების აღსრულება ბევრ ქვეყანაში. ხოლო ისეთ პატარა, ღარიბ, მაგრამ თვითმყოფად ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ძალიან ძვირად გვიჯდება ასეთი გზით მოპოვებული პროგრესი. ამიტომაც არის საფრთხილო და დასაფიქრებელი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში  საგზაო მაგისტრალების და უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაც. 

 

 „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ – „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა.

ეს გზა გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. ის ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: თანამშრომლობა, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. ის მოიცავს შემდეგ მთავარ და ძირითად მიმართულებებს: ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ფინანსური ინტეგრაცია, პოლიტიკური კოორდინაცია, ვაჭრობა ბარიერების გარეშე. მისი მიზანია აზიის ქვეყნებს და ევროპას შორის თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა სფეროში. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ვალდებულებები, ინტერესები და მომავალი.

„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას წლების მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, ამ პერიოდში გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ასევე ჩატარდა მნიშვნელოვანი ერთობლივი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი.

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. საქართველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა.

ჩემი აზრით კი, ყველა მიღწევას ეკარგება აზრი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, სანამ ირღვევა ცალკეული ადამიანის უფლებები და სახელმწიფოების ინტერესის სახელით ზარალდება კერძო საკუთრება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.