გიორგი შალიკაშვილის გამოფენა MAUDI-ში: „ღმერთები თვალს უკრავენ ღმერთებს“
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
ფოტო: გიორგი ხურცილავა
ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი ამ რამდენიმე დღის წინ მისივე კურატორობით წარმოდგენილ გამოფენაზე გვეპატიჟებოდა: „MAUDI წარმოგიდგენთ გიორგი შალიკაშვილის სოლო გამოფენას – „ღმერთები თვალს უკრავენ ღმერთებს“. გამოფენა 4 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე გაგრძელდება და დამთვალიერებელს აბსტრაქტული ფერწერის საავტორო ვერსიას შესთავაზებს“.
MAUDI-ში რომ მივედით, ექსპოზიციის ბოლო შტრიხებზე მუშაობდნენ. გრძელი მართკუთხა ფორმის თეთრი საგამოფენო სივრცე ცივი განათებითა და გიორგი შალიკაშვილის ფერადი აბსტრაქციებით თვალისმომჭრელი და გამომწვევი იყო და მომეჩვენა, რომ ნამუშევრები მართლაც „თვალს გვიკრავდნენ“.
“ნებისმიერი ნახატის წინ დადექი და ერთ წერტილს უყურე, მედიტაციაში ჩაიძირები”, – მიხსნიან ირგვლივ მყოფები. ხაზების, გეომეტრიული ფიგურებისა და ფერების ერთი შეხედვით მოწესრიგებული კომბინაცია ნელ-ნელა მოუწესრიგებელ ქაოსში გადადის და მასშტაბური ტილოებიდან სამგანზომილებიან სივრცეში ვაბიჯებ. ეს ის მომენტია, როცა ნამუშევართან ინტერაქციაში შედიხარ, მასთან კონტაქტს ამყარებ, ანუ როგორც ავტორმა გამოფენის სახელწოდებაში აღნიშნა, „ღმერთები თვალს უკრავენ ღმერთებს“.
„თვალის ჩაკვრა ერთგვარი კომუნიკაციის ფორმაა. ეს არ არის ვერბალური კომუნიკაცია, უფრო ინფორმაციის აბსტრაქტულად გადამცემია, ადამიანურზე ცოტა მაღლაა და ამიტომაც სახელწოდებაში პოეტურად ღმერთები გამოვიყენე“, – მიხსნის გიორგი.
ვამოწმებ მასალას – ტრადიციული ზეთი და ტილოა.
„კი, ტრადიციულ მედიაში ვმუშაობ და ფერწერას ვქმნი, ვიკვლევ ვიზუალურ ენას, რომელიც ჩემი იქნება“, – ამბობს მხატვარი. მართლაც მისი ნონფიგურაციული, მედიტაციური აბსტრაქციები ვიზუალური ენისა და ინტერაქციის კვლევაა. აქვე დავამატებ, რომ ის თეორიულადაც იკვლევს თანამედროვე ხელოვნებასა და მის ენას, და პარალელურად საინტერესო ბლოგერიცაა. https://idontlovemilk.blogspot.com
მაინტერესებს, როგორ მივიდა აბსტრაქციამდე და ტექნიკურად როგორ ასრულებს ამ კომბინაციებს.
„თავიდანვე აბსტრაქციით დავიწყე. ეს ჩემი ფერწერაა. წინასწარ ესკიზებს ვაკეთებ, მაგრამ მუშაობის პროცესში ნამუშევარი ნელ-ნელა სულ სხვა “არსება” ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მათგანი ერთი შეხედვით ძალიან კონკრეტულია, „შავი კვადრატის“ მსგავსად, პირიქით, უფრო აბუნდოვანებს ლოგიკის და კონკრეტიკის სამყაროს. ჩემი გამოფენა ფაქტობრივად ჩემი რეპლიკაა აბსტრაქციის შესახებ“, – ამბობს გიორგი.
AT_: ხომ არ აპირებ საწარმოო დიზაინში ან ალტერნატიულ სივრცეებში ექსპერიმენტებს?
„არა, მასობრივი წარმოება ნაკლებად მიტაცებს, სერიგრაფია საინტერესო იქნებოდა. რაც შეეხება ალტერნატიულ სივრცეებს – დიდი სურვილი მაქვს, ჩემი აბსტრაქციები გალერეებიდან ღია საზოგადოებრივ სივრცეებში გავიდნენ უფრო მეტი ინტერაქციისთვის…“ – მეუბნება გიორგი.
ღია საზოგადოებრივ სივრცეებში გასვლამდე კი დამთვალიერებელი თავად მოვა MAUDI-ში გამოფენის გახსნაზე. როგორც გამოფენის კურატორი ხათუნა ხაბულიანი წერს: „ეს არის გამოფენა აუდიტორიისთვის, რომელიც განსაკუთრებული გამოცდილებისთვის მიდის გალერეაში და ვიზუალური ინფორმაციის წაკითხვით თვითონ მონაწილეობს საგამოფენო ატმოსფეროს შექმნაში“.
თავად MAUDI არანაკლებ საინტერესო და ახალი სივრცეა ქართული ხელოვნებისთვის. ის დიდუბის სადგურის ხმაურიანი, ჭრელი და ურბანული ქაოსის მახლობლად გაჩნდა ამ წელიწად-ნახევრის წინ, როგორც თანამედროვე ხელოვნების საინტერესო მრავალფუნქციური ადგილი, რომელიც დიდ შანსს აძლევს ახალ ქართულ ხელოვნებას მართლაც ინტერაქციული გახდეს მოსახლეობისა და ზოგადად, ქალაქისთვის.
MAUDI-ს თანადამფუძნებელი ლიზა ჟვანია გიდობას მიწევს და ექსპერიმენტული თეატრის სივრცესა და მხატვრების სახელოსნოებს მათვალიერებინებს. თუ გინდათ მილენიუმელების ხელოვნებას გაეცნოთ, სწორედ აქ უნდა მოხვიდეთ.