fbpx

დღეს: ფრედი მერკურის 74 წელი შეუსრულდებოდა


გააზიარე სტატია

 

5 სექტემბერს ლეგენდარულ მუსიკოსს, ფრედი მერკურის 74 წელი შეუსრულდებოდა. ფარუხ ბულსარა ტანზანიაში, ზანზიბარის უძველეს უბანში დაიბადა. ფარუხის მშობლები ეთნიკურად ირანელები იყვნენ და ზოროასტრიზმს მისდევდნენ. 

8 წლის ფარუხი მშობლებმა სასწავლებლად ინდოეთში, პანჩგანის წმინდა პეტრეს სკოლაში გაგზავნეს. მომავალმა ვარსკვლავმა სწორედ აქ გამოავლინა ხელოვნებისა და სპორტის მიმართ ინტერესი: 10 წლის ასაკში მაგიდის ჩოგბურთში სკოლის ჩემპიონი, ხოლო 12 წლისა კი ახალგაზრდულ შეჯიბრში თასის მფლობელი გახდა. და მაინც, ფრედის მთავარი გატაცება ყოველთვის მუსიკა იყო.

მუსიკის გამო ფრედი მერკურის ხშირად გაკვეთილების გაცდენა უწევდა, თუმცა დირექტორმა ბიჭის უნიკალური ნიჭი შეამჩნია და მშობლებს შვილის ფორტეპიანოს კურსებზე მიყვანა ურჩია. ფრედიმ დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ნოტების სწავლა და თავისი პირველი ნამუშევრების შესრულება.

1958 წელს სკოლაში ხუთმა მეგობარმა ბენდი The Hectics ჩამოაყალიბა, სადაც ფარუხი ფორტეპიანოზე უკრავდა. ახალგაზრდა შემსრულებლები ძირითადად სკოლაში გამართულ ღონისძიებებსა და წვეულებებში   მონაწილეობდნენ.

 

1962 წელს 16 წლის ფრედი მერკური მშობლიურ ზანზიბარში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ზანზიბარი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყანაში არეულობა დაიწყო და ფრედის ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქედან დაიწყო მერკურის ტრიუმფი მსოფლიო სცენაზე. 


ლონდონში ემიგრაციის შემდეგ მერკურიმ ხელოვნების შესწავლა დაიწყო, არდადეგების დროს კი სხვადასხვა ადგილას ფიზიკურად მუშაობდა. მათ შორის –  აეროპორტში და საწყობში, სადაც მომღერალს მძიმე ყუთების გადატანა უწევდა.

1970 წლის აპრილში მერკურიმ ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი და ტიმ სტაფელი გაიცნო. ტიმ სტაფელმა ჯგუფი Smile დატოვა და მათ ფრედი შეუერთდა. ცოტა ხანში ჯგუფის  Queen ეწოდა.


Queen-ის ლოგოს შექმნა ფრედი მერკურის სახელს უკავშირდება, რომელშიც მან ჯგუფის წევრების ზოდიაქოს ნიშნები და სხვა სიმბოლოები გააერთიანა. ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა – ბრაიანს, ორი ფერია – ქალწულის, თავად ფრედის სიმბოლოა, ფენიქსი კი უკვდავების ნიშანს წარმოადგენს.

 

Queen-ის პირველი სიმღერა Keep Yourself Alive რადიოში არ გაუშვეს, არც მათ პირველ ალბომს დაუმსახურებია მოწონება. Queen-ის მესამე ალბომში  (Sheer Heart Attack) შესული Killer Queen კი ჰიტად იქცა და ჯგუფმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. 

Queen-მა არსებობის განმავლობაში  15 ალბომი  გამოუშვა და მთელ მსოფლიოში 700-მდე კონცერტი ჩაატარა. 1981 წელს სან პაულოში გამართულ Queen-ის კონცერტს ისტორიაში ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავდა. ამ კონცერტზე  250 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა ბილეთი. 2001 წელს ჯგუფი  Rock & Roll Hall of Fame-ში შეიყვანეს 

1982 წლის ბოლოს ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ერთმანეთისგან შესვენება სჭირდებოდათ.

ფრედის პირველი სიყვარული მერი ოსტინი იყო. ისინი ერთმანეთს 1969 წელს შეხვდნენ და 7 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. 1973 წელს ფრედი მერკურიმ სწორედ მერის მიუძღვნა თავისი ცნობილი სიმღერა  Love of My Life 

1976 წელს ფრედი გამოუტყდა მერის, რომ ბისექსუალი იყო, რის შემდეგაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა ისინი ბოლომდე ახლო მეგობრებად დარჩნენ.

“ყველა ჩემი საყვარელი მეკითხებოდა, რატომ არ შეეძლოთ მერის ჩანაცვლება, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ერთადერთი მეგობარი, რომელიც მყოლია, ეს მერია და მე  სხვა არავინ მინდა”. – ფრედი მერკური

ფრედი მერკურის შემდეგი სიყვარული ჯიმ ჰატონი იყო, რომელსაც მომღერალი კლუბ Heaven-ში შეხვდა. მერკურისა და ჰატონის სასიყვარულო ურთიერთობა 1985 წლიდან მუსიკოსის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

ფრედი მერკურიმ ბოლო კონცერტი 1988 წლის 8 ოქტომბერს ბარსელონაში გამართა. სიცოცხლის უკანასკნელ თვეში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან შეინარჩუნა.

ლეგენდარული მომღერალი 1991 წლის 24 ნოემბერს შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. მისი ფერფლი მერი ოსტინმა საიდუმლოდ დამარხა.


გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ფრედი მერკური ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.