fbpx

ფოტოამბავი: როგორ გამოიყურებოდა ცნობილი “ორთაჭალის ბაღები”


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ კერესელიძე

 

თბილისის ერთ-ერთი კოლორიტულ უბანში – ორთაჭალაში –  მეოცე საუკუნეში მტკვრის სანაპიროების გამაგრებამდე ულამაზესი კუნძული არსებობდა, რომელიც “ორთაჭალის ბაღების” სახელით იყო ცნობილი. კუნძულის სიგრძე 800, ხოლო სიგანე კი 600 მეტრი იყო. ის მშვენიერი ბაღებით იყო დაფარული, რომლებიც ერთმანეთისგან პატარ-პატარა, ვიწრო ქუჩებით იმიჯნებოდა. 

 

ამ ადგილს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა:

 

1. კუნძული თბილისს ხილით, ბოსტნეულითა და თევზეულით ამარაგებდა. პროდუქტები ყო­ველ სის­ხამ დი­ლით გო­დო­რა­კი­დე­ბუ­ლი ვი­რე­ბით მოჰ­ქონ­დათ ქა­ლა­ქის ბაზ­რებ­ში. როგორც ცნობილია, ბაღები მტკვრის მარჯვენა ნაპირს ხის საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა, რომელსაც მაშინ “ვირის ხიდს” უწოდებდნენ, იმ მარტივი მიზეზით, რომ პროდუქტები სახედრებს გადაჰქონდათ.

 

2. გარდა ამისა, კუნძულს კულტურული და მოსალხენი ფუნქციაც ჰქონდა. აქ ორი რესტორანი ფუნქციონირებდა – “არგენტინა” და “ელდორადო”. აქ იმართებოდა დარბაისლური, ქალაქური პურმარილი, ისმოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხი და  სადღეგრძელოები. ბაღების ხშირი სტუმარი ყოფილა გრიგოლ ორბელიანი, რომელსაც ეს ადგილი მოხსენიებული აქვს ლექსში “მუხამბაზი”: ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ, დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!. კუნძულს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ნიკო ფიროსმანმა, რომელმაც აქ არაერთი ტილო შექმნა, მათ შორისაა “ორთაჭალის ტურფა”. ზოგადად კი, მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს ადგილი პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების საყვარელი თავშესაყარი იყო.

ორთაჭალის ბაღები თავდაპირველად­ მეფის ოჯახსა და თავადაზნაურობას ჰქონდა გაყოფილი, თუმცა მე-19 საუკუნიდან მას კერძო მესაკუთრეები, ძირითადად ვაჭრები­ დაეუფლნენ. ამ უმშვენიერესი ადგილის ისტორია 1950-იან წლებში დასრულდა. მტკვარი ბეტონის კალაპოტში მოექცა, აშენდა ორთაჭალჰესი, მოისპო მდინარის ტოტი და კუნძულმაც არსებობა შეწყვიტა.   

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.