fbpx

კლუბი “ბერგჰაინი” საგამოფენო სივრცედ გადაკეთდა – “სტუდიო ბერლინი” 9 სექტემბერს იხსნება


გააზიარე სტატია


ავტორი: კიმბერლი ბრედლი

 

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, არტისტები და  DJ-ები ამ ერთი შეხედვით უკანონო ქალაქში ჩავიდნენ, რათა გამოფენები და რეივები ცარიელ შენობებში გაემართათ. ან, შესაძლოა, ეს კლიშეც იყო.

შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების სივრცეები უძრავი ქონების განვითარებად და დიდ ბიზნესად იქცნენ. თუმცა, ეს პანდემიამდე იყო. მარტში გერმანია ჩაიკეტა და ტექნოკლუბი “ბერგჰაინიც” დაიხურა, ბერლინის სხვა ღამის კლუბებსა და თეატრებთან ერთად. ვიზუალური არტისტები თავიანთ სტუდიებში დარჩნენ და ქალაქის კულტურული გულისცემას შენელდა.

ივნისში მუზეუმები და გალერეები გაიხსნა, თუმცა კლუბები კვლავ დახურული იყო. “ბერგჰაინის” მფლობელები – მაიკლ ტიუფელი და ნორბერტ თორმენი ცნობილ კოლექციონერებს, კრისტიან და კარენ ბოროსებს დაუკავშირდნენ ერთი იდეით: ჩაეტარებინათ მასშტაბური გამოფენა, სადაც ადგილობრივი არტისტები მიიღებდნენ მონაწილეობას. 

“სტუდიო ბერლინი” 9 სექტემბერს გაიხსნება და დეკემბრამდე გაგრძელდება – შესაძლოა უფრო დიდი ხანიც… გააჩნია, პანდემია როგორ განვითარდება. ქალბატონმა ბოროსმა და კურატორმა ჯულიეტ კოტემ 115 მხატვრის ნამუშევრები  შეაგროვეს, რომელთა უმეტესობაც მარტის შემდგომაა შექმნილი. შოუ მასშტაბურია და იმ უზარმაზარ კლუბს ავსებს, რომელიც ყოფილ ელექტროსადგურში მდებარეობს. მეტიც, აქ უფრო მეტი მხატვარი  მონაწილეობს, ვიდრე ბერლინის ბიენალეზე – საერთაშორისო გამოფენა, რომელიც შაბათს გაიხსნა.

“სტუდიო ბერლინი” აქ და ახლა ფილოსოფიის მატარებელია, ამასთან, გაურკვევლობისა და იმედის ერთგვარი დეკლარაციაა – შენობის ექსტერიერზე გამოსახულია  რირკრიტ ტირავანიას ბანერი  “Morgen ist die Frage” (“ხვალინდელი დღე საკითხავია”), აქვე განთავსებულია დირკ ბელის ქანდაკებაც – სქელი ფოლადის წნელები, რომლებიც სიტყვა “სიყვარულს” გამოსახავენ ურთიერდაკავშირებული ასოებით.

ვიზიტორებმა ფოიეში შესვლისთანავე მობილურის ეკრანზე სტიკერი უნდა დააკრან – კლუბის NO-PHOTO აკრძალვა კვლავ ძალაშია. ამის შემდეგ ისინი ჭერზე ჩამოკიდულ ოკეანის დიდ ბუის წააწყდებიან. ის ნამდვილი ზღვის მოძრაობებს ასახავს და ქმნის განცდას, რომ წინ მართლა გრანდიოზული და არაპროგნოზირებადი შოუ გველოდება. 

გამოფენაში მონაწილეობენ ქართველი არტისტები თეა ჯორჯაძე, ანდრო ვეკუა, ქეთო ლოგუა და ქეთუთა-ალექსი მესხიშვილი, რომლის პოლაროიდების სერიაც კარანტინის პერიოდში ყოველდღიურად ნაყიდ ყვავილებს ასახავს.

 

ხელოვნების ნამუშევრებს ყველგან შეხვდებით – კლუბის კუთხე-კუნჭულებში, კიბეებზე, დერეფნებში და ა.შ. თუმცა, ყველაზე დიდ შთაგონებას Halle-ში მიიღებთ – მასიური სივრცე,  რომელიც მხოლოდ სპეციალური ღონისძიებებისთვის იხსნება. აქ იხილავთ ბერლინის ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს. ეს ერთგვარი შეხსენებაა უნიკალური ისტორიისა – თავდაპირველად ელექტროსადგური, შემდგომ კლუბი და ახლა კი საგამოფენო სივრცე.

“სტუდიო ბერლინი” ქაოსური და ორგანულია და, ზოგიერთი ჩვენგანისთვის – ცოტა ნოსტალგიურიც. ადგილი, რომელიც ქალაქის კულტურულ ფასეულობებს – ხალხსა და მათ იდეების აღნიშნავს. ბერლინმა ღონისძიებისთვის 250 000 ევრო გამოყო. 

მაშინ,  როდესაც ღამის ცხოვრების მომავალი გაურკვეველია, “სტუდიო ბერლინი” “ბერგჰაინს” ახალ საზოგადოებას წარუდგენს, თან, კლუბის ზოგიერთი თანამშრომელი სამსახურსაც დაიბრუნებს – ისინი საგამოფენო გიდებად მოგვევლინებიან. ეს გამოფენა გვიჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეიძლება არახელსაყრელ პირობებში. თანაც,  კლუბი  კულტურასა და ხელოვნებას აერთიანებს.

 

https://www.nytimes.com/
https://www.studio.berlin/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.