fbpx

ნაკრებები ცარიელ სტადიონებზე…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნების პირველობების უმრავლესობა აგვისტოში  განახლდა, პირობითად 2020/2021 წლების სეზონის გახსნა შეგვიძლია სწორედ მიმდინარე სანაკრებო დაპირისპირებებს დავუკავშიროთ, რომელთა დასრულების შემდეგაც საკლუბო ფეხბურთი თავის კალაპოტში ჩადგება და მალე ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის და გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშებებიც განახლდება.

ამჟამად კი მაყურებელთა ყურადღება ერთა ლიგის მატჩებისადმია მიმართული. წინასასეზონო პერიოდისათვის დამახასიათებელი სატრანსფერო ჭორებითა და ვნებათაღელვით გაჯერებული მატჩები, მოლოდინისამებრ, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდა. 

აშკარაა, რომ ერთა ლიგის დაპირისპირებები წარსული პერიოდის სანაკრებო ფანჯრების ამხანაგურ მატჩებთან შედარებით გაცილებით ეფექტურია. განსაკუთრებულ ინტერესს კი A ჯგუფი იწვევს, რომელშიც სადებიუტო ტურნირის შემდეგ, გუნდების რაოდენობამ 12-დან 16-მდე იმატა.

ევროპის საუკეთესო ნაკრებების ოპტიმალური მეთოდით თავმოყრის მიუხედავად, ნაკლოვანებებისგან ერთა ლიგის გათამაშება დაზღვეული ვერ იქნება და ეს, უპირველეს ყოვლისა, მისი ნაკლები პრესტიჟულობიდან გამომდინარეობს.

პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის ტურნირის მოგების გზით ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იტალიის, პოლონეთის, შვეიცარიის და ჰოლანდიის ნაკრებების ძლევა დასჭირდა. 

ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრ საკვალიფიკაციო ჯგუფში კი რონალდუს და მის თანაგუნდელებს ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა უკრაინის ნაკრების სახით დახვდათ. ჯგუფში მათ მეორე ადგილი დაიკავეს და ერთა ლიგის ტურნირიდან მოხვედრასთან შედარებით, ამ გზით გაცილებით ადვილად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება.

იტალიამ და ბელგიამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ათივე თამაში მოიგეს, ხოლო ესპანეთმა, ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ჰოლანდიამ მინიმალური დანაკარგებით მიაღწიეს მიზანს.

აქედან გამომდინარე, ერთა ლიგის A ჯგუფში იტალიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან თუ ესპანეთთან შედარებით, ზოგჯერ მეტ ბრძოლისუნარიანობას სადებიუტო ტურნირის B ჯგუფიდან აღზევებული რამდენიმე „მეორეხარისხოვანი“ გუნდი გამოავლენს. 

ერთ-ერთი ასეთი გუნდი უკრაინის ნაკრებია, რომელმაც პირველ შეხვედრაში შინ ორი ულამაზესი გოლით შვეიცარია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და გერმანიასა და ესპანეთს შორის მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, პირველი ტურის ბოლოს  ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში აღმოჩნდა.

ტურნირის გახსნის დღეს მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრას, მაგრამ თამაში იმედს მაინცდამაინც რომ არ გაამართლებდა, უპირველეს ყოვლისა გერმანიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობიდან გამოაშკარავდა, რადგან „ბაიერნის“ ფეხბურთელები, თურმე ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დასვენებას იმსახურებდნენ…

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მანუელ ნოიერის შემცვლელმა, ფრანკფურტის „აინტრახტის“ გოლკიპერმა კევინ ტრაპმა და მისი დადანაშაულება მატჩის მე-6 დამატებულ წუთზე გაშვებული გოლის გამო  დიდი უსამართლობა იქნებოდა.

თავის მხრივ ესპანეთის ნაკრებიც არ ბრწყინავდა და პირველმა ტაიმმაც ამხანაგური მატჩის შთაბეჭდილება დატოვა ტელეეკრანზე ესპანელთა მეკარე დე ხეას გამუდმებული თვითკმაყოფილი ღიმილით, რადგან მას არაერთხელ მოუწია თამაშში ჩართვა და გერმანელთა „სავარჯიშო“ დარტყმების ეფექტურად მოგერიება.

შეხვედრა მეორე ტაიმში ტიმო ვერნერის გოლის შემდეგ გამოცოცხლდა, როდესაც გერმანელებმა უკან დახევა და თამაშის კონტრიერიშებზე გადატანა გადაწყვიტეს. შეტევაში მათი სრული უუნარობა კი ჯერ ლეროი სანეს ტრავმამ, შემდეგ კი მატჩის 90-ე წუთზე ტიმო ვერნერის გაყვანამ გამოიწვია.

ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ ექვსი წუთი ითამაშეს და ესპანელებმაც ბოლო დარტყმით მოიპოვეს ქულა, რომლის დაკარგვაც ლუის ენრიკეს გუნდისთვის მაინცდამაინც დიდი ტრაგედია არ იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ „ფურია როხას“ შემადგენლობაში ტიაგო ალკანტარა გამოჩნდა და მთელი მატჩი უცვლელად ჩაატარა. ის ერთადერთი „ბაიერნელია“, რომელმაც ერთა ლიგის პირველ ტურში მიიღო მონაწილეობა. 

არ უთამაშია დავიდ ალაბას ავსტრიის ნაკრების შემადგენლობაში და დაისვენა რობერტ ლევანდოვსკიმაც, რომელიც აშკარად დააკლდა პოლონეთის ნაკრებს ჰოლანდიელებთან გასვლით შეხვედრაში. რონალდ კუმანის მიერ განახლებული ნაკრები მისმა თანაშემწე დუაიტ ლოდევეგესმა ჩაიბარა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

მართალია, ჰოლანდიელები მინიმალური ანგარიშით 1:0 მოგებას დასჯერდნენ, მაგრამ თამაშის ხარისხი სეზონის პირველი მატჩისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. ლუი ვან გაალის სავარაუდო დაბრუნებისთვის კი ნაკრები კიდევ მოძლიერდება. 

 

 

საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა იტალიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის „მეორეხარისხოვან“ ნაკრებებს შორის. მასპინძელთა გამუდმებულ შეტევებს სტუმრებმა მწვავე კონტრიერიშები დაუპირისპირეს და თამაში კინაღამ მოიგეს კიდეც. 

საბოლოოდ რობერტო მანჩინის აქამდე 100%-იანი შედეგის მქონე ნაკრები ფრეს დასჯერდა. იტალიელთა მწვრთნელმა დაკარგული ქულები ნაწილობრივ  ფრანჩესკო აჩერბის და  საკუთარ თავს გადააბრალა, რადგან სასტარტო შემადგენლობის ხილვისას სათვალის არქონის გამო მას ვერ შეუნიშნავს, რომ ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტან ჯორჯო კიელინის ნაცვლად იქ „ლაციოს“ ცენტრალური მცველი იყო შეყვანილი, რომელსაც გოლის გაშვებაში გარკვეული წვლილი მიუძღოდა.

მსგავსი სცენარით წარიმართა დანია – ბელგიისა და შვედეთი – საფრანგეთის დაპირისპირებები და გრიზმანის მიერ მატჩის ბოლო წუთზე პენალტის გამოყენების შემთხვევაში, ამ შეხვედრებში ანგარიშებიც ერთნაირი დაფიქსირდებოდა.

პირველ ნახევარში შვედებმა არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს მეტოქის კართან და მეკარე უგო ლორისსაც რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა. ტაიმის 41-ე წუთზე კი კილიან მბაპემ მარცხენა ფრთაზე მცირეოდენი გასეირნება მოაწყო მეტოქის მცველთა შორის, კარს მიუახლოვდა, მეკარე რობინ ოლსენიც გააბითურა და როგორც გაირკვა, მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

 

მეორე ტაიმში შვედები მომენტებს უკვე ვეღარ ქმნიდნენ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის კართან, რომლებმაც თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე. 

სასიხარულოა, რომ ფრანგების მსგავსი დამაჯერებლობა საქართველოს ნაკრებმა ესტონელებთან C ჯგუფის გასვლით შეხვედრაში გამოავლინა. ერთადერთი გოლი მატჩის 22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ ნიკა კაჭარავამ თავური დარტყმით გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქეს პრაქტიკულად ერთხელაც არ მისცემია გოლის გატანის რეალური შანსი. ვლადიმერ ვაისის გუნდმა ყველა რგოლში დაბალანსებული თამაში უჩვენა და რაც მთავარია მის თამაშში აშკარად იგრძნობოდა სტაბილურობა და პრაგმატიზმი, რისი დეფიციტიც ხშირად ყოფილა საქართველოს ნაკრების ამა თუ იმ მატჩში დამარცხების მიზეზი. 

დაწინაურების შემდეგ საქართველოს ნაკრები ზოგჯერ შეგნებულად თმობდა ხოლმე ინიციატივას, საკუთარ ნახევარზე ბურთის მოპოვების შემდეგ კი სწრაფად ახერხებდა მეტოქის ნახევარზე გადასვლას და ელვისებრ კონტრშეტევებს. რამდენიმე ასეთი ეპიზოდი კარში დარტყმით დასრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენებს დასკვნით ფაზაში სიზუსტე აკლდათ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ხვიჩა კვარაცხელიას თამაში, რომლის ინდივიდუალური გარღვევების წინააღმდეგაც მეტოქემ ვერაფერი გააწყო. 

მომდევნო მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან გარდა იმისა, რომ მეტოქე ჩვენი გუნდის უმთავრესი კონკურენტია C ჯგუფში, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ოქტომბერში ეს გუნდები ერთა ლიგის წინა გათამაშების D ჯგუფის ფინალშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ევროპის ჩემპიონატზე სწორედ მათ შორის გამარჯვებული გაემგზავროს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.