ფოტომოგზაურობა: კორცხელი – უსამართლოდ მივიწყებული ადგილი საქართველოს ტურისტულ რუკაზე
ავტორი: გიორგი კალანდია
ეს სოფელიც და ისტორიული ძეგლიც ამ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის ფონზე უსამართლოდაა დავიწყებული. თუმცა კორცხელის მიმართ ასეთი გულგრილობა ტრადიციული აღმოჩნდა – საბჭოთა პერიოდის ინერცია დღევანდელობასაც გადმოჰყვა და თანამედროვე საძიებო სისტემებში კორცხელის ტაძარზე სულ რამდენიმე აბზაცს თუ იპოვი.
არადა კორცხელი იმ თითზე ჩამოსათვლელ სოფლებსა და ეკლესიებს შორისაა, რომლებიც გვიან შუა საუკუნეებში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქედ მოიაზრებოდა, აქაური მოსახლეობიდან კი 100 კომლი ყმა-გლეხი ამ სახელგანთქმულ მონასტერს ეკუთვნოდა. რადგან იერუსალიმი ვახსენე, აქვე ვიტყვი: ქართველთა შორის უკანასკნელი დიდი ხელისუფალი, ვინც იერუსალიმის ჯვარი განაახლა, გულუხვი შესაწირავი გაიღო და მოხატა, კორცხელის მაშენებელი ლევან მეორე დადიანი იყო
ჰო, ლევანი სამეგრელოს მთავარია, რომელიც საკუთარ თავს ეძახდა – „ხელმწიფე ივერიისა“. მის დროს სამეგრელომ „მანამდე არნახულ და შემდეგ არგანმეორებულ სიძლიერეს“ მიაღწია. მისი სახება დღემდე შემორჩა კორცხელის ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე – შელახული და თვალებდათხრილი, მრისხანე მთავარს ამ ამბავს სიცოცხლეში ვერავინ გაუბედავდა, ეტყობა, სიკვდილის შემდეგ შეჰბედეს მტრებმა ლაჩრული საქციელი.
მგონია, ქართველები ლევანისადმი ძველი დროიდან დღემდე ზედმეტად კრიტიკულები თუ უსამართლონი იყვნენ. მასზე ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: “რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის-მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა“ . სამაგიეროდ მას ასე ახასიათებდა ფრანგი ჟან შარდენი: „ლევან დადიანი სამეგრელოს ერთი შესანიშნავი მთავარი იყო, გულადი, დიდად გონიერი, მართალი და მტერთან ბრძოლაში გამარჯვებული. ეს მთავარი იქნებოდა საუკეთესო ადამიანი, რომ იგი დაბადებულიყო უკეთეს ქვეყანაში“. აი რას წერდა ლევანზე იტალიელი ქრისტეფორე კასტელი: „ვეფხვი, რომელიც ბავშვებთან თამაშობს და ლომებთან იბრძვის. ქვეშევრდომის შემბრალებელია – ქედმაღალი და მძლევარი“.
შინაურთაგან დაუფასებელი ლევანისადმი შეუწყნარებლობას ალბათ მისი პირადი ცხოვრება განაპირობებდა, მან ხომ საკუთარი ბიცოლა – „სოფლისა მნათი ნესტან-დარეჯანი“ მოიყვანა ცოლად. ქალი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა, თუმცა ერთობლივი სიცოცხლე დიდი ხანი არ ჰქონიათ. ნესტან-დარეჯანი ლევანს უდროო სიკვდილმა წაართვა… 40 დღე ბნელში იგლოვა მრისხანე მთავარმა გულის სწორი, შემდეგ კი ყველა ხატი, აღაპი თუ შესაწირავი მას უძღვნა. ყველგან მოიხსენია, ყველგან მისთვის ილოცა, კორცხელის ხატს მის მოსაგონებლრად მეუღლის ნაქონი თვალმარგალიტი შესწირა, მის შემდეგ არცთუ ისე დიდხანს იცოცხლა – ნესტანისგან ნაშობ და უდროოდ გარდაცვლილ დაუმარხავ ვაჟიშვილს დააკვდა.
კორცხელი კიდევ ბევრ მოგონებასა და ამბავს ინახავს… ამ სატაძრო კომპლექსში ყველაზე მეტად კოშკი მომწონს, ისიც ლევანის ნახელავია და ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ნაგებობად მიმაჩნია. ოდესღაც ლამაზი თაღნარი დღესაც ეტყობა კოშკის მეორე სართულს, შიგნით შემორჩენილია ბუხარი.
ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კოშკი თავდაცვითთან ერთად საცხოვრებელიც უნდა ყოფილიყო, ამბობენ, რომ სწორედ აქ ცხოვრობდნენ ლევან დადიანთან სტუმრად ჩამოსული იტალიელი მისიონერები არქანჯელო ლამბერტი და ქრისტეფორე კასტელი… ჰო, ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი რა ეშველებოდა გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ვიზუალურ მხარეს, ამ პერიოდზე არსებული ჩანახატების, პორტრეტებისა და ესკიზების უმეტესობა ხომ სწორედ იტალიელ მისიონერებს ეკუთვნით.
კორცხელის ღია გალერეაში აუცილებლად ყურადღებას მიიქცევს ყვავილების ნატიფი ორნამენტი და წითელ ფონზე ჯვრის სიმბოლო. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი ქართული დროშის სახეობაა, იმ დროშისა, რომელსაც სვეტიცხოვლის ფრესკაზე დიდი აფრებიანი გემის ანძაზე ვხედავთ. ევროპული წყაროების ცნობით: “ქართველთა მეფის დროშა ჩვეულებრივზე უფრო მდიდარია და ლამაზი. ის გაკეთებულია ოთხი განის თხელი წითელი ქსოვილისაგან, ოქროთი მდიდრულად მორთული ულამაზესი ჯვრით”.
მკითხველი ძალიან რომ არ შევაღონო, კორცხელის კიდევ ერთ უნიკალურობაზე გავამახვილებ ყურადღებას და ამით გავჩუმდები. ეკლესიის გუმბათზე შემორჩენილია იშვიათი რამ, რასაც ბევრ ქართულ ტაძარში ვეღარ ვნახავთ, ეს ფანჯრის ალათებია. მინებზე მისამაგრებელი კარკასები, რომლებიც უშუალოდ გუმბათის ყელის სარკმელში მაგრდებოდა, მათი საშუალებით სხივები ეკლესიაში სხვადასხვა რაკურსით აღწევდა და ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნიდა.
და ბოლოს, ეს მცირე ჩამონათვალი მე მგონი, საკმარისია იმისათვის, რომ კორცხელი მოინახულოთ და მას სათანადო ადგილი დავუმკვიდროთ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა შორის.