fbpx

“მკვდარი სულების არდადეგები” – ქართული პრემიერა ტორონტოს შემდეგ


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

 

2020 CineDoc Tbilisi-ს ფარგლებში კეკო ჭელიძის და კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის – „მკვდარი სულების არდადაგები“ ქართული პრემიერა შედგა. პირველი ჩვენება კი ტორონტოს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების  ფესტივალზე, Hot Doc-ზე გაიმართა. არა მგონია, ფილმს ვინმე გულგრილი დაეტოვებინა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც პოსტსაბჭოთა სივრცეში, 90-იან წლებში ხელოვნებით ცხოვრებას ვცდილობდით.

„მკვდარი სულების არდადაგები“ – ასე ერქვა ლევან სვანიძის პირველ ჯგუფს, რომელიც მეგობარ გოგოსთან ერთად, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დააარსა, მათი პირველი კონცერტი ჩაიშალა, რადგან ცხრა აპრილის ამბები მოხდა, ღამე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, ლევანის საარსებო გარემო აღარასოდეს ყოფილა ისეთი გულუბრყვილო და უზრუნველი, როგორიც მანამდე. 

 

 

„…ამ ქალაქში ძაან ბნელა, აქაურობა მკლავს,

ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს

საკუთარი ნაბიჯი მინგრევს გზას… “

ეს სიტყვები 90-იანი წლების ჰიმნად გამოდგებოდა. ფილმში მას პოსტპანკ / ალტერნატიული ბენდი „წერილი“ ასრულებს, რომელშიც 45 წლის ლევან სვანიძე, ფილმის მთავარი გმირი, 1995 წლიდან დღემდე ბასგიტარაზე უკრავს. 

პოდკასტები – რეჟისორი და მთავარი გმირი ფილმის შესახებ: 

  • რეჟისორი კეკო ჭელიძე
  • ფილმის მთავარი გმირი, მუსიკოსი ლევან სვანიძე

ლევანი ნიჭიერი მუსიკოსია, რომელიც თავის საავტორო ალბომებს ვერ ყიდის, 2002 წლიდან ელექტრონულ მუსიკას ქმნის, მისი თქმით, მინორულს და მელოდიურს, მაგრამ ეს მიმართულება არავის სჭირდება, ლევანი ამბობს: თუ მდარე ქართულ ესტრადას არ მღერი, „საპერაშკეშიც“ არ აგიყვანენ მუსიკოსად. 

სამაგიეროდ, ლევანს ბევრი შეთავაზება აქვს დაცვის მუშაკის ან მეხინკლის დამხმარის ვაკანსიაზე, მაგრამ არა – dj-ის ან ბარში ცოცხალი მუსიკის შემსრულებლის ადგილზე, ასეთ ადგილებში ის ლუდის ჩამომსხმელადაც არ აჰყავთ.  ლევანი შემზარავ სიღარიბეში ასაკოვან დედასთან ერთად ცხოვრობს.

თბილისის ძველ უბანში მცხოვრები, ერთ დროს შეძლებული ოჯახის წევრები, დღეს მარგინალებად ქცეულან – მუდმივად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, თავისებური იუმორის მქონე ლევანი და მისი მზრუნველი, მანიპულატორი დედა, ლამარა. ისინი სხვა ეპოქიდან არიან, დროს ალღო ვერ აუღეს და დროთა განმავლობაში ქალაქის გარეუბნის კიდეზე, 14 კვადრატულ მეტრში აღმოჩნდნენ, საიდანაც ლევანი ვერაფრით აღწევს თავს. რამდენად დრამატულიც  უნდა იყოს ეს ფაქტი, ვფიქრობ, ფილმის წარმატება და მთავარი სირთულეც ამ კლაუსტროფობიულ ბინაში გამოკეტილმა არაჩვეულებრივმა ადამიანებმა განაპირობეს. 

ცხოვრებისთვის გაუსაძლისმა პირობებმა იდეალური დრამატურგიული მოცემულობა შექმნა: ორი მარტოობის მუდმივი ჯახი, უერთმანეთოდ ცხოვრების შეუძლებლობა, აუცილებლობად ქცეული სიყვარული და ჩვევა. ეს ყველაფერი ჯამში ტრაგიკულ და იდეალურ კონფლიქტს ქმნის. მთავარი გმირების ნიჭიერება და კამერის არშემჩნევის უნარი გვაძლევს შესაძლებლობას, გავცდეთ დოკუმენტური კინოს ფარგლებს და მამბლკორის ტიპის საავტორო ფილმს ვადევნოთ თვალი. 

ამ ჟანრში მოქმედებას, მის განვითარებას, კვანძს და კულმინაციას ხშირად სპონტანური მონოლოგები ან დიალოგები ცვლის – ალოგიკური, შემთხვევითი საუბრები. ფილმის  ლევანისეული დიალოგების ვუდი ალენსაც შეშურდებოდა და კვენტინ ტარანტინოსაც:

 

ლევანი – ერთ გოგოს უნდა შევხვდე…

დედა  – შეხვდი კაცო.. ახლა მოგინდა გოგო შენ, როდესაც ცუდად  ვარ!

ლევანი – აბა როდის მომინდა გუშინწინ? თუ ხვალ?

ანდა

ლევანი დედას – მოვდივარ, მოვდივარ, მაგრამ ჯერ არ მოვდივარ.

ლევანი დედას – არ მინდა, რო თქვან, ვიღაც დებილი დედა-შვილი აფეთქდა გაზით, არ მინდა, ეგეთი სიკვდილი, ძალიან გთხოვ დამელოდე და საერთოდ გაზი არ ჩართო…

 

– ძაან გადებული მაქვს და იქნებ კონცერტი გავჩითოთ?  – ამ სიტყვებით სთხოვს ლევანი თავის მეგობარს, მუსიკოსს, გია თოიძეს კონცერტის ჩატარებას რომელიმე კლუბში, უფრო ჰონორარისთვის, ვიდრე კონცერტისთვის. კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა მალე „იჩითება“, რეპეტიციებსაც გადიან, ნერვიულობენ, ემზადებიან, მაგრამ ლევანი არ მიდის კონცერტზე, ერთი უბრალო მიზეზის გამო ის სვამს… ისევ უცრუებს იმედს მეგობრებს და საკუთარ თავს, ალბათ დედა არის ის ერთადერთი, ვისაც შერჩენია ილუზია შვილის შესახებ. ხშირად ლევანი თავადაც აღიარებს თავის უნიათობას, ფილმის პრემიერაზე მან თქვა: მე რომ წესიერად მოვქცეულიყავი, ფილმს ერთი წლით ადრე ნახავდით.

სინამდვილეში ფილმი წარმატების ისტორია უნდა ყოფილიყო, ლევანის გეგმების და სცენარის მიხედვით, ლევანს ახალი ჯგუფი უნდა შეეკრიბა თავის ძველი ჯგუფების მუსიკოსებისგან, მათგან, ვინც ოთხმოცდაათიანი წლების თბილისის მუსიკალურ ანდერგრაუნდს ქმნიდა. ალბომი უნდა ჩაეწერათ და კონცერტები მოეწყოთ. ისეთი ლევანის დაბრუნება უნდა გვენახა, როგორიც ის ამ ფილმის ბოლო კადრებშია, სიმპათიური, ვარსკვლავური ქარიზმით, სცენაზე ბასგიტარით ხელში, იმ გიტარით, რომელიც ახლაც სულ თან დააქვს, ინსტრუმენტი, რომელიც მისი ავგაროზიც არის და ფარიც, რომელმაც უნდა დაიცვას ყოფიერების სრულიად აუტანელი სიმძიმისგან. 

ახლა ვხედავთ ლევანს, რომელმაც ყველაზე დიდი, ძლივს ნაშოვნი ლარიანით ტოტალიზატორში რამდენიმე თამაშის შედეგი გამოიცნოს, გადააბას  ფსონები, ქალების წყალბურთის ტურნირის შედეგებიც ჩართოს შიგნით და არყის ფული მოიგოს. ჯერჯერობით სხვა შემოსავალი არსაიდან ჩანს. მაგრამ, ლევანი ოპტიმისტია და სჯერა, რომ კიდევ ცოტა დრო სჭირდება, სულ რაღაც ათი წელი, და ყველაფერს დაალაგებს. მეც სიხარულით ვნახავდი ათი წლის შემდეგ გადაღებულ კეკო ჭელიძის და კოტე კალანდაძის ფილმს, სადაც ლევანის წარმატებულ საკონცერტო ცხოვრებას დავაკვირდებით.

მანამდე კი არსებულ ფილმზე: მინდა ოპერატორის, კოტე კალანდაძის ნამუშევარი აღვნიშნო, რომელიც, მიუხედავად ძირითადი გადასაღები პატარა სივრცისა, ახერხებს განსაკუთრებული გამოსახულება და განწყობა შექმნას, მძიმე სოციალური ფონიც აჩვენოს და გმირის გრძელი გავლები ულამაზო გარემოში ესთეტურ კადრებად აქციოს. ამით გმირის მარტოობის განცდა გაგვიმძაფროს. ფილმში ბევრი თავისუფლებაა, რეჟისორი წინასწარ მოფიქრებულ სცენებს თმობს და მომენტს იჭერს, ბოლომდე მიჰყვება გმირის ხასიათს და მის დუნე ცხოვრებას. სწორედ ამ თავისუფლების გამო გვიყვარს კინო… ყველაზე ძვირფასი კი ამ ფილმში ყოვლისმომცველი სევდაა.. 

ეს არის ფილმი მარტოდ დარჩენის შიშზე, დედის და შვილის ჰიპერტროპულ სიყვარულზე, ადამიანებზე, რომლებმაც დროს, ეპოქას ვერ აუღეს ალღო, რომლებიც აღარავის ახსოვს რეჟისორის გარდა, თითქოს მხოლოდ ის ახერხებდეს, უყვარდეს თავისი ფილმის უიღბლო პერსონაჟები. ამიტომაც,  ეს არის გამორჩეულად ძლიერი კინო, არაჩვეულებრივი ფინალით, რომლის გაყიდვაც ჩემი მხრიდან დანაშაული იქნებოდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.