fbpx

მიშა გოგრიჭიანი – ნოსტალგია ყველაფერზე და ყველაფერი ამერიკული


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ შერმადინი

 

„მამაჩემმა რომ დაგარტყას, ამერიკაში გადაგაფრენს“ – ყველასთვის ცნობილი ბავშვობის ფრაზა თანამედროვე ქართველი მხატვრის, მიშა გოგრიჭიანისთვისაც არ ყოფილა უცნობი, თუმცა ამ შემთხვევაში ხელოვანი თავად გაფრინდა ამერიკაში. ამერიკაში ჩაფრენილმა მხატვარმა ზურგზემოკიდებული 90-იანი წლების საქართველო  ამერიკულ ყოველდღიურობასთან შეაზავა და  გამოგვიგზავნა ნოსტალგია ყველაფერზე და ყველაფერი ამერიკული.

სიახლის ძიებითა და ცნობისმოყვარე ბუნებით ქართველი მხატვარი ამერიკაში აქტიურად იხატავს ყველაფერს, რასაც ხედავს, აგროვებს ყველაფერს, რასაც პოულობს, ეძებს ყველაფერს, რაც გამოადგება: ახალ იდეებს, ახალ გარემოს, ახალ ნაცნობებს და რაც მთავარია ალბათ ახალ შეგრძნებებს მომავალი ნამუშევრებისთვის. 

შეუძლებელია გულგრილად დავათვალიეროთ მისი ამერიკული სერიები: შავკანიანები, მშენებლობაზე ჩახატული ამწეები, სადგურის მოსაცდელებში ჩახატული მატარებლები, ყოველდღიური ცხოვრების მომენტები, ადამიანები, რომლებიც მის გარშემო და მის მეზობლად ცხოვრობდნენ. მხატვრისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამერიკული ცხოვრების რიტმი, დროისა და შრომის ფასი, რომელიც უცხო ქვეყანაში ყველასთვის საერთო იყო. 

ინტერესით აკვირდებოდა ადგილობრივ სახელოვნებო სცენას და აღფრთოვანებული იყო იმით, თუ როგორი ყურადღება ეთმობოდა ამერიკაში სახელოვნებო სფეროს, სწორედ ამ მოტივით მან შექმნა სერია, სახელწოდებით „იკითხეთ არტის შესახებ“ (2011), სადაც ადამიანები გამუდმებით კითხულობენ სახელოვნებო ჟურნალებს. გოგრიჭიანის აღნიშნულ სერიაში თითქოს ყველაფერი ხელოვნებაში ეფლობა და მისითაა გარემოცული, პერსონაჟების სხეული, თმებიც კი ხელოვნების წარწერებითაა დაფარული, ეს ერთგვარად დანაკლისის შევსებას ჰგავს, საქართველოში დეფიციტური სახელოვნებო სივრცის პარალელურად.

ცნობილი შავკანიანების სერია (2003-2005) მიშა გოგრიჭიანის ხელოვნების მოყვარულებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულად საყვარელ სერიათა რიცხვს მიეკუთვნება. შეიძლება დამთვალიერებელს კითხვა გაუჩნდეს – რატომ მაინცდამაინც შავკანიანები? ლუიზიანას შტატში ცხოვრებისას მიშა გოგრიჭიანი ნათლად ხედავდა და იხიბლებოდა შავკანიანების უშუალობითა და თავისუფლებით, მათი ჩაცმის სტილითა თუ ლაპარაკის მანერით. მისთვის ასევე საინტერესო გამოცდილებად ჩაითვალა მისი ნამუშევრების გამოფენა ადგილობრივ ტაძარში – Unitarian Church.

ლუიზიანას შემდეგ, 2011 წელს, მიშა გოგრიჭიანი ხელახლა მიდის ამერიკაში, ამჯერად კი სამხრეთ კაროლინაში. აქაც ჩვეული შემართებით იხატავს ყველაფერს – ხალხს, ბაღებს, სახლებს. აგროვებს ნაყიდი პროდუქტების ჩეკებს, შემდეგ კი ამ ყველაფერს ერთ ალბომად შეკრავს ამერიკული დღიურების მოსაგონებლად.

 

მიშა გოგრიჭიანი დღესაც აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას. საქართველოში მას “დედიკას გალერეა” წარმოადგენს, სადაც ხელოვანის ნამუშევრებს  2010 წლიდან ეცნობა დამთვალიერებელი.   პირველი გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით “მამაჩემის მონადირე ძაღლები“, ამას მოჰყვა 2013 წელს „ალპინისტის დღიური“, ყველასთვის ცნობილი – „სცადეთ კიდევ ერთხელ“ (2014), “პროცენტები” – არტისტერიუმის ფარგლებში (2015), „მხატვრის სახლი“ (2016), „კლასი / ბედნიერი ბავშვობა“ (2017), „თუ არ შეგიძლია ფრენა, ისწავლე ვარდნა“ (2018), 2019 და 2020 წლებში კი მიშა გოგრიჭიანი  მონაწილეობდა “დედიკას გალერეის” ჯგუფურ გამოფენებში, სახელწოდებით „პერ ასპერა“ და „მიყვარს ყავა, მიყვარს ჩაი.“  გარდა ამისა, ხელოვანი აქტიურად მონაწილეობს ედინბურგის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონისა და სხვა ქალაქების ჯგუფურ თუ სოლო გამოფენებში, ხელოვნების ბაზრობებსა და სახელოვნებო ფესტივალებში.

 

2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში “დედიკას გალერეის” სოლო გამოფენების სეზონს თარხნიშვილის ქუჩაზე გახსნის მხატვრის ამერიკაში შექმნილი ნამუშევრების კიდევ ერთი სერია – “ფორს რეისი ეძღვნება ედგარ პრადოს”. ხელოვანს ამავე წელს დაგეგმილი აქვს გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), სახელწოდებით  „Exit to the forest,” სადაც ეკოლოგიისადმი მიძღვნილი ახალი შემოქმედებითი კონცეფცია იქნება წარმოდგენილი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.