fbpx

პერსონალური და პროფესიული ტრანზიცია – ინტერვიუ გიორგი ნებიერიძესთან


გააზიარე სტატია

პორტრეტი: Laure d’Utruy

ავტორი: ქეთო შურღაია

 

“ფოტოგრაფია არის სოციალური რიტუალი, შფოთვისგან თავის დაღწევის საშუალება და ძალაუფლების იარაღი” – სიუზენ ზონტაგი

 

სწორედ ამ ძალაუფლების საშუალებით, რომელსაც გიორგი ნებიერიძე ფლობს თავისი ფოტოკამერით, ის მუდმივად და სხვადასხვა ფორმით გვიზიარებს პერსონალურ რეალობას, გვიყვება ვიზუალურ ამბებს, რომელიც აერთიანებს მუსიკის ცნობილ სახეებს, მოდის სახლებს, ფოტოგრაფის ახლო მეგობრებსა და მუზებს, უცბად დანახულ მცენარეებს, მანქანებსა და პეიზაჟებს, ყოფილ პარტნიორებსა და, რა თქმა უნდა, შვილების პორტრეტებს. 

გიორგი ნებიერიძე, ქართველი ფოტოგრაფი, 1990 წელს დაიბადა თბილისში. 2007 წლიდან დაიწყო იმის გადაღება, რაც მის გარშემო იყრიდა თავს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ასე შემოინახა 90-იანებში დაბადებული ახალგაზრდების ცხოვრება და ასე აგრძელებს ბერლინში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ფოტოგრაფი მისი ყოველდღიურობის აღწერას. ხელოვანი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც შეესწრო სამოქალაქო ომს და ქვეყნის ვაკუუმში ყოფნის ფონზე ცდილობდა, განსხვავებულობის მიმართ მტრულად განწყობილ საზოგადოებაში დაემკვიდრებინა ადგილი. 

ნებიერიძის ფოტოგრაფია დოკუმენტურია, თუმცა 90-იანების თაობის პორტრეტები და მათი ყოფიერების ამსახველი ფოტოები არ გვაჩვენებს იმას, თუ როგორი უმოძრაო, უფერული და უიმედო იყო გარემო,  პირიქით, გვიყვება იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველა შესაძლო საშუალებით ეწინააღმდეგებოდნენ სტატიკურად ყოფნას და ცდილობდნენ, სამყარო შეეცნოთ ისეთი, როგორიც არის. ეს ფოტოები 2016 წელს პროექტის სახით – „ნაყოფი“ პირველად თბილისის ფოტოფესტივალზე გამოიფინა, სადაც ასახულია 90-იანი წლების მეხსიერებით გაჯერებული ახალგაზრდობის ტრანზიცია ციფრული სამყაროს ეპოქისკენ. 

გიორგი ნებიერიძე 2015 წლიდან ყოველ მომდევნო წელს ერთ წიგნად აერთიანებს და ასეთი ფორმითაც აწოდებს თავის ნამუშევრებს მნახველს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნების საშუალებით ჩვენ, შეიძლება ითქვას, ხელოვანის როგორც პერსონალურ, ასევე პროფესიულ ცვლილებას ვაკვირდებით, აქამდე არასდროს მოგვცემია საშუალება, შეგვედარებინა მისი ფოტოგრაფია ბერლინში გადასვლამდე და მას შემდეგ. 

ეს პირადი გამოცდილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წარმოუდგენელი იყო, ის არ რეპრეზენტირებულიყო მის ნამუშევრებშიც. სწორედ ამიტომ, 12 სექტემბერს სასტუმრო “სტამბაში” მდებარე ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება გიორგი ნებიერიძის სლაიდ შოუს ჩვენება  ფოტოგრაფიის ღამის ფარგლებში (20:00-00:00), სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც არტისტის ადრეული ნამუშევრები, სახელწოდებით  „ნაყოფი“, ასევე ის ფოტოები, რომლებიც ბერლინში გადასვლის შემდეგ ყოველწლიურად ხვდება მისი წიგნების სერიაში – „აპოსტროფი“.

 

გიორგი, მომიყევი მომავალი გამოფენის შესახებ. შენი აზრით, რა მნიშვნელობის მატარებელია თბილისის ფოტოფესტივალი ქართული კულტურისთვის?

უკვე მეორედ მაქვს ჩემი ფოტოების თბილისის ფოტოფესტივალზე ჩვენების საშუალება. პირველად, 2016 წელს, ჩემი 70-ზე მეტი ფოტო იყო წარმოდგენილი ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე. დანარჩენი გამოფენები ანტუან დ’აგატას, იუსუფ სევინჩლისა და კოჯი ონაკას მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებისგან შედგებოდა, რაც ჩემი კარიერისთვის მეტად მნიშვნელოვან მომენტად რჩება. წელს ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ჩემი ორი სერიის პროექცია იქნება ნაჩვენები: 2008-2013 წლების თბილისში გადაღებული მასალა, რომელსაც თან ახლავს ზუკა ბაბუნაშვილის (Zesknel) მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი მუსიკა, ხოლო რაც შეეხება მეორე სლაიდ შოუს, ეს იქნება 2015 წლიდან დღემდე ჩემი წიგნებიდან შერჩეული ფოტოები.

გარემოებების გათვალისწინებით, წელს შედარებით მცირე მასშტაბის ფესტივალი ტარდება, მაგრამ იგი არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. არსებული შეზღუდვების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ორგანიზატორები წლევანდელ ფოტოჩვენებებს განსაკუთრებულ ღირებულებას შესძენენ. ეს ღონისძიება ქართული ფოტოგრაფიის სფეროში სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის უდიდესი შთაგონება და მოტივაციაა ახალგაზრდა არტისტებისთვის.

განსაკუთრებით მეამაყება ქალი ხელოვანებისა და მწერლების ნამუშევრების პრეზენტაცია. მათი შემოქმედება შთამაგონებს როგორც პროფესიულ საკითხებში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ბევრ მათგანთან დიდხნიანი მეგობრობა მაკავშირებს.

შეუძლებელია, არ ვახსენო ნენ გოლდინის ნამუშევრების ჩვენება შარშან, თბილისის მე-10 საიუბილეო ფოტოფესტივალზე. ეს კონკრეტული გამოფენა და ნენ გოლდინის ქართული საზოგადოებისთვის გაცნობა გადამწყვეტ როლს ასრულებს არა მხოლოდ ქართულ LGBTIQA+ სამყაროში, არამედ მთლიანად ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

 

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, შენმა ნამუშევრებმა დიდი ხანია, რაც სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილს მიაღწია, უკვე სხვა კედლებზე დაიწყე ფოტოების ჩამოკიდება. როგორია ისევ თბილისის სცენაზე დაბრუნება და რა მოლოდინები გაქვს?

საქართველოდან ჩემი ფოტოებით დაინტერესება ყოველთვის განსაკუთრებულ შეგრძნებას მანიჭებს. თავდაპირველი იდეა და მამოძრავებელი ძალა, რაც არტისტად ჩამოყალიბებაში მეხმარება, პროტესტი და მისი გამოხატვის გზებია. სწორედ თბილისში გამოვლილი წლებით მომეცა ის ხედვა, რასაც დღემდე ვავითარებ. იმედი მაქვს, ჩემი რეალობისა და ფანტაზიის ფოტოგრაფიით გადმოცემას ინტერესით შეხედავს როგორც საქართველოს ახალი, ასევე უფროსი თაობა. 

 

როცა გთხოვეს გამოფენისთვის მასალის შეკრება და მოგიწია გადაგეხედა საკმაოდ შორეული წარსულის ფოტოებისთვის ახლებთან ერთად, რა მნიშვნელოვან განსხვავებას ხედავ მათ შორის?

ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, რაც, ბუნებრივია, ფოტოებზეც აისახება, მაგრამ ბოლო პერიოდში პირადად მე, განხვავებულობაზე მეტად მსგავსებებს უფრო ვეძებ მათ შორის. მგონია, ფოტოებზე მეტად ჩემი მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. დაახლოებით ისეთივე შეგრძნებაა, როგორიც ჩვენი ან ჩვენი ახლობლების ახალგაზრდობის ფოტოების თვალიერებისას გვაქვს. მახსენდება ჩემი თავი იმ პერიოდში. მახსოვს, როგორ სათუთად ვეპყრობოდი ყოველ კადრს და როგორ დრამატულად მიხაროდა, როცა გამჟღავნებული ფოტო ჩემს ჩანაფიქრს ამართლებდა, ან მოულოდნელად ფირზე აღმოვაჩენდი დავიწყებულ კადრს… რა თქმა უნდა, დღემდე მაქვს მსგავსი შეგრძნება, მაგრამ ბოლო წლებში ბევრად მეტი რაოდენობის მასალასთან მიწევს მუშაობა. ხშირად დროის უქონლობისა და მოუთმენელი კლიენტების გამო, ჩემი გატაცებებისა და გრძნობების გვერდზე გადადება მიწევს.

ზოგადად, არ გამოვირჩევი კარგი მეხსიერებით, მაგრამ თბილისის ამ ფოტოების ყურებისას კადრის გადაღების მომენტთან ერთად, ყოველთვის მკაფიოდ მახსენდება ის მთლიანი გარემო და დეტალები, რაც იმ დროს კადრს მიღმა დარჩა. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად იბეჭდება ჩემს მეხსიერებაში ეს მომენტები. რაც შეეხება შედარებით ახალ ფოტოებსა და მათ მიღმა არსებულ გარემოებებს, რომლებიც ჩემს წარმოუდგენლად მრავალფეროვან ცხოვრებას ასახავს, შედარებით უფრო ბუნდოვანია ჩემს მეხსიერებაში.

 

შენი ფოტოგრაფია ძალიან პერსონალური და საკმაოდ პროვოკაციულია. ის, გარკვეულწილად, ასახავს სოციუმს, რომლის წევრიც თავად შენ ხარ, თუმცა, როგორ ხედავ, ან ხედავ თუ არა საერთოდ, ამ ფოტოგრაფიის ადგილს იმ საზოგადოებაში, რომელიც განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებების გამო არ არის ამ სოციუმის ნაწილი?

ჩემი კარიერის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ის ფოტოები, რომლებიც პროვოკაციულად ითვლება და შიშს ჰგვრის რელიგიურ ფანატიკოსებსა და მემარჯვენე პოლიტიკოსებს –  სწორედ მათ ეძღვნებათ. მიზანი და იდეა არა ხალხის უაზროდ და უმიზეზოდ განრისხებაა, არამედ ამ “პროვოკაციული” კადრების ყოველდღიურობაში ნორმალიზება, როგორებიცაა, მაგალითად, პროსექსის ან ანტიჰომოფობიური სცენების აღბეჭდვა. ეს საკითხები და მათზე საუბარი გარდაუვალი და ბევრი ჩვენგანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ასეთ დროს ჩემს ფოტოებს ეძლევათ ახალი ფუნქცია – ამ დისკუსიისაკენ გაგვიკვალონ გზა. ჩემი მიზანია, წამოვიწყო ჯანსაღი დიალოგი, რამაც შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს, თუმცა ყოველივე ეს მისი განუყოფელი ნაწილი იქნება საბოლოო მიზნის მისაღწევად. 

პირდაპირ რომ გითხრა, კი, დიდი სიამოვნებით ჩამოვკიდებდი ჩემს ფოტოებს პარლამენტში ან სამებაში.

 

 

დაკვირვება ამოსავალი წერტილია შენი ფოტოგრაფიისთვის. განათლებით სოციოლოგი ხარ. შენი აზრით, სოციოლოგიის რომელი თემის ანალიზისთვის იქნება შენი ნამუშევრები საუკეთესო საკვლევი მასალა?

ჩემი ყურადღება ადრეული ასაკიდან მიიპყრო ირვინგ გოფმანის სოციოლოგიურმა კვლევამ და თეორიულმა კონცეფციამ. ძალიან მოკლედ რომ განვმარტო, მიზიდავს მის მიერ ყოველდღიურობისა და ჩვენი ქმედებების დოკუმენტაცია, რასაც ვცდილობ ჩემს ფოტოებში  ხშირად გავუსვა ხაზი – ძირითადად პორტრეტებში, მაგრამ ასევე ნივთების, ინტერიერებისა და სხვა საგნების გადაღებისას, რადგან ამ კადრებშიც მკვეთრად შეგვიძლია ადამიანის ქცევა ამოვიცნოთ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ფოტოს გმირები უშუალოდ ადამიანები არ არიან.

საინტერესოა დავსვათ კითხვა: რა არის ჩვენი ქცევის ნორმა საზოგადოებაში, სხვადასხვა გარემოში, თუნდაც კამერის წინ, რა სახის ან სხეულის გამომეტყველებაა მისაღები, რა მიუღებელი და რატომ.

ამ უმარტივესი საკითხის ღრმა ანალიზი მეხმარება, უკეთ გავიაზრო ჩემი ფოტოების მნიშვნელობა და ვიზუალური კომუნიკაცია დავამყარო მნახველთან.

ბოლო პერიოდში ხშირად მიწევს მეტ-ნაკლებად დადგმული, კომერციული პორტრეტების გადაღება, მაგრამ ამ პროექტებშიც ვცდილობ, ფოტოებს ბუნებრივი იერსახე მივცე და გამოვავლინო პერსონაჟთა გულახდილი ქცევები. ჩემთვის ბევრად ღირებულია პორტრეტი, სადაც ადამიანის ღრმა გამომეტყველება იკითხება და არა სრულყოფილი მაკიაჟი ან ოსტატურად შეკერილი კოსტიუმი.

 

შეგიძლია, ორივე ფოტოსერიიდან აირჩიო თითო ფოტო და მათი ისტორიები გაგვიზიარო?

ეს ფოტო 2013 წლის შემოდგომაზე თბილისში გადავიღე, ბერლინში გადმოსვლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. მახსოვს, საელჩოდან ვიზას, დაახლოებით, ექვსი თვე ველოდებოდი და როდესაც საბოლოოდ დადებითი პასუხი მომივიდა, გადავწყვიტე, ჩემი თბილისში ყოფნის ბოლო დღეები ოჯახური ვალდებულებებისათვის დამეთმო. ჩემი წინაპრები და ოჯახის რამდენიმე წევრი საბურთალოს სასაფლაოზეა დაკრძალული და მათი საფლავების მოსანახულებლად მისულმა შევამჩნიე ეს კადრი – ფონზე საღამოს ცა, მზის ოქროსფერი შუქი და ნუცუბიძის მიკრორაიონები ჩანს, ხოლო წინა პლანზე სასაფლაოს ფრაგმენტები, რომლის ესთეტიკური მხარე ჩემთვის დღემდე ანომალიად რჩება.

ფოტო გადაღებულია 18-მილიმეტრიანი ფართო ობიექტივით. ეს ობიექტივი, წესით, შეუსაბამოა ჩემი კამერისთვის, რადგან ამ ბნელ კუთხეებს ქმნის ფოტოზე და კადრს მრგვალ ფორმას აძლევს, მაგრამ ამ ფოტოსთვის და ჩემი იმდროინდელი ემოციის გამოსახატავად ყოველივე ეს იდეალური გამოდგა.

ამ პერიოდში, როდესაც თბილისს სამუდამოდ ვტოვებდი, ბევრი სხვადასხვა ემოცია თუ განცდა გამოვიარე. ბედნიერებისა და სევდის მონაცვლეობა; დიდი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების შიში და მოლოდინები. ეს ბნელი კუთხეები თითქოს ჩემ გარშემო გადმოფარებული საბანია, რაც სიმყუდროვის და უსაფრთხოების შეგრძნებას მაძლევს და რომლიდანაც ვიჭვრიტები, ვაკვირდები გარე სამყაროს, რომელიც ხშირად ასეთი უხეში და შეუხედავია, მაგრამ პერიოდულად ოქროსფერი მზის შუქიც ეცემა.

ეს პორტრეტი სულ რამდენიმე კვირის წინ გადავიღე ჩემს ახალ სახლში, რომელიც კომერციული პროექტის ნაწილია ამსტერდამში დაფუძნებული ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოსთვის. ზემოთ ვახსენე კამერის წინ პოზირება ამგვარი გადაღებებისას და მათში ბუნებრიობის ძიება, სწორედ ამიტომ, მინდა განვიხილო ამ ფოტოს დეტალები. 

ამ პორტრეტებისთვის პირველადი ჩანაფიქრი ასეთი იყო: მოგვეძებნა დასამახსოვრებელი ლოკაცია, გვემუშავა სტილისტებთან, ვიზაჟისტებთან, პროდიუსერებთან, „როგორც წესია“, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მოდელი ჩემთან დამეპატიჟებინა, კარგად გამეცნო, საერთო ინტერესები გვეპოვა, ესთეტიკაზე გვესაუბრა და რაც ორივესთვის მისაღები იქნებოდა, ის განგვერხორციელებინა. 

მიძნელდება მოდელებთან მუშაობა მაშინ, როცა არანაირი პერსონალური კავშირი არ არსებობს ჩვენ შორის. გაირკვა, რომ ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა აღმოგვაჩნდა და გადავწყვიტეთ, პროექტის ყველა ასპექტზე კონტროლი ჩვენს ხელში აგვეღო. შედეგად მივიღეთ ფოტოები, რომლებიც ორივე ჩვენგანისთვის დიდ პერსონალურ მნიშვნელობას ატარებს და ამასთან, აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც სამოდელო სააგენტოს ჰქონდა.

ჩემი საყვარელი დეტალი ამ ფოტოში პატარა შუქის ანარეკლია მოდელის ხელის გულსა და სხეულს შორის, რომელიც სრულიად დაუგეგმავი და შემთხვევითია. ამ ფოტოში მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული მზის შუქია გამოყენებული და ისეთი კუთხით ეცემა ხელის გულს, რომ საბოლოოდ ეს შედეგი მივიღეთ. ასევე, აღსანიშნავია ლურჯი დეტალების ურთიერთქმედება შარვალსა და კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოს შორის, კადრში შემოსული მცენარეები და მათგან შექმნილი ჩრდილები კედელზე.

 

მალე შენს ფოტოწიგნებს კიდევ ერთი შეემატება. მომიყევი დეტალები, რომლის გამხელაც ამ ეტაპზე შეგიძლია.

ყველა ჩემი წიგნი განსხვავებულ ენერგიას ატარებს ჩემთვის და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს, მაგრამ ახალი წიგნი, რომელიც ერთის მაგივრად ორი წელიწადის მასალას გააერთიანებს, იქნება რადიკალურად განსხვავებული პირველი სამი წიგნისგან. “18/19” ჩემი „აპოსტროფი” სერიების გაგრძელებაა, მაგრამ მას ექნება სრულიად ახალი დიზაინი, ფორმატი და დინამიკა. ასევე, ვითანამშრომლებ ძალიან საინტერესო დიზაინერებთან, კურატორებთან  და მწერლებთან, ვის სახელებსაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გავამხელ.

გიორგი ნებიერიძის ახალი წიგნის “18/19-ის” გამოსვლა 2020 წლის ნოემბრის ბოლოს იგეგმება, მანამდე კი “17-ის” შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.