fbpx

“შიშველი სიცოცხლე” – ანტუან დ’აგატას 13 ათასი ფოტო Tbilisi Photo Festival 2020-ზე


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

 

10 სექტემბერს თბილისის მე-11 საერთაშორისო ფოტოფესტივალი თანამედროვე ფრანგი ფოტოგრაფის, “მაგნუმის” სააგენტოს წევრის,   ანტუან  დ’აგატას ახალი ფოტოსერიით – „შიშველი სიცოცხლე“ გაიხსნება. 

ამ პროექტის წარდგენას ანტუან დ’აგატა  პოლ სეზანის ციტატით იწყებს, მე კიდევ სტატიის დასაწყისში მისი შემოქმედების განმსაზღვრელ მისივე სიტყვებს გამოვიყენებ:

„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დავრჩე მოწყვლადი, რომ შიშმა არ სძლიოს სურვილებს და სურვილებმა არ სძლიოს თანაგრძნობას.“

 

თანაგრძნობის გამოხატვისთვის დ’აგატა ფოტოგრაფიას იყენებს, ფოტოგრაფია ნამდვილად არის მისთვის ის იარაღი და მედიუმი, რომლის მეშვეობითაც ის არათუ თანამედროვე სამყაროს სისასტიკეს აღბეჭდავს დოკუმენტურად,  არამედ თანამედროვე აუტსაიდერების, მსხვერპლების – ნარკომანების, მეძავების, უსახლკაროების რეალურ მდგომარეობას ითავისებს. ის ყველაზე სასტიკ ისტორიებს “შიგნიდან“ ჰყვება,  რადგან თვითონ ხდება ამ ისტორების ნაწილი. ის, რასაც დ’აგატა აჩვენებს თავის ფოტოებში, არა დაკვირვების, არამედ განცდილის შედეგია. 

მისი ახალი ნამუშევარიც, მიუხედავად საკითხის სიმწვავისა, მაღალმხატვრული და  სულის შემძვრელია.

ანტუანი კიდევ ერთხელ ახერხებს, მოძებნოს უნიკალური გამოსახულება, ამჯერად თერმოკამერის მეშვეობით, რომელიც მას კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავრცელებით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის პირველივე დღიდან თან ჰქონდა პარიზში. ამ კამერით იგი, მისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ სტილში, აფიქსირებდა ინფექციის გავრცელებას, რომელმაც ქალაქი მოხეტიალე სულების, დახრილი თავების და აღქმის ზღვარზე მყოფი სხეულების უცნაურ თეატრად აქცია. 

თავიდან მას იზიდავდა, როგორ აფიქსირებდა თერმოდინამიკური მოწყობილობა  სხეულის მიერ გამოშვებულ ინფრაწითელ სხივებს (სითბურ ტალღებს), რომლებიც  ტემპერატურის მიხედვით განსხვავდება. თუმცა მალევე ხელოვანი მოიხიბლა პროცესით, რომელიც ადამიანს მხოლოდ არსობრივ ფიგურად გარდაქმნის, ფიგურად, რომელსაც ყველანაირი ზედმეტი მახასიათებელი თუ კონკრეტიკა მოშორებული აქვს.

 

თბილისში, სასტუმრო “სტამბას” ისტორიულ შენობაში, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის სივრცეში ათ ეკრანზე წარმოდგენილი 13 000 ფოტო კორონავირუსის გავრცელების ტემპითა და სისწრაფით იცვლება, თითოეულ ეკრანს თავისი დრამატურგია და აქცენტები აქვს. ვხედავთ სიჩუმეში ჩაფლულ ქალაქს, რომელშიც სტერეოტიპული სხეულები მოძრაობენ; რომელიც თითქოს  უსახლკაროებითაა დასახლებული; უსახლკაროებით, რომლებიც – ამ გამოსახულებებში – უკანასკნელ ნამდვილად ცოცხალ და მედგარ სხეულებად გვევლინებიან; ძუნწი და ალმოდებული კომპოზიციები, რომლებიც დაცარიელებული ქუჩების განსხვავებულ და დისტოპიურ ხედვას გვთავაზობენ.

 

“ჩვენ მხოლოდ შენახული, ორგანიზებული მზის სითბო ვართ, მზის მცირე მოგონება. ცოტა ფოსფორი, რომელიც მსოფლიოს ტვინის ქერქში იწვის“.  – პოლ სეზანი

 

 

ანტუან დ’აგატა:

„ამ დოკუმენტურ ნამუშევარში თერმული ტექნოლოგია დომინირებს, რადგან იგი ისეთი ინფორმაციის დაფიქსირების საშუალებას იძლევა, რომელიც ტრადიციული ფოტოგრაფიისთვის მიუწვდომელია. ეს არ არის ესთეტიკის საკითხი, ეს არის ამჟამად განვითარების სტადიაზე მყოფი მეთოდი, რომელიც ვიზუალური ენის შექმნელია, ენის, რომელიც რეალობის როგორც ეგზისტენციალური, ასევე პოლიტიკური პერსპექტივიდან აღქმის საშუალებას მაძლევს.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა კონტინენტი დაანაწევრა და ხალხი თვითიზოლაციაში მოაქცია, მე მკვებავდა ჰენრი ჯეიმსის სიტყვები, რომლებიც ჟან-ლუკ გოდარს აქვს ნახსენები: ჩვენ ვმუშაობთ სიბნელეში,  ვაკეთებთ, რის გაკეთებაც შეგვიძლია,  გავცემთ, რაც გაგვაჩნია. ჩვენი ყოყმანი ჩვენი ვნებაა და ჩვენი ვნება ჩვენი ნიშანია. მე სხეულების მიერ დაგროვილი სითბოს კვალად მივდიოდი. თავიდან – ქუჩაში, შემდეგ – ძალიან მალევე – კოვიდ-19-ის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრებში. ბოლო ორი თვის განმავლობაში 13 000 ფოტო გადავიღე (6500 პარიზის  ქუჩებში და 6500 – საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის საავადმყოფოებში). ხანდახან რამდენიმე დღე ზედიზედ საავადმყოფოში მეძინა, ვიღებდი სასწრაფოს მძღოლებს, ექიმებს, მედდებს და პაციენტებს შორის ურთიერთობის ამსახველ კადრებს. სამედიცინო, ჰიგიენურ და უბრალოდ ნუგეშისცემის სცენებს.

სოლიდარობის და დასნებოვნების ამ დიქოტომიაში, სოციალური და ფიზიოლოგიური სიკვდილის ამ გარდაუვლობაში, რომლის დაფიქსირებასაც მე ვცდილობდი, გრძნობებისა და წინააღმდეგობის ენა შემოვიტანე. ენა, რომელიც სხეულს გარდაქმნის. თერმული გამოსახულება „ყინავს“ ფორმებს, პოზებს, ფიგურებს, ზონებს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის მიუწვდომელია“.

ანტუან დ’აგატა „მაგნუმის ფოტოების” (Magnum Photos) წევრია. მას წარმოადგენენ Galerie Magnum და  Galerie des Filles du Calvaire.  

 

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი

  • “შიშველი  სიცოცხლე“
  • ანტუან დ’აგატა/Magnum Photos
  • ვიდეოინსტალაცია
  • 19.00-დან
  • თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ.14
  • “სტამბა”

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.