fbpx

ფოტოამბავი: ფოთის დაგეგმარების ისტორია და ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანი ქისტაური


რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე  Alexander Bagration-Davidoff-მა გიგა ბოკერიას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოებზე საოცარი სიმეტრიით, წესრიგითა და ჰარმონიით დაგეგმარებული ქალაქი ჩანს, 2-სართულიანი სახლებითა და ვრცელი, მწვანე ეზოებით, რომელიც უამრავი ადამიანის გასაკვირად, ზღვისპირა ქალაქი – ფოთი აღმოჩნდა. 

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი



ფოთის ურბანულ დაგეგმარებაში, სივრცით მოწყობასა და არქიტექტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი საზოგადო მოღვაწემ, პუბლიცისტმა, მეცნიერმა და პოლიტიკოსმა ნიკო ნიკოლაძემ შეასრულა, რომელიც ქალაქს 1894-1912 წლებში მართავდა. ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას და ქალაქის სივრცითი მოწყობის გეგმაც სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. 



1868 წელს,  ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და ქვეყნის ტექნიკურ პროგრესში აქტიურად ჩაერთო. მან 1867-1874 წლებში ინჟინერ პალაშკოვთან ერთად ამიერკავკასიაში პირველი – თბილისი-ფოთის რკინიგზა ააგო. ქალაქის მმართველობის ოცწლიან პერიოდში ნიკოლაძემ პატარა, ჭაობიან ადგილს ახალი პერსპექტივები შესძინა და ევროპული ტიპის ქალაქად აქცია. 

ნიკოლაძის ინიციატივით ფოთში სამი ხიდი აიგო, მათ შორის ორი მდინარე რიონზე, რომლებიც ქალაქსა და დიდ კუნძულს ნავსადგურთან აერთებდა და ერთი მალთაყვაზე, რომელიც ფოთს გურიასთან აკავშირებდა. ჭაობების დაშრობის მიზნით ქალაქსა და მის განაპირა უბნებში წყალსაწრეტი არხები გაიყვანეს.

ნიკო ნიკოლაძე კარგად იაზრებდა ფოთის ეკონომიკურ პოტენციალს, სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება ნავსადგურის გაფართოებისა და კეთილმოწყობის საქმეს დაუთმო: „ბუნებამ თითქოსდა შექმნა რიონის დელტა საქონელის აღმოსავლეთიდან დასავლეთში გასატანად. ახლა რიგი სამეწარმეო ინიციატივაზეა, რომ ამ ადგილას შეიქმნას შავ ზღვაზე პირველი პორტი”.


მას ასევე ჰქონდა გეგმები ფოთში თევზჭერისა და თევზის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების შესახებაც.

ნიკო ნიკოლაძის მიერ შემუშავებული პროექტით 1901 წელს ქალაქის საბჭომ ფოთის მშენებლობის გეგმა დაამტკიცა, 1902 წლიდან კი  მშენებლობა დაიწყო. 1907-1909 წლებში  ნიკო ნიკოლაძემ ფოთში გერმანელი არქიტექტორი და ინჟინერი ედმუნდ ფრიკი მიიწვია, რომელმაც ფოთის საქალაქო ბიბლიოთეკა, სასტუმრო „ბრისტოლის“ შენობა, სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი,  ყრუ‐მუნჯთა საზოგადოების შენობა და საცხოვრებელი სახლები დააპროექტა. 

ფოთის მთავარ მოედანზე, რომელსაც ქალაქის 12 ქუჩა უერთდება, საკათედრო ტაძარი დგას. მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის პროექტი არქიტექტორებმა ალექსანდრე ზელენკომ და  რობერტ მარფელდმა კონსტანტინეპოლში არსებული აია სოფიას ტაძრის მიხედვით შეიმუშავეს. ტაძარში 2000 მლოცველი ეტეოდა.  

კოშკში, რომელიც ახლა ისტორიულ-არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა. 1870 წელს, თურქეთისაგან განთავისუფლების შემდეგ, ფოთის კოშკის იერსახე შეცვალეს, დააშენეს რიკულებიანი აივნის მქონე 2-სართულიანი ფლიგელი. კოშკის მეხუთე სართულზე მოთავსებული მექანიკური საათი, რომელიც 1870 წელსაა დამზადებული, ნიკო ნიკოლაძემ  პარიზიდან ჩამოიტანა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.