ფოტოამბავი: პროკუდინ-გორსკი და პირველი ფერადი ფოტოგრაფია საქართველოდან
ავტორი: ანი ქისტაური
ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პირველი ნიმუშების ავტორი, რუსი ფოტოგრაფი, ქიმიკოსი და გამომგონებელი სერგეი პროკუდინ-გორსკია (1863-1944), რომელსაც ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანა მიეწერება. გორსკის მიერ 1909-1915 წლებში რუსეთის იმპერიაში და მათ შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოები ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სერგეი პროკუდინ-გორსკიმ ბავშვობა რუსეთში, ფუნიკოვის მთაზე გაატარა. სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი ქიმიის შესწავლა პარიზსა და ბერლინში გააგრძელა. 1898 წელს პროკუდინ-გორსკი ”რუსეთის საიმპერატორო ტექნიკური საზოგადოების” წევრი გახდა, სადაც “ვარსკვლავთა წვიმის ფოტოგრაფირების” თეორია შეიმუშავა.
1902 წელს გორსკი რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიაში ფოტომექანიკურ სკოლაში სწავლობდა. ამავე წელს ფერადი ფოტოების გადასაღებად კამერის საკუთარი მოდელი და ფერადი ფოტოგრაფიის ეკრანზე საჩვენებლად პროექტორი შექმნა. 1909 წელს გორსკიმ იმპერატორ ნიკოლოზ მეორისაგან საგანგებო ნებართვა მიიღო რუსეთის იმპერიის კულტურის, ისტორიისა და მოდერნიზაციის ასასახავად. მას ყველაფრის, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების გადაღების უფლება ჰქონდა.
სერგეი პროკუდინ-გორსკიმ რუსეთის იმპერიაში 1905-1915 წლებში დაახლოებით 2607 სურათი გადაიღო. ფოტოგრაფს ადამიანები, რელიგიური არქიტექტურა და რიტუალები, ისტორიული ადგილები, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, საზოგადოებრივი დაწესებულებების მშენებლობა, სოფლებისა და ქალაქების ხედები აინტერესებდა.
ფოტოგრაფმა და მეცნიერმა პროკუდინ-გორსკიმ საქართველოში დაახლოებით 1909 -1915 წლებში იმოგზაურა და არაჩვეულებრივი ფერადი დოკუმენტური მასალა შექმნა. გორსკიმ თითქმის ყველა რეგიონი შემოიარა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქი, ქარხნები, რელიგიური რიტუალები, ადამიანები გადაიღო. სწორედ პროკუდინ-გორსკის სახელს უკავშირდება თბილისის პირველი ფერადი ფოტოებიც.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გორსკი რუსეთიდან წავიდა, თან წაიღო საკუთარი ფოტოკოლექციის უდიდესი ნაწილი, რომელიც ამჟამად აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული.
ფოტოების მცირე ნაწილი საქართველოშიც დარჩა. ისინი დადიანების სასახლეში ინახება. მათი არსებობის შესახებ აკაკი ჭანტურიას ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლის შემდეგ გახდა ცნობილი.