fbpx

TOP 15 საბურგერე თბილისში – 2020 წლის სექტემბრის მონაცემებით


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

მიიჩნევენ, რომ ბურგერის დაგემოვნება  გურმანების უმეტესობისათვის განსაკუთრებულად საყვარელი კულინარიული გამოცდილებაა. ამას ბევრი მიზეზი აქვს – ინგრედიენტები, გემოების კომბინაცია და ვარიაციების შესაძლებლობები, რაც უსაზღვრო კულინარიულ ექსპერიმენტებს და სახეობების წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას განაპირობებს. 

 

ჩვენს სიას ამჯერადაც სოციალურ ქსელში გავრცელებული შეფასებების მიხედვით ვადგენთ. თემატურ ჯგუფებში (რეცეპტორი / Cafè community / რა ვჭამო და სად ვჭამო?) – იქ, სადაც ქართველი გურმანები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ბურგერია. შესაბამისად, კითხვა – “სად ვჭამოთ თბილისში ყველაზე კარგი ბურგერი“,  ხშირად დასმულ კითხვებს შორის  – პირველი. აღმოაჩენთ იმასაც, რომ გურმანების საყვარელი საქმიანობა ე.წ. ბურგერ-ტურების მოწყობაა.

 

ბურგერ ბარი • Burger Bar

“ბურგერ ბარი” ბურგერების მოყვარულთა ერთ-ერთი პირველი რჩეული და, შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარული  ობიექტია. მენიუ 40-მდე სახეობას აერთიანებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული შეფასებების მიხედვით, ყველაზე პოპულარულია “ბურგერი 5 ყველით”. სრული მენიუს ნახვა  ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ, რაც უფრო მეტად ამარტივებს არჩევანს.  შერჩეული ბურგერის შეკვეთასაც ამავე საიტის მეშვეობით შეძლებთ. Burger Bar ღიაა ყოველდღე, დღის 11-დან  ღამის 1-ლ საათამდე.  რაც შეეხება მდებარეობას, თბილისის მასშტაბით “ბურგერ ბარს” შეგიძლიათ 3 მისამართზე ესტუმროთ – ფალიაშვილის ქუჩის 32ა-ში,  ყაზბეგის გამზირის 15-სა და წერეთლის გამზირის 118-ში. 

 

Grill More • გრილ მორი

Grill More პეტრე ქავთარაძის 39 ნომერში მდებარეობს. თუკი თემატურ ჯგუფებში წარმოდგენილ შეფასებებს გადავხედავთ, მენიუს გარდა, ადგილის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად მომხმარებლების უმეტესობა მომსახურების ხარისხს და შეკვეთის მიღების დროს ასახელებს. Რაც შეეხება მენიუს, ყველაზე პოპულარული  ”გრილ მორის” საფირმო ბურგერია 6 ყველით.   

 

Burger Lions • ბურგერ ლომები

“ბურგერ ლომები” ბურგერის მოყვარული გურმანების რეკომენდაციებში ყოველთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. მენიუ აერთიანებს შთამბეჭდავად  დიდ ქართულ ბურგერებს, რომლებიც დამზადებულია  ნატურალური ხორცით, საფირმო ფუნთუშებითა და სპეცსოუსით. Burger Lions ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში მდებარეობს. განსაკუთრებით კარგი სიახლეა ის, რომ  “ბურგერ ლომები”  დილის 9-დან ღამის 3 საათამდე მოგემსახურებათ. 

 

Gochit’s • გოჩიტ’ს

Gochit’s სწრაფი კვების ბარია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ბურგერები, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ადგოლობრივი წარმოების ხორცით მზადდება.  სიაში გაერთიანებული სხვა ობიექტების მსგავსად, Gochit’s-საც  დადებითად აფასებენ ბურგერის მოყვარულები. გამორჩეულად პოპულარულია  ე.წ. მონსტერი  ბურგერები,  რომლებიც განსაკუთრებით ნოყიერია, ეს მახასიათებელი კი ბურგერის შეფასებისას ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმია. Gochit’s-ის კიდევ ერთი დადებითი მხარეა ობიექტების სიმრავლე. მისამართებია: ვაჟა-ფშაველას 58, აღმაშენებლის 149ა, “ისთ ფოინთი”, დიღომში მდებარე “მარი მარკეტი”. Gochit’s-ის ბურგერების დაგემოვნება ბათუმში, გამსახურდიას 7 ნომერში მდებარე “ჩეხური ლუდის სახლშიც” შესაძლებელია. 

 

PIPES burger joint • პაიპს ბურგერ ჯოინტი

PIPES burger joint ნატურალური პროდუქტებით დამზადებული ბურგერების  მრავალფეროვანი მენიუს დაგემოვნებას გთავაზობთ. ობიექტი ძირითადად დადებითი შეფასებებს იმსახურებს როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისგან, ასევე ტურისტებისგანაც. რაც შეეხება მისამართს, ერთ-ერთი ფილიალი ვაშლოვანის 8 ნომერში მდებარეობს. PIPES-ის ბურგერის დასაგემოვნებლად ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ნინოშვილის 8 ნომერს – მულტიფუნქციურ სივრცეში, ფაბრიკაში გახსნილ ობიექტსაც. ფილიალები ღიაა ყოველდღე – 11:00-დან  23:00 საათამდე. 

 

Burger House Tbilisi

Burger House Tbilisi ნოყიერი ბურგერების მრავალნაირი  დასახელებით მოგხიბლავთ.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბურგერის და ხორცის  განსაკუთრებული  კავშირის მიუხედავად, დიდი მოთხოვნაა  აქ დამზადებულ ვეგეტარიანულ ბურგერზე. რუსთაველის გამზირის 17 ნომერში მდებარე  Burger House Tbilisi-ს შეგიძლიათ ესტუმროთ ყოველდღე – დღის 12-დან ღამის 12 საათამდე. 

 

Krab’s Burger • კრაბ’ს ბურგერი

Krab’s Burger კიდევ ერთი ობიექტია, რომელზეც გასტრონომიულ-კულინარიულ თემატურ ჯგუფებში დადებითი შეფასებები იწერება. მრავალფეროვანი გემოების იდეალური კომბინაციით შექმნილი და  ნოყიერი  – სწორედ ასე აფასებენ ბურგერის მოყვარულები “კრაბ’ს ბურგერის” მენიუს. Krab’s Burger ირაკლი აბაშიძის 2  ნომერში მდებარეობს და ღიაა ყოველდღე – დღის 12-დან ღამის 4 საათამდე.  

 

Iron Burger

Iron Burger-ის მენიუ ყველანაირი გემოვნების გურმანს რჩეული გემოს მიგნებას ჰპირდება. სხვადასხვა  სახეობის ბურგერში ე.წ.  Keto Burger-საც აღმოაჩენთ, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება და ბოლო დროს პოპულარული “კეტო დიეტის” მენიუს იდეალურად ერგება. მენიუსთან ერთად, მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ განსაკუთრებით კეთილგანწყობილ მომსახურე პერსონალს, რაც ამ ადგილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას კიდევ უფრო  ზრდის. Iron Burger ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, 29ა ნომერში მდებარეობს და ღიაა ყოველდღე –  11:30-დან  საღამოს 9 საათამდე. 

 

Good Choice • გუდ ჩოის

Good Choice-ის მენიუ ბურგერების მრავალფეროვან დასახელებებს გთავაზობთ. მათ შორის არის პოპულარული “სტეიკ ბურგერი“, სპეციალური რეცეპტით დამზადებული “კრევეტების ბურგერი“ მათთვის, ვინც უპირატესობას ზღვის პროდუქტებს ანიჭებს, ასევე “იხვის ბურგერი“ – Duck Burger ალუბლის სოუსით. Good Choice-ის შეფასებებისას ასევე განსაკუთრებით ხაზგასმულია მომსახურების ხარისხი, რაც შეკვეთის მიღების სისწრაფესა და მომხმარებლისადმი პერსონალის დამოკიდებულებაში გამოიხატება. Good Choice-ს შეგიძლიათ ორ სხვადასხვა მისამართზე ესტუმროთ – ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში და ლისის ტერიტორიაზე. 

 

Pet20 • პეტ20

პეტ20 თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ახალი ობიექტია. ბურგერები გრილზე შემწვარი პროდუქტით მზადდება და სპეციალური რეცეპტით შექმნილი სოუსით ზავდება. მენიუში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობიდან განსაკუთრებით პოპულარულია LAVA CHEESY BURGER. პეტ20-ს  ვასილ პეტრიაშვილის ქუჩის 20 ნომერში შეგიძლიათ ესტუმროთ. 

 

Munchies by food godess

Munchies თბილისის კიდევ ერთი ახალი ბურგერ-რესტორანია. გახსნიდან მალევე  ამ ობიექტის  გარემომ, მომსახურებამ და რაც მთავარია ბურგერებმა დადებითი რეკომენდაციები დაიმსახურა. Munchies by food godess  ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის 3 ნომერში მდებარეობს. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით სივრცე ღიაა დღის პირველი საათიდან საღამოს 10:30-მდე. პარასკევს, შაბათს და კვირას კი  Munchies-ში ბურგერების დაგემოვნებას დღის 4-დან ღამის 12 საათამდე შეძლებთ. 

 

Big Sam’s • ბიგ სემი

Big Sam’s სწრაფი კვების სხვადასხვა კერძის დაგემოვნების საშუალებას გაძლევთ, თუმცა ეს ადგილი ყველაზე პოპულარული ბურგერებითაა.  მენიუ 10-მდე სახეობის ბურგერს აერთიანებს, ასევე აღმოაჩენთ რამდენიმე სახეობის საბავშვო ბურგერსაც.  “ბიგ სემი” ყაზბეგის 2 ნომერში მდებარეობს. ობიექტის ერთ-ერთი უპირატესობა სამუშაო სააათებია – სივრცე ღიაა ყოველდღე, დღის 11-დან ღამის 4 საათამდე. ისევე როგორც სწრაფი კვების ობიექტების უმეტესობის  შემთხვევაში, Big Sam’s-ის მენიუს გამოძახებას Wolt-ის და Glovo-ს მეშვეობით შეძლებთ. 

 

Mazaki • მაზაკი

სწრაფი კვების რესტორანი Mazaki ლუბლიანას ქუჩის 30 ნომერში მდებარეობს. მრავალფეროვანი მენიუ რამდენიმე განსხვავებული სახეობის ბურგერს აერთიანებს, მათ შორისაა ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული ვეგეტარიანული ბურგერიც. ბურგერების და სხვა სწრაფი საკვების დაგემოვნება ადგილზე შეგიძლიათ ყოველდღე – დღის 11-დან საღამოს 10 საათამდე. იმ შემთხვევაში კი, თუ ბურგერების სახლში მირთმევას  ამჯობინებთ, მაზაკის მენიუს გამოძახება Wolt-ის აპლიკაციითაა შესაძლებელი. 

 

Burger Inn • ბურგერ ინნ

“ბურგერ ინნ-ის”  მყუდრო და სასიამოვნო  გარემოში სხვადასხვა სახეობის გემრიელ ბურგერებს მოგართმევენ.  როგორც სოციალური ქსელის კულინარიული თემატიკის ჯგუფებში წერენ, კერძები ჯანსაღი ინგრედიენტებით გამოირჩევა, რაც დაგემოვნებისთანავე საგრძნობია. დადებითი შეფასებები შეგხვდებათ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებითაც. მრავალფეროვან მენიუსთან ერთად Burger Inn-ის კიდევ ერთი საინტერესო შეთავაზება აქვს გურმანებისათვის – ოფიციალური საიტიდან  თქვენ შეგიძლიათ ბურგერის ინგრედიენტები შეუკვეთოთ და თავადვე მოამზადოთ. გარდა გამოძახების სერვისისა, Burger Inn-ს შეგიძლიათ ადგილზე – კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის 6 ნომერში ესტუმროთ. სივრცე ღიაა ყოველდღე – დღის 12-დან ღამის 1-ლ საათამდე. 

 

ბურგერბოსი • BurgerBoss

ბურგერის არაერთი მოყვარულის აზრით, “ბურგერბოსი” თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მენიუს ყველაზე პიპულარული წარმომადგენელი ე.წ.  შავი ბურგერია, რომელსაც Jamaica-ს დასახელებით მარტივად ამოიცნობთ. BurgerBoss ბახტრიონის ქუჩის 11ბ ნომერში მდებარეობს და ღიაა ყოველდღე – დღის 12-დან ღამის 12 საათამდე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.