fbpx

შოთიკო აფციაურის პირველი არტ-ბუქი – They Said Books-ის ახალი პროექტი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია

ფოტოგრაფი: გიკო დადიანი

They Said Books-მა ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო – მაღაზიის ვიტრინაში, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე გამოდის,  დისპლეიზე   წარმოდგენილია შოთიკო აფციაურის ნამუშევარი, არტისტის პირველი არტ-ბუქი.  

ეგრეთ წოდებული მხატვრის ხელნაკეთი წიგნი ძირითადად კოლექციონერების  ინტერესის ობიექტად იქცევა  ხოლმე, რადგან ის,  როგორც  გავრცელებული სახელოვნებო ფორმა,   საკოლექციო, იშვიათი და უნიკალურია.  

They Said Books-ში არაერთი  უცხოენოვანი საკოლექციო წიგნის ნახვაა შესაძლებელი, განსაკუთრებით კი, ძველი და იშვიათი წიგნების მინიბაზრობაზე, რომელიც სამ თვეში ერთხელ  ახვლედიანის 10 ნომერში იმართება. ბაზრობაზე წარმოდგენილია ხოლმე წიგნები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინათ არის გამოცემული, ასევე პატარა ტირაჟით გამოსული თანამედროვე წიგნები. 

 

 

სალომე ბაქრაძე, მაღაზიის დამფუძნებელი და პროექტის ავტორი: 

“მაღაზიის ვიტრინაში,  ეგრეთ წოდებულ დისპლეიზე ნამუშევრის გამოტანა გადავწყვიტეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რამდენად საინტერესოა  ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი არტ-ბუქები, გვაინტერესებს  ქართველ არტისტებთან თანამშრომლობა. მაგალითისთვის, ამ სივრცეში თითქმის გახსნის დღიდან, ექსპოზიციაშია ლადო ლომიტაშვილის ფოტონამუშევრები”.

მაღაზიის ვიტრინაში  შოთიკო აფციაურის ნამუშევრის გამოფენა,  ჩვენი პირველი თანამშრომლობაა არტისტთან, თუმცა მომავალში მასთან ერთად სხვა პროექტებზეც ვაპირებთ მუშაობას.

 

შოთიკო, მოგვიყევი წარმოდგენილი არტ-ბუქის შესახებ

Consumerist Icons ჩემი  პირველი საკოლექციო არტ-ბუქია. 

ეს წიგნი აერთიანებს  ნაპოვნი თუ ყოველდღიური ობიექტების მეშვეობით შექმნილ სხვადასხვა კომპოზიციებს, ვიზუალურ პოემებს, ჩემს ჩანახატებს და სემიოტიკურ სქემებს.

ამ წიგნის კეთების პერიოდში ვფიქრობდი თანამედროვე სავაჭრო ცენტრებზე – როგორც თანამედროვე “ტაძრებზე”. ამ წიგნის პირველი ნაწილი სავაჭრო ცენტრებში და სხვადასხვა სამომხმარებლო ადგილებში შეგროვებული ობიექტებისგან (ქვითარი, სასაჩუქრე შეფუთვა, სანიშნი) იკონოგრაფიული სქემით აწყობილი კომპოზიციებია. თანაც ერთგვარი მოგზაურობის დღიურია.

რა მასალაა?

წიგნის ქაღალდი ხელით დამუშავებული და დაპრესილი მარლისგანაა გაკეთებული.

 

ეს შენი პირველი არტ-ბუქია?  აპირებ  ამგვარი არტ-ბუქის გაკეთებას მომავალშიც?

დროთა განმავლობაში პატარა რვეულებს, საინტერესო ალბომებს არტ-ბუქების ფორმას ვაძლევ ხოლმე. სულ ისე ხდება, რომ ეს არტ-ბუქები ჩემს არქივში იდებენ ბინას და იქ აგრძელებენ ცხოვრებას. ეს წიგნი პირველია, რომელიც სახელოსნოს გარეთ გამოვიტანე  და საკოლექციო წიგნად იქცა. მომწონს წიგნზე მუშაობა და არის რამდენიმე იდეა, რაც მინდა, რომ სამომავლოდ გავაკეთო. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.