ოჰანჯანოვი / ბოზარჯიანცის სახლი – სოლოლაკის ბურჟუაზიული არქიტექტურა
ავტორი: დათო კოროშინაძე
ილუსტრაციები: ნინო საკანდელიძე
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის სოლოლაკში ბურჟუაზიული არქიტექტურის გაჩენა არა მხოლოდ ამ უბნის პრესტიჟულობაზე მიუთითებდა, არამედ მის სოციო-კულტურულ და ეკონომიკურ როლზე ქალაქის განვითარებაში. საინტერესოა, რომ ამ პერიოდის თბილისს ერთბაშად ეკლექტური ურბანული დაგეგმარება ახასიათებს. მას არ გააჩნია ერთი კონკრეტული ცენტრი, არამედ შენობათა ქსელები, რომლებიც დრამატულ ნარატივებს ქმნიან.
ერთი ასეთი თბილისური ნარატივი მოდერნულ ფასადებში არტ-ნუვოს სტილის მოხშირებას უკავშირდება, განსაკუთრებით, სოლოლაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სტილისთვის დამახასიათებელ ნიშნებს თუ ორნამენტებს ვხვდებით. სოლოლაკის ფასადები მეტყველი სურათებისგან შედგება: ბერძნული და რომაული ღმერთები, მითოსური ცხოველები და მასკარონები, ფლორის ამსახველი ნაძერწი ორნამენტები, აზიური ბაღების ნაირსახეობით მორთული სადარბაზო ოაზისები – ეს ყველაფერი სოლოლაკის ადრინდელი ყოფის მისტიკური დეტალებია.
არქიტექტურა არათუ დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურობაში, არამედ თავადაც გვხდის ამ სივრცის მონაწილეს, თუმცა, ისევე როგორც ყველაფერმა, შენობებმაც შეიძლება დაკარგონ თავიანთი კონტექსტი, ისტორია, უნიკალურობა, იქცნენ ტურისტულ სანახაობად ან სრულიად გაქრნენ კულტურული რუკიდან – ჩვენი ცხოვრებიდან.
დღეს თბილისური არქიტექტურა არა ყოველდღიური მეგზურის, არამედ გაელვების სახით ჩნდება. თვალის დახამხამებასავით ვხედავთ ორნამენტებს, მძიმე დატვირთულ ფასადებს დელიკატური ფორმებით, ნაძერწი სამკაულებით შემკული თაღებით და ოსტატურად გამოყვანილი აივნებით. თითქოს ორ რეალობაში ვარსებობთ – ერთი, რომელიც გამომშრალი და გაუგებარია და მეორე, რომელიც ისტორიებით, მითებით, მისტიკით და გამოცანებით არის სავსე. იქნებ ეს წარსულის გახსენებაა? იმ პერიოდის, რომელშიც თბილისი ევროპული ქალაქის იდეას მიუახლოვდა, შემდეგ კი მთელი რიგი რეპრესიების და ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა?
ასეა თუ ისე, დღეს თვალნათლივ ვხედავთ მე-19 საუკუნის თბილისის გამოღვიძებას, მის საწყისებთან დაბრუნებას, რომლის შენებაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა არქიტექტორებმა და ბურჟუაზიამ. მათმა კულტურულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა განსაზღვრეს ქალაქის ის იერსახე, რომელიც მის მულტიკულტურულ ბუნებაში ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ორიენტალურ ხედვებს და იდეებს აქსოვდა.
ერთ-ერთი ასეთი არქიტექტორი სომხური წარმოშობის მიხეილ ოჰანჯანოვი იყო, რომლის პროექტებიც თბილისში 1898 წელს გამოჩნდა. ოჰანჯანოვი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა მოდერნულ სტილზე, მათ შორის ხშირად მიმართავდა არტ-ნუვოს, თუმცა მისი ექსპერიმენტები და ძიებები თავისებურ სახეს იღებს თბილისის ცენტრალურ საჯარო შენობებსა თუ კერძო სახლებში.
ჭონქაძის 12 ნომერში აშენებული სამსართულიანი სახლი სწორედ ასეთი კომპლექსური ხასიათის მატარებელია. მისი თაღები, კარნიზები და პილასტრები კლასიკურ არქიტექტონიკას ქმნიან, მაშინ როდესაც ფასადის ცალკეული დეტალები, ღიობის მოყვანილობები, აივნები, ორნამენტები არტ-ნუვოს სტილიდანაა დასესხებული. ასეთი გადაწყვეტა სხვადასხვა არქიტექტურული სტილის და მათი ისტორიის არათუ კარგ ცოდნას, არამედ ფორმების სინთეზის მაღალ ხარისხს საჭიროებდა. არტ-ნუვოს ღერძული პრინციპებისგან განსხვავებით, შენობაში ჭარბობს მონუმენტურობა, რაც იმაზეც მიუთითებს, რომ ოჰანჯანოვი ითვალისწინებდა სოლოლაკში არსებული ბურჟუაზიული არქიტექტურის კლასიკურ მოტივებს, აქ არსებულ ტრადიციას ფრთხილად უკავშირებდა თანადროულ სტილებს.
ანალოგიურ ექსპერიმენტს ვხვდებით შენობის ინტერიერშიც, რომელშიც კლასიკური და მოდერნული ნიშნებია გადათამაშებული. აქაც, არტ-ნუვოსთან ერთად, არქიტექტორი მიმართავს გეომეტრიულ ფორმებს და პატერნებს. როგორც ცნობილია ინტერიერის გასაფორმებლად ოჰანჯანოვმა მასალები ესპანეთიდან გამოიწერა. სწორედ ეს ესპანური კაფელი ქმნის ინტერიერის მოკრძალებულ, თუმცა მდიდრულ იერს.
სახლმა 1914 წელს არქიტექტურულ კონკურსში მეორე ადგილი მიიღო (პირველი არ გაცემულა). ის ეკუთვნოდა სომეხ ვაჭარს ბოზარჯიანცს, რომელიც თამბაქოს წარმოების დამაარსებელი იყო თბილისში. მანვე გახსნა თამბაქოს პირველი ჯიხურებიც. ის დაახლოებული იყო ილია ჭავჭავაძის წრესთან, რაც თბილისის მოდერნიზაციის საერთო ეკონომიკურ და კულტურულ ინტერესებზე მიგვანიშნებს.
სახლი დღეს მძიმე მდგომარეობაშია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თბილისური ბურჟუაზიული არქიტექტურის კონტექსტი, მისი ენა და დრამატურგია ქრება ჩვენი ყოფიდან. თუკი ვეღარ ვკითხულობთ შენობებს, თუკი აღარ გვესმის მათი მხატვრული ენა, მაშინ მათი რესტავრაცია ან კონსერვაციაც გაუგებარი ხდება. საკმარისია, დავფიქრდეთ, თუ როგორ უკავშირდება ის ჩვენს ყოფას, რომ ვხვდებით, თითოეული შენობის გაქრობა, მისი დაზიანება და წაშლა ჩვენი ყოფიერებიდან გაქრობასაც გამოიწვევს. თუმცა ის გამონათებები, რომლებიც ბოლოდროინდელი თბილისური ხეტიალის პირობებში ჩნდება, ხელახლა აჩენს იმედს კვლავ აღმოჩენის, გაგების, თანაყოფნის და თანაარსებობის, რაშიც საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეიტანა თბილისურმა არქიტექტურამ, მათ შორის – ოჰანჯანოვის ძიებებმა.