დევიდ ფოსტერ უოლესის “უსასრულო გასართობი” ანუ პოსტმოდერნიზმის გამოწვევა
ავტორი: ანი ჯაფარიძე
„უსასრულო გასართობი“ 1996 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, Back Bay Books-მა გამოსცა. 34 წლის ავტორის, დევიდ ფოსტერ უოლესის ნაწარმოები დიდ ამერიკულ რომანად მალევე შერაცხეს და იგი მეტამოდერნის ერთ-ერთ მთავად ნიმუშადაც იქცა.
ვიწრო წრეებში ამ წიგნის შესახებ დიდი ხანია ვნებიანად ვსაუბრობთ, თუმცა რადგან წიგნის უცხო ენებზე თარგმნა არაეართ დაბრკოლებას გულისხმობს, ბევრს მის შესახებ მხოლოდ სმენია. მრავალრიცხოვანი იდეომებით, ენციკლოპედიური ჩანართებითა და თავად ავტორის “ყოველ სიტყვაზე ნერვიულობით” თარგმნის პროცესი, ალბათ, კიდევ დიდ ხანს გაიწელება, ამიტომ მასზე წინასწარ მოგიყვებით.
ამ 1445 გრამიან წიგნში შეხვდებით 1088 გვერდს (გააჩნია გამოცემას), 150-მდე პერსონაჟს, უკიდურესად დეტალურ და ვრცელ აღწერებს, სქოლიოებსა და სქოლიოებს ზემოთ ხსენებული სქოლიოების შესახებ.
ეს არის იმ მიზეზების შემოკლებული სია, თუ რატომ შეიძლება შეუშინდეთ ამ წიგნის დაწყებას, ან პირიქით – მოინდომოთ ამ გამოწვევის მიღება.
დევიდ ფოსტერ უოლესი ფილოსოფოსი მამისა და ინგლისური ენის პროფესორი დედის შვილია. მშობლებთან დაკავშირებული მოგონებებიდან გამოარჩევდა იმას, რომელშიც ჯეიმს და სალი უოლესები, ძილის წინ, ერთმანეთს ხმამაღლა ჯეიმს ჯოისის “ულისეს” უკითხავდნენ. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ კოლეჯში თვითონაც ფილოსოფიას და ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა.
ის თამაშობდა ჩოგბურთს, გატაცებული იყო მათემატიკით და ლუდვიგ ვიტგენშტეინით, უყვარდა ძაღლები, 27 წლისა კი დამოკიდებული გახდა ალკოჰოლზე. წლების განმავლობაში აწუხებდა მონოპოლარული დეპრესია, რასაც მკურნალობდა როგორც მედიკამენტებით ასევე შოკური თერაპიითაც.
ამის გამო, მისი დის თქმით, მან მცირე ხნით მოკლევადიანი მახსოვრობა დაკარგა, და დის ვიზიტების დროს სვამდა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: “…და მაინც როგორ უნდა გავიგო ჯერ რომელი თევზის ჩხირი ავიღო?”.
“უსასრულო გასართობი” “Broom of the system-ის” შემდეგ დასრულებული მეორე წიგნია. მაშინ, როცა პირველი წიგნად არც იყო ჩაფიქრებული. ტომას პინჩონის “The Crying of Lot 49” წაკითხვით შთაგონებულმა უოლესმა გადაწყვიტა, რომ მოდალური ლოგიკის სადიპლომო ნამუშევარი სადებიუტო წიგნად გადაეკეთებინა, და ასეც მოხდა.
ამ ორი დასრულებული წიგნის გარდა, უოლესს ეკუთვნის ცალკე გამოქვეყნებული ესეებისა და ჟურნალ “Playboy-ისთის” დაწერილი სტატიები. გარდა ამისა, მოთხრობებისა და ესეების კრებულები და უკანასკნელი, დაუმთავრებელი რომანი – “The Pale King”, რომელიც უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
სხვადასხვა ფიზიკური თუ მენტალური პრობლემის მიუხედავად, „უსასრულო გასართობის“ ავტორი, მაინც წარმატებული იყო. ავტორთან შესახვედრად გამართულ ღონისძიებებზე უშველებელი რიგები იდგა. სათვალეებიანი, მუდამ თავზე ბენდენაწაკრული უოლესი, “უსასრულო გასართობის” მკითხველი ფანებისთვის ლიტერატურის როკსთარად ითვლებოდა.
დეპრესიის ერთ-ერთი ძლიერი შეტევის შემდეგ მან მეგობარს კლინიკაში წაყვანა სთხოვა – უფრთხოდა საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა. ეს ვიზიტი იმით დამთავრდა რომ მას პალატაში, შიშველსა და მიბმულს, 3 დღის განმავლობაში იატაკზე ჯდომა მოუწია.
შემდგომი მკურნალობის რაღაც ეტაპზე (2007წ.) მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო, უოლესმა შეწყვიტა მათი მიღება. ბოლო თვების განმავლობაში მისი დეპრესია უკიდურესად გამწვავდა, რის გამოც 2008 წლის 12 სექტემბერს, 46 წლის ასაკში მან თავი საკუთარ ბინაში ჩამოიხრჩო.
უოლესი ესეებში პოსტმოდერნული სტილის ყველა წესს იცავს. კერძოდ, მოცემულობების კრიტიკაში, რომლებიც ხშირად სატელევიზიო ინდუსტრიასა და რეკლამას ეხება, იუმორის, ირონიისა და სარკაზმის შკალებზე ნიშნულები მუდამ მაღალ მაჩვენებლებზეა. მოთხრობებში ტექსტები ხშირად მშრალი და სქემატურია, თემები კი უმეტესწილად დეპრესიისა და სუიციდის ირგვლივ ტრიალებს, ხოლო “უსასრულო გასართობი” სრულიად სხვა გეზს იღებს.
უოლესის ეს წიგნი გამოდგა ოპუსი იმდენად მაგნუმ რომ მისით ავტორმა ამერიკული ლიტერატურის ახალ მიმდენარეობას დაუდო სათავე. სწორედ ამიტომ, მას “ახალი გულწრფელობის” წარმომადგენელად და იმ მწერლად მოიხსენიებენ, რომელმაც პოსტმოდერნიზმს ომი გამოუცხადა.
“უსასრულო გასართობი” პოსტმოდერნიზმის ერთი დიდი გამოწვევაა და მთელი წიგნი აღიქმება ამ მიმდენარეობის იარაღებით, სარკაზმისა და ირონიის – სარკაზმითა და ირონიითვე დამუნათებად.
ერთ-ერთ ბლოგში ალექსეი პოლიარინი (წიგნის ერთ-ერთი მთარგმნელი) წერს:
“50-იან წლებში, როცა კულტურამ გადატვირთვა გადაიტანა, პოსტმოდერნი, მისი ირონიული დისტანციით გახდა სამყაროს შეცნობის ერთადერი შესაძლო ინსტრუმენტი. დღეს უკვე ცხადია, რომ მთელი ეს ეკლექტიკა, პაროდიები, ნარატიული თამაშები, დეკონსტრუქცია და დაუმთავრებელი თამაში პოპ-კულტურასთან – აღარ მუშაობს. და ის, რომ ამ წიგნის სახელწოდება ციტატაა ჰამლეტის მონოლოგიდან, სადაც ის მას იორიკის თავის ქალით ხელში წარმოთქვამს – შემთხვევითობა სულაც არ არის. აგერ უოლესმაც დაწერა საკუთარი ათასგვერდიანი ოპუსი, სწორედ პოსტმოდერნის თავისქალის შემხედვარე.
ეს იდეა – მოწოდება გულწრფელობისკენ – გახდა “უსასრულო გასართობის” გამაერთიანებელი კომპონენტი და აქცია ის თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად, თვითონ ავტორი კი – ეროვნულ მონაპოვრად. ირონია, უოლესის მიხედვით, ანესთეზიასავითაა: მცირე რაოდენობით ის გიყუჩებს რეალობისგან მიღებულ ტკივილს და გეხმარება სულიერი თუ ესთეტიური ბალანსის დაცვაში, თუმცა , მცირე დოზის მომატება და უკვე პოსტმოდერნიზმი გამოდის, შემდეგ კი – უბრალოდ ჯამბაზობა.
ერთადერთი გზა, რომლითაც “უსასრულო გონებამახვილობასთან” ომის მოგება, მაშინ როცა თანამედროვე ლიტერატურის სათავეში მდგომ “გასაოცარი მომფიქრებელი” ავტორების აზრით, ნაივურობა დამაკნინებელი თვისებაა, არის – იყო ღია და გულწრფელი, არ დაიმალო ინტელექტუალის ჩაფხუკუნების უკან და არ შეგეშინდეს საკუთარი ნაივურობის. შეწყვიტო ირონიის ნარკოტიკივით მიღება ყოველ ჯერზე, როცა სამყაროსთვის შეხედვის შეგეშინდება და დაიწყო ცხოვრების აღქმა სერიოზულად. ამ რომანის ერთ-ერთი უმთავრესი ფრაზა სწორედ ასე ჟღერს – ზომიერად სერიოზულად და ძალიან ნაივურად: “გაერთე რამდენიც გინდა. მაგრამ ჭკვიანურად აირჩიე. შენ ხარ ის, რაც გიყვარს. არა? შენ მთლიანად და ბოლომდე ხარ ის რისთვისაც თავს დაუფიქრებლად გაწირავდი. აგერ შენ… რისთვის ხარ მზად რომ დაუფიქრებლად მოკვდე?” “
“sarcasm and jokes were often the bottle in which clinical depressives sent out their most plangent screams for someone to care and help them.” – Infinite Jest
ინტერვიუებში უოლესი ამბობდა, რომ ლიტერატურას უნდა ჰქონდეს რაიმე უფრო მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრო უბრალოდ გართობაა. ის ამბობდა, რომ “ლიტერატურა არის იმაზე, თუ როგორ იყო ადამიანი”, რაზეც ტომ ბისელი წერს:
“სწორედ ეს არის უოლესის შემოქმედებისა და მათ შორის “უსასრულო გასართობის” მთავარი გამოცანაც.”
“What passes for hip cynical transcendence of sentiment is really some kind of fear of being really human, since to be really human […] is probably to be unavoidably sentimental and naïve and goo-prone and generally pathetic.” – Infinite Jest
(დიახ, თქვენ შეგხვდებათ სიტყვები, რომლებზეც აქამდე არ გსმენიათ და ამ წიგნისთვის ინგლისურისა თუ რუსულის კარგი ცოდნა მართლა საჭიროა, თუმცა, მაგალითად, ქინდლით კითხვის შემთხვევაში, სიტყვაზე მითითებით ძალიან მარტივად გადახვალთ ლექსიკონში, რაც აღმოფხვრის ამ პრობლემას.)
ერთ-ერთ წიგნში უოლესი წერს: “იმისთვის, რომ გაჩერდეს, ფუტკარი ძალიან სწრაფად უნდა მოძრაობდეს”. ეს მეტაფორა საუკეთესოდ აღწერს თვითონ უოლესის წერის სტილს. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც წესი, ჩვენ ვამჩნევთ მხოლოდ იმას, რაც მნიშვნელოვანია: სტომოტოლოგი აკვირდება კბილებს; ხელოსანი ამოწმებს მილებს; შემსწორებელი ასწორებს. უელესის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. ის აღწერს მრავალსიტყვიერად, მაგრამ არა მონოტონურად და ხანგრძლივად. ის ამჩნევს ყველაფერს და გაწვდის ამას ბუნებრივი კონტექსტის შესაქმნელად: ოფლის წვეთები, მოძრაობა, ვიბრაციები, ჩასუნთქვა, ასფალტის ბზარი, პიგმენტური ლაქები. თითქოს უოლესი ყველაფერს „მაკროზუმით“ აკვირდება და ამის ხარჯზე მისი აღწერები სიტუაციების მიმართ სწორად ისეთი სენსიტიურობით გამოირჩევა, რომელიც ამ აღწერას მკითველის წარმოსახვაში გააცოცხლებს.
ყოველი დეტალი ქმნის გარემოს და ყოველი წინადადება ასრულებს საკუთარ დანიშნულებას. თუ დაუკვირდებით მისი თხრობის დინამიკას, შეამჩნევთ, თუ როგორი ენერგია იმალება მასში. ფუტკრის ფრთები არ ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ.
“უსასრულო გასართობში” მოვლენები ვითარდება 1996 წლის პერსპექტივიდან ახლო მომავალში, ანუ დაახლოებით 2008-2011-იან წლებში, სადაც ყველაფერი მოხმარების საგნად გადაქცეულა: კალენდარიც კი კორპორაციების მიერ არის სუბსიდირებული და რიცხვის ნაცვლად ყოველ წელს კონკრეტული ბრენდის სახელწოდება აქვს (Year of the Tucks Medicated Pad; Year of the Trial-Size Dove Bar; Year of the Perdue Wonderchicken; Year of the Whisper-Quiet Maytag Dishmaster; Year of the Yushityu 2007 Mimetic-Resolution-Cartridge-View-Motherboard-Easy-To-Install-Upgrade For Infernatron/InterLace TP Systems For Home, Office Or Mobile).
ამავდროულად, სიგიჟე ხდება არა მხოლოდ კალენდარში, არამედ პოლიტიკოსების თავსაც – ამერიკამ შემოიერთა მექსიკა და კანადა და ახლა U.S.A.-ის მაგივრად არის O.N.A.N. ანუ Organization of North American Nations. გერბზე გამოსახულია არწივი სომბრეროში, რომელსაც ერთ კლანჭში ნეკერჩხლის ფოთოლი, ხოლო მეორეში კი საწმენდი საშუალებები უჭირავს, რომლებიც, თავისმხრივ, O.N.A.N.-ის პრეზიდენტის იპოჰონდრიის სიმბოლოა.
O.N.A.N.-ში “ექსპერიალიზმური” წყობაა, რომლის გამოც ამერიკა მუქარითა და ძალის გამოყენებით გადასცემს კანადას გარკვეულ ტერიტორიებს, რომელზეც თავად საკუთარ ტოქსიკურ ნარჩენებს ათავსებს. ამიტომ, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ სეპარატისტების ბაზები და მუტირებული ზაზუნების ხროვებიღა დაძრწიან.
და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის: ჩოგბურთის აკადემიაში, უქმეებზე გასართობად სტუდენტები უოლესის მოგონილ თამაშს, Eschaton-ს თამაშობენ. თუ კი “ჰარი პოტერის” ქვიდიჩი გერთულებათ, იმედია აქ ფარხმალს მაშინვე არ დაყრით. Eschaton-ის სათამაშოდ საჭიროა პირველ რიგში 4 ჩოგბურთის მოედნის ზომის ღია სივრცე და 400-მდე ჩოგბურთის ბურთი. ამ თამაშის დროს, მოთამაშეები განასახიერებენ სხვადასხვა ქვეყნების მმართველობას ატომური ომის პირობებში, სადაც მოქმედებების განსახორციელებლად და სამყაროს აპოკალიფსისგან გადასარჩენად, სათამაშო სივრცეში, ანუ “რუკაზე” მოთავსებულ სპეციალურ ნივთებს “ბომბავენ”.
ყოველი მოქმედება რაღაცას ნიშნავს, ყველაფერი ძალიან ჩახლართულია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის თითოეული მკითხველი დამეთანხმება, რომ Eschaton-ის ეპიზოდი არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თავშესაქცევი მონაკვეთი, არა მხოლოდ ჩემს, არამედ მათ კითხვის გამოცდილებაშიც.
ამ ყველაფრის გასაერთიანებლად, იქნება ეს პოლიტიკური თამაშები, საიდუმლო ორმაგი და სამმაგი აგენტების დავალებები თუ მთავარი გმირების ბედ-იღბალი, ავტორი იყენებს საინტერესო “მაკგაფინსს” (ტერმინი რომელიც აღნიშნავს, საგანს რომლის ირგვლივაც სიუჟეტი იგება) ვიდეოკასეტის სახით, რომელსაც წიგნის მსგავსად “უსასრულო გასართობი” ჰქვია.
მოქმედებები ხდება როგორც ორ მთავარ, (ენფილდის მოზარდების ჩოგბურთის აკადემია და პანსიონის ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი ნარკოდამოკიდებულთათვის – “ენნეტ ჰაუსი”) ასევე რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც. ამ სამყაროში მოხსენიებულია როგორც ჩვენთვის უკვე ნაცნობი NETFLIX-სა და FACETIME-ის წინაპარი ანალოგიები, ასევე საკვების გამოძახების სერვისებისა და სხვა იმ დროისთვის ჯერ არარსებული, თუმცა უალესის პერსონაჟების მიერ უკვე კარგად ათვისებული და მათივე ნაკლოვანებებით დაზარალებული “ინოვაციები”. როგორც ისევ ტომ ბისელი წერს: “რომანის არამალფუჭებადობა არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენ ჩვენს აწყმოსთან თანხვედრილ დეტალს თუ წინასწარმეტყველებას მოიცავს ის. ლიტერატურის არამალფუჭებადობის შეფასება მსგავსი რომ ყოფილიყო, ყველა დროის უდიდეს მწერლად ფილიფ კ. დიკი ჩაითვლებოდა. უოლესს ესმოდა ეს პარადოქსი და მისი პროზა ეხმიანება როგორც ძველ, ასევე ახალ თაობასაც.”
წიგნის კითხვის დროს შეგხვდებათ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კომპლექსური მთავარი გმირები – ჩოგბურთის აკადემიისა და მისივე დამფუძნებლის, ჯეიმს ინკანდენცას შვილი, ნიჭიერი ჩოგბურთელი და გამორჩეული ლინგვისტური ცოდნის მქონე ჰალ ინკანდენცა და ყოფილი ბენოდრილის მომხმარებელი, მძარცველი და შემდგომ უკვე ენნეტ ჰაუსის თანამშრომელი – დონ გეიტლი. საკუთარი ისტორიების განვითარებებით ისინი გვიჩვენებენ ტექსტის გეომეტრიულ სტრუქტურას: სანამ ერთი მათგანი თავით ეშვება ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაში, მეორე ცდილობს რომ რეაბილიტირდეს და სიფხიზლე შეინარჩუნოს.
სხვადასხვა ნარატივებიდან ამოჭრილი ეპიზოდების ერთობლიობით პირველი 100-150 გვერდი ქაოტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ხანდახან რთულია გაერკვე, თუ რითი არიან დაკავშირებული ეს პერსონაჟები, რომელთა სიმრავლის გამო, სახელების ჩაწერასა და სურვილისამებრ, პატარა გრაფიკის აგებასაც გირჩევთ.
წიგნის 100-150 გვერდიანი შესავალი, თითქოს სპეციალურად არის ასეთი ქაოტური იმისთვის, რომ გაფილტროს მკითხველი. თითქოს, სხვებისთვის ეს გამოცდილება ვერ იქნებოდა ისეთი სასიამოვნო, როგორც იმ მკითხველისთვის, რომელიც ამ შესავალს გადალახავდა. აქ დაგხვდებათ ისეთი თავშესაქცევი, ხანდახან ხმამაღლა სასაცილო, უკიდურესად სევდიანი, ხანდახან კი აღშფოთებამდე შემზარავი თავგადასავალები, სიტუაციები თუ პერსონაჟები, როგორიც, ასეთი გადმოცემის ფორმით გამდიდრებული მე ჯერ არსად შემხვედრია.
ეს არ არის თქვენს თაროზე შემოდებული მორიგი წიგნი. ვფიქრობ, 23-35 წლის ასაკში ასეთი ლიტერატურა, შეიძლება ძალიან სასარგებლო გახდეს, თუნდაც გემოვნების ჩამოყალიბებაში და “შემდეგი რა წავიკითხო?” დილემის გადასაწყვეტად, მაშინ, როცა პირადად მე აქამდე ძალიან ბუნდოვანი სქემით ვირჩევდი ხოლმე წასაკითხ წიგნებს, ახლა კი ზუსტად ვიცი, ვისი და რისი წაკითხვა მსურს.
თითოეული პერსონაჟი, გამოჩენისთანავე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს რჩებიან ისინი მკითხველის ყურადღების ცენტრში, ან რამხელა როლს თამაშობენ წიგნში მოთხრობილ მოვლენებში, უოლესის უკიდურესად ყურადღებიანი სტილის წყალობით, აუცილებლად დაგამახსოვრებენ თავს საკუთარი ამომწურავი პორტრეტებით. ისინი იტანჯებიან ნარკოტიკულ ნივთიერებებსა თუ იდეებზე დამოკიდებულებების გამო, ებრძვიან მარტოობას და ეჭიდებიან ეგზისტენციალურ ნიჰილიზმს. ვერ შემდგარი ურთიერთგაგება ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან, ბუნდოვანი მომავლი და აუტანელი აწყმო, რომლის შედეგებიც ძალიან მრავალფეროვან ხარისხებამდე მიდის, თითქმის თითოეული მათგანის მთავარი პრობლემაა.
თქვენ გადაეყრებით პერსონაჟებს რომლებიც ჩაგახედებენ დეპრესიისა და მარტოობის ყველაზე ბნელ კუთხეებში. ისინი გიამბობენ როგორია იცხოვრო უარყოფაში მაშინ, როცა შენი გარდაცვლილი შვილის გვამს უკვე მწერები ეხვევიან, შენ კი მას მაინც გულში ჩაკრულს დაატარებ. როგორია იყო სექსუალური მოძალადის შვილი და გახდე მოწმე იმისა თუ როგორ აუპატიურებენ შენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დას. რას ნიშნავს კონტროლის დაკარკვა და რა შედეგამდე მივა სუბსტანციებზე ხელის არ აღება ორსულობის დროს. თქვენ გაიგებთ თუ რამ გატეხა ისინი.
და დაიმახსოვრეთ, ყოველი მათგანი დამემოწმებოდა – თუ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომანის სახელწოდებაში სიტყვების შეთანხმება – უსასრულო გართობა ერთგვარი ოქსიმორონია, რადგან ამ თითქმის 2კგ სიტყვაში, ყველაფერთან ერთად, თქვენ დაგხვდებათ ამბავი იმის შესახებ, რომ ყველა გართობა სრულდება.
და რა თქმა უნდა: “გაერთე რამდენიც გინდა. მაგრამ ჭკვიანურად აირჩიე. შენ ხარ ის რაც გიყვარს. არა? შენ მთლიანად და ბოლომდე ხარ ის რისთვისაც თავს დაუფიქრებლად გაწირავდი. აგერ შენ… რისთვის ხარ მზად რომ დაუფიქრებლად მოკვდე?”