fbpx

თამარა კვესიტაძის სოლო გამოფენა The Passage – Galerie Kornfeld-მა წარმოადგინა


გააზიარე სტატია


კარანტინისა და თვითიზოლაციის სიბნელეში შექმნილი ინსტალაცია, რომელიც ცნობილ ქართველ ხელოვანს თამარა კვესიტაძეს ეკუთვნის, დამთვალიერებელს ერთდროულად სულშემხუთავ და იმედისმომცემ გრძნობებს უღვივებს.

შიშისმომგვრელი შავი ფრინველები უგზო-უკვლოდ  დაფრინავენ ქაოსში. მათ უხილავი ძალა აკონტროლებს, რომელიც ჩიტებს ერთგვარ მახეში – ადამიანის თავის ქალაში მიაქანებს. რასთან ასოცირდება ეს ფრინველები – კოშმარებთან, სულის დამანგრეველ ეჭვებთან, მერყევ ფიქრებთან, სიყვარულის ტანჯვასთან, დანაკარგის სიმწარესთან თუ ჰალუცინაციებთან? ვინ არის ეს ადამიანი – ხელოვანი, ფსიქიკურად დაავადებული, პოეტი, პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი სხვა?

ნამუშევარს “პასაჟი” ეწოდება და ის მაშინ შეიქმნა, როდესაც მსოფლიოში კარანტინი დაიწყო. თამარა ცნობილია თავისი კინეტიკური ქანდაკებებით, რომლებიც ხელოვნებასა და ინჟინერიას აერთიანებს. ამ შემთხვევაში ინსტალაცია არ მოძრაობს, მაგრამ ამბავი ვითარდება, რადგან მასში ნავიგაცია ხდება.

ოთახი, რომლის სიგრძე 16 მეტრი, სიგანე კი 2 მეტრია, შუქჩრდილების დახმარებით მნახველს თითქოს გარშემო ეხვევა.  რაც უფრო უახლოვდებიან ჩიტები ადამიანს, მით უფრო ვიწროვდება კედლები მათ გარშემო, რაც მათ მახეში იტყუებს. ადამიანი უძრავია და მისი ერთადერთი მიზანი შთანთქმა და გარდაქმნაა, ამაში კი დიდი არჩევანი არ აქვს. “პასაჟში” გაფრენის შემდეგ, შავი ფრინველები საშიშ ენერგიას კარგავენ და ზოგიერთი რაკურსიდან ეფემერულ ბარტყებს ემსგავსებიან.

 

“კოვიდის კრიზისმა სიბნელე წარმოშვა და მინდოდა გამომეხატა ის, რისი გადატანაც მომიხდა, რათა ამ სიბნელეში ხელოვნების ნიმუში შემექმნა,  – ამბობს თამარა კვესიტაძე, – ადრინდელ ვერსიაში ჩიტებს ლურჯ ფონზე უნდა ეფრინათ, თუმცა შავ-თეთრი პალიტრა ძალიან რეალურია. პროექტი დავასრულე მაშინ, როდესაც კარანტინი შემსუბუქდა”.

ნამუშევრის ნამდვილი მნიშვნელობა ინტერპრეტაციის საკითხია, მაგრამ მას უნივერსალური მესიჯი აქვს. 

”ყველას რაღაცის ეშინია, – ამბობს თამარა. – მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა დავამუშაოთ ჩვენი შიშები, მივიღოთ და დავწვათ. მინდა, ეს ნაკლებად მტკივნეული და საშიში იყოს, სწორედ ამიტომ ამ ნამუშევარში ყველაფერი სიბნელით იწყება და სინათლით მთავრდება”. 

თამარა კვესიტაძე 1968 წელს დაიბადა თბილისში. ის ცნობილი კინეტიკური ქანდაკებებით გახდა. ხელოვანი  უამრავ გამოფენაში მ მონაწილეობდა,  მათ შორის – 2007 და 2011 წლების ვენეციის ბიენალეზე. კვესიტაძის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ საფრანგეთის, აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ვიეტნამის, ჩინეთისა და საქართველოს საჯარო და კერძო კოლექციებში. 2018 წელს თამარა კვესიტაძეს ვირტუალური გამოფენა ჰქონდა Google Arts and Culture-ს  ონლაინ პლატფორმაზე, სადაც  მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები და არქივებია თავმოყრილი. 

ორიგინალი: https://www.artatberlin.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.